13
ნოე
2017

„თედოს და ნუცას მუსიკალური თავგადასავალი“ – ბარათებად დაბეჭდილი წიგნი სკოლამდელი განათლებისთვის

13 ნოე 2017

ბავშვთა შემეცნებითი პოტენციალის გაზრდის ხელშეწყობა, ცხოვრების ადრეულ ეტაპზე, უმნიშვნელოვანესია მათი შესაძლებლობების მაქსიმალური განვითარებისათვის. ამ პროცესებში კი არათუ სახელმწიფოსა და კერძო უწყებების, არამედ საზოგადოების ჩართულობა და მხარდაჭერაა აუცილებელი. ინკლუზიური განათლების სპეციალისტ თამარ ლორიას ინიციატივით, რომელიც ამჟამად, ოსლოში ცხოვრობს და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა განათლების ასოციაციაში მუშაობს, შეიქმნა არაკომერციული პროექტი – „თედოს და ნუცას მუსიკალური თავგადასავალი“ – ბარათებად დაბეჭდილი ქართული, მუსიკალური წიგნი, რომელიც მუსიკისა და ილუსტრაციების დახმარებით, ხელს შეუწყობს ბავშვებს განვითარების პროცესში, კერძოდ კი, სხეულის აღქმაში, ემოციების ამოცნობაში, ჰიგიენის, თვითმოვლის, ჯანსაღი კვებისა და ბევრი სხვა უნარის განვითარებაში.

BOG PLUS

 „მე, მუსიკოსი ლიკა შუბითიძე, ლიკას მეუღლე, ასევე, მუსიკოსი აჩიკო გეგეჭკორი, რომელმაც არანჟირება გაუკეთა თედოს და ნუცას სიმღერებს და მხატვარ-დიზაინერი ანა ბიჩინაშვილი ერთი წლის განმავლობაში ასე საქართველოს, ნორვეგიასა და ამერიკას შორის, სკაიპით ვკონტაქტობდით და სწორედ ასეთი მუშაობის შედეგად შეიქმნა „ვსწავლობთ სიმღერ-სიმღერით – თედოს და ნუცას მუსიკალური თავგადასავალი“. დაბეჭდილი მუსიკალური წიგნი გამომცემლობა „წიგნიერებამ“ გამოსცა, რომელიც ასევე, ჩემი მეგობრის, ნორვეგიაში მცხოვრები ქართველის, მარიამ ნოდიას დაარსებულია საქართველოში“, – თამარ ლორია.

მარკეტერი თამარ ლორიას ესაუბრა ქართული, მუსიკალურ ბარათებად დაბეჭდილი მუსიკალური წიგნის შექმნის მოტივზე, მის საბაზრო ღირებულებაზე, ბარათების თემატიკასა და სამომავლო გეგმებზე:

M:
როგორ გაჩნდა ბარათებად დაბეჭდილი ქართული, მუსიკალური წიგნის შექმნის იდეა?

მუსიკალური, ბარათებად დაბეჭდილი ქართული წიგნის შექმნის იდეა ნორვეგიაში დაიბადა. ინსპირაცია ჩემი შვილი, ახლა უკვე 3 წლის თედო ლორია-ქიარია. ერთი დღე თედოსთან ერთად ბაღში გატარებით დავრწმუნდი, თუ რამხელა მნიშვნელობა ჰქონდა ბავშვებისთვის ბარათებად დაბეჭდილ მუსიკალურ წიგნებს. იმდენად დიდი იყო ქართული, ბარათებად დაბეჭდილი წიგნის შექმნის ინტერესი, რომ დაფინანსების მოძიება არც კი მიცდია და ჩემი დანაზოგი თანხა გადავდე ამ საქმისთვის.

სწორედ ამ პერიოდში დაემთხვა ჩემი მუშაობა საქართველოს ბაღების განვითარების პროგრამაში, რომლის ფარგლებშიც, არაერთ საბავშვო ბაღში მომიწია ყოფნა და აქტივობებზე დაკვირვება. სამწუხაროდ, საქართველოს საბავშვო ბაღებში მუსიკა არ არის ინტეგრირებული ბავშვების ყოველდღიურ აქტივობებში. დილის წრის შეხვედრა ხშირ შემთვევაში თეორიული ხასიათის არის, ილუსტრაციების, მუსიკის ნაკლებობაა. სწორედ ამ გამოცდილებამ განაპირობა ქართული მუსიკალური ბარათებად დაბეჭდილი წიგნი შექმნის იდეა.

M:
 რა თემებს მოიცავს ილუსტრირებული ბარათები და რა სეგმენტზეა მორგებული?

სიმღერების და ილუსტრაციების თემატიკები ეფუძნება სკოლამდელი ასაკის ბავშვების ინტერესებს. ასევე, შესაბამისობაშია საბავშვო ბაღებში არსებულ სასწავლო-სააღმზრდელო პროგრამასთან. თემები შემდეგი სახის არის:

  • ჩემი სხეული – სხეულის ნაწილები, თითები;
  • ჰიგიენა და ჯანსაღი კვება- ხელების დაბანა, ბანაობა, კბილების გამოხეხვა, ხილი და ბოსტნეული;
  • ცხოველები და ფრინველები – შინაური ცხოველები, გარეული ცხოველები, ფრინველები;
  • ტრანსპორტი;
  • პროფესიები;
  • ბუნება და გარემო – ცისარტყელის ფერები, მზე და მთვარე, წელიწადის დროები, წელიწადის დროებთან შესაბამისი ტანსაცმელი. 

M: რისგან შედგება წიგნი, რა არის მისი საბაზრო ღირებულება და როგორ ხდება მისი რეალიზება?
„თედოს და ნუცას მუსიკალური თავგადასავალის“ ღირებულება არის 35 ლარი. წიგნი შედგება 20 ილუსტრირებული ბარათისგან. ბარათის ერთ მხარეს ილუსტრაცია, მეორე მხარეს კი სიმღერის ტექსტი და მოძრაობებია აღწერილი. მოჰყვება, ასევე, ერთი დამატებითი ბარათი – სახელმძღვანელოდ. ბარათები ძალიან მაღალი ხარისხის არის, მყარია, ადვილად არ ზიანდება და ზომაც ისე არის შერჩეული, რომ ბავშვებს ბარათის ხელში მანიპულაცია არ გაუჭირდეთ. რა თქმა უნდა, წიგნს მოჰყვება მუსიკალური დისკი, სადაც 20 სიმღერაა ჩაწერილი. შეკვეთებს, ძირითადად, მეილით [email protected] ვიღებთ და ჩვენს კურიერს მიაქვს.

M: „თედოს და ნუცას მუსიკალური თავგადასავალი“ თუ გაგრძელდება?
სამომავლოდ, ვფიქრობთ ახალი თემატიკები შემოვიტანოთ და გავაგრძელოთ ბარათებად დაბეჭდილი მუსიკალური წიგნების შექმნა. ვფიქრობთ, ასევე ანიმაციურ ფილმებზე.

განხილვა