in

„ვსწავლობთ ერთად“ – მშობლების მხარდამჭერი ონლაინ რესურსი ბავშვთა ფსიქოლოგებისგან

დასაწყისშივე უნდა ითქვას, რომ საქართველოში, ბავშვთა ფსიქოლოგებმა მშობლების დახმარების ახალი, დისტანციური გზა იპოვეს. გვაქვს ფუფუნება, გავეცნოთ პროფესიონალების მიერ, ქართულ ენაზე მომზადებულ ონლაინ რესურსს, რომელიც ზრუნავს, რომ იზოლაციის პირობებში, არ შეფერხდეს ჩვენი ბავშვის და სხვათა შორის, ჩვენი განვითარებაც. დასაწყისშივე უნდა ითქვას ისიც, რომ სამწუთიან ვიდეორგოლებში, რომელსაც რესურსი სახელად „ვსწავლობთ ერთად“ გვთავაზობს, ვხვდებით არა მხოლოდ აქტივობების/თამაშების სწავლებას, არამედ იმის ახსნაც, თუ კონკრეტული ქმედებით, რა შემეცნებითი, თუ აკადემიური უნარის განვითარებას შეგვიძლია მივაღწიოთ. ანუ, აქ ვპოულობთ პასუხს კითხვაზე – რა გავაკეთო იმისათვის, რომ იზოლაციის პირობებში, ჩემი შვილის განვითარების პროცესი არ შეფერხდეს და მეორე მხრივ – რა შედეგი მოჰყვება კონკრეტულ აქტივობას, რომელზეც ვიდეოში მიმითითეს?

„ძალიან ბევრ ალტერნატივას შორის, „ვსწავლობთ ერთად“ სახელად იმიტომ შევარჩიეთ, რომ ცხადია, ამ ვიდეოებით ვცდილობთ მშობლებს რაღაც ვასწავლოთ, მერე ისინი ბავშვებს გადასცემენ ამ ცოდნას, თუმცა, იმისათვის, რომ ხარისხიანი პროდუქტი შევქმნათ, ჩვენც გვიწევს სწავლა. ვფიქრობთ, რომ ამ ფრაზაში კარგად ჩანს სწავლის არსი. როცა ერთი ადამიანი მეორეს ასწავლის, ამ დროს თვითონაც ბევრ ახალ რამეს ცდის. ჩვენ, მშობლები და ბავშვები – ერთი პროცესის „სწავლის“ ნაწილი ვართ“, – გვიყვება ლიკა ქურციკიძე, ბავშვთა ფსიქოლოგი და „ვსწავლობთ ერთადის“ თანადამფუძნებელი.

ლიკა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ადრეული განათლების სპეციალისტია, ასევე მასწავლებლის სახლის ტრენერი. მისი თანამოაზრე და პროფესიული პარტნიორი – შოკო ტყეშელაშვილი კი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, მულტიდისციპლინური გუნდის წევრი. როგორც „ვსწავლობთ ერთადის“ შემქმნელები ამბობენ, მათი გამოცდილება ფარავს როგორც ადრეული განვითარებისა და განათლების მიმართულებას, ასევე სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებთან მუშაობასაც.

M: რა წინაპირობა ჰქონდა „ვსწავლობთ ერთადის“ შექმნას?
მე და შოკო ერთად ვსწავლობდით ფსიქოლოგიას ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურებზე. პირველი ერთობლივი სამსახურის შემდეგ მივხვდი, რომ ჩემთვის შოკო მეგობრის გარდა, საუკეთესო თანამშრომელი იყო და საქმის ერთად კეთება კარგად გამოგვდიოდა.  თანდათან ჩვენი პროფესიული გამოცდილება სულ უფრო გამრავალფეროვნდა. ყოველთვის გვქონდა იმის სურვილი და მზაობა, რომ ერთობლივი პროექტი შეგვექმნა, თუმცა, გვიჭირდა დროისა და ძალისხმევის გამონახვა. ახლა, პანდემიის პირობებში შექმნილი ეს სიტუაცია – იზოლაცია და ბევრი თავისუფალი დრო, იდეალური შესაძლებლობა გამოდგა იმისათვის, რომ ჩვენს იდეებს მივბრუნებოდით. ამასთან, სწორედ ახლა დავინახეთ ჩვენი პროექტის განსაკუთრებული საჭიროება. აქამდე ეს ასე მძაფრად არ გვიგრძვნია. თან ვიცოდით, რომ ჩვენი გამოცდილება დაგვეხმარებოდა იმაში, რომ გვესწავლებინა მშობლებისთვის ის, რაც მთელი ამ 10 წლის განმავლობაში ჩვენ ვისწავლეთ ჩვენი პროფესიიდან და საქმიანობიდან გამომდინარე.

M: რატომ სჭირდებათ, განსაკუთრებით, იზოლაციის პირობებში, ბავშვებსა და მშობლებს თქვენ მიერ შექმნილი რესურსით სარგებლობა?
რეალურად, მთავარი არის ის, რომ ამ სიტუაციამ ბავშვები ჩამოაშორა მათ ყოველდღიურ, რუტინულ ცხოვრებას, როგორიცაა სკოლა, ბაღი, სხვადასხვა საგანმანათლებლო წრე. სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვები თერაპიას ვერ იღებენ, ვერ დადიან შესაბამის ცენტრებში. მათ უწევთ მთელი დღის სახლში გატარება. ერთი მხრივ, მიუხედავად ამ მდგომარეობისა, მნიშვნელოვანია ბავშვების განვითარება და სწავლების პროცესი უწყვეტად გაგრძელდეს. მეორე მხრივ, მშობლებს, რადგან მეტი პასუხისმგებლობა აქვთ ახლა, რომ რიგ შემთხვევებში შეასრულონ საგანმანათლებლო დაწესებულების ფუნქცია, უფრო მეტი ინფორმაცია სჭირდებათ, იმისათვის რომ იცოდნენ რა, როგორ და რატომ გააკეთონ.

M: მშობლებისთვის ფუფუნებაა, ალბათ, „იუთუბერები“ რომ ხდებიან ბავშვთა ფსიქოლოგები. რა ტენდენციები შეიმჩნევა ბავშვთა განვითარებაზე ორიენტირებული კონტენტის კუთხით, თუნდაც, YouTube-ზე და რა უპირატესობა აქვს თქვენ მიერ მომზადებულ რესურსს?
მართალია, ინტერნეტი მშობელთა უმეტესობისთვის ხელმისაწვდომია და აქ უამრავი მასალის პოვნა შეიძლება, რომელიც ბავშვის განვითარებას, აქტივობებს, სწავლების სტრატეგიებს, სხვადასხვა საინტერესო თემას ეხება, მაგრამ მათი შინაარსი, ძირითადად, უცხო ენაზეა გადმოცემული. ზოგი მშობლისთვის ენობრივი ბარიერი არსებობს. სხვა მხრივ, შეხვდებით ისეთ ვიდეოებსაც, სადაც მოსმენა მნიშვნელოვანი არაა, მოძრაობები უნდა გაიმეორო. მათთან შედარებით, ვფიქრობ, ჩვენი ვიდეოების უპირატესობა არის ის, რომ ახსნილია დეტალურად რატომ ვაკეთებთ ამ ყველაფერს. შეიძლება, მშობელი რომ ნახავს გაუკვირდეს კიდეც, როგორ შეიძლება ზოგმა პატარა აქტივობამ ბავშვში ამდენი უნარი განავითაროს. კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს, რომ ინტერნეტში და კონკრეტულად YouTube-ზეც, ბავშვთა აქტივობების ბევრ ვიდეოს ნახავთ, ზოგიერთს ჩვენც ვიყენებთ,  მაგრამ ისეთი, სადაც გაიგებ თითოეული აქტივობის უკან რა იმალება – თითქმის არ არსებობს. ჯერჯერობით არ შეგვხვედრია ისეთი ქართულენოვანი რესურსი, რომელიც ერთდროულად ორ ფუნქციას ასრულებს – ეუბნება მშობელს რა გააკეთოს და მეორე – რატომ გააკეთოს.

M: ამ ეტაპზე, რა უნარების განვითარებაზე ხართ ორიენტირებული, „ვსწავლობთ ერთადის“ ვიდეოთა ციკლის ფარგლებში?
ორიენტირებულები ვართ შემეცნებითი და აკადემიური უნარების განვითარებაზე. შემეცნებითში ვგულისხმობ – აღქმას, ყურადღებას, აზროვნებას, მეხსიერებას. აკადემიურში კი – წერას, კითხვასა და მათემატიკას. პლუს, ყოველთვის ვხსნით ვიდეოებში, კონკრეტული აქტივობა თუ ვიზუალურ-სივრცით უნარებს ავითარებს, თავად ვიზუალურ-სივრცითი უნარი რას ნიშნავს. ვცდილობთ, რომ ყველასთვის გასაგებად და თვალსაჩინოდ გადმოვცეთ.  ვფიქრობთ, ჩვენი პროექტი მშობლების ცნობიერების ამაღლების კუთხითაც მნიშვნელოვანია და ვცდილობთ, ჩვენი არხი იმ მშობლებისთვისაც იყოს მხარდამჭერი, რომლებსაც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები ჰყავთ და სხვადასხვა უნარების განვითარებაში სჭირდებათ  ხელშეწყობა.

M: გაქვთ თუ არა განსაზღვრული ასაკობრივი კატეგორია ვიდეოებისთვის? როგორ უნდა ორიენტირდეს მშობელი თქვენს ვიდეორესურსში, რომ მისთვის და მისი შვილისთვის შესაბამისი აქტივობა იპოვოს?
ჯერჯერობით არც ერთ ვიდეოში არ გვაქვს ასაკი მითითებული. ვცდილობთ, რომ ვიდეოში აქტივობის სხვადასხვა სირთულე შევთავაზოთ მშობელს, რაც იმის შესაძლებლობას აძლევს რომ მოარგოს თავის შვილს კონკრეტული აქტივობა. თან თამაში მზა რეცეპტი ვერ იქნება, კონკრეტული ბავშვის ინტერესებთან მორგება მნიშვნელოვანია. ამისთვის, ვიდეოში პატარა მინიშნებებს ვუკეთებთ მშობლებს როგორ შეუძლიათ თამაშის მოდიფიცირება.

M: რას გეგმავთ სამომავლოდ? როგორ განვითარდება „ვსწავლობთ ერთად“?
ვგეგმავთ, რომ ჩვენი ვიდეოების შინაარსი გავაფართოვოთ, მაგალითაც სკოლამდელი ასაკის ბავშვების გარდა, ისეთი აქტივობები და თამაშებიც შევთავაზოთ მშობელს, რომელიც მაგალითად მოზარდებს დააინტერესებთ. გარდა ამისა, ვაპირებთ, ჩავწეროთ საინფორმაციო ვიდეოებიც, რომელიც ბავშვის განვითარების სხვადასხვა საკითხთან იქნება დაკავშირებული, ასევე ვიდეოების გარდა მშობლებს შევთავაზებთ ჩვენ მიერ შექმნილ სხვა ფორმატის რესურსს, მაგალითად სავარჯიშოებს, რომელიც ვიზუალურად ძალიან მომხიბვლელია და მშობელს შეუძლია ამობეჭდოს და სხვადასხვა აკადემიური უნარების განვითარებისთვის გამოიყენოს.

#თიბისიშენთვის ფარგლებში, ახალი თაობის მხარდაჭერა გრძელდება – თიბისის სტიპენდიატების პროგრამას, წელს, 68 მოზარდი შეუერთდა

ვინ და როგორ მიიღებს კომპენსაციებს და საგადასახადო შეღავათებს?!