„სარაჯიშვილმა“ მომხმარებლებს კლასიკური ხაზის ახალი პროდუქტი წარუდგინა. როგორც კომპანიაში ამბობენ, VSOP Black განსაკუთრებულ საცავში დაძველებული, მკვეთრი და რბილი გემოების ნაზავით მიღებული სასმელია.
„VSOP Black“ მუხის კასრში დაყოვნებული, მუქი ქარვისფერი სითხეა. სასმელს, სპეციალური, შავი ფერის ბოთლი საიმედოდ იცავს მზის სხივებისგან. საგანგებოდ შერჩეული, ქართული ჯიშების ყურძნისგან მიღებული, განსაკუთრებულ საცავში დაცული სპირტების თაიგული, რომელთაგან უძველესი 12 წლისაა“.
კომპანიამ, „სარაჯიშვილი VSOP Black სპეციალურ საღამოზე წარადგინა.
„ ეს განსაკუთრებული პროდუქტია, განსხვავებული და ძალიან გემრიელი დასალევი. იცით, რომ „სარაჯიშვილი“ ტრადიციული ბრენდია, მაგრამ ჩვენ მუდმივად ფეხს ვუწყობთ სიახლეებს. VSOP Black თანამედროვე ბაზრისთვის იდეალური პროდუქტია. ახალი ბრენდი არის მათთვის, ვისაც უყვარს მწვერვალების დაპყრობა, ისევე, როგორც ჩვენს კომპანიას“, – აღნიშნა „სარაჯიშვილის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ზურაბ ბუბუტეიშვილმა.
ღონისძიებაზე VSOP Black საკმაოდ პომპეზურად გამოჩნდა.
ბოთლის დიზაინი, კომპანიის ბრენდ დირექტორმა არჩილ გოგელიამ შექმნა. როგორც „სარაჯიშვილის“ მთავარი ტექნოლოგი, დავით აბზიანიძე ამბობს, განგებ შეარჩიეს შავი ბოთლი, რადგან, სითხე დაცულია მზის სხივებისაგან და შესაბამისად, დაძველების შიდა პროცესები ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობს.
მისივე თქმით, ფერად სითხეებს არ უყვარს მზის სხივი, ამიტომ, სასმელის დასაძველებლად, ის საცავი შეარჩიეს, სადაც მხოლოდ განსაკუთრებულ ნიმუშები ინახება.
„ახალი პროდუქტისთვის სპეციალურად შევარჩიეთ საცავი, რომელიც მიწის ზედა მხარეს მდებარეობს და არის დაბალი ტენიანობა და სითბო, რაც დიდი დანაკარგის მიუხედავად, სპირტის ინტენსიური დაძველების პროცესს იწვევს. სწორედ ეს სძენს სასმელს იშვიათ არომატს, სადაც ხილის ჩირის, შავი ქლიავის, დარიჩინისა და ვანილის მსუბუქ ნოტებს ამოიკითხავთ“.
საღამოზე მიწვეულ სტუმრებს, შესაძლებლობა ჰქონდათ, VSOP Black დაეგემოვნებინათ და ახალი ბრენდი ახლოს გაეცნოთ.
ახალი პროდუქტი, ამ ეტაპზე, მხოლოდ კომპანიის კორპორატიული კლიენტებისა და ერთგული მომხმარებლებისთვისაა ხელმისაწვდომი. იანვრიდან კი, სავაჭრო ობიექტებში გამოჩნდება და მისი ფასი 90-დან 100 ლარამდე იქნება.