„ვახარებთ მთელი საქართველოს ვენახს და ვფიქრობთ, რომ თუ საქართველოში ვენახის მოსავალი 8000 წლის განმავლობაში მოსულა, ვაზის დარგვისა და გახარების თანამედროვე გზებიც სწორედ აქ მოსულაო“, – თქვეს ერთი იდეის გარშემო გაერთიანებულმა მეღვინეებმა, მევენახეებმა, დიზაინერებმა, პროგრამისტებმა, გარემოზე მზრუნველებმა და სწორედ აქ გადაწყდა: რევოლუცია, ღვინის ინდუსტრიაში, სწორედ საქართველოდან უნდა დაიწყოს!
იდეა კახეთში, რთველის დროს, ბაჩო ხაჩიძესა და მის მეგობარ ილოს (ილია დათუნაშვილი) დაებადათ, რომელიც ერთი წინადადებით ასე გადმოსცეს: „გაახარე ვაზი საქართველოს ტერიტორიაზე შენი, ან შენი მეგობრის სახელზე და ყოველწლიურად მიიღე 1 ბოთლი ღვინო საკუთარი ვენახიდან“. ამ იდეით ანთებულებმა, უამრავი პროექტისა და მათ შორის, უკვე გლობალურ სტარტაპ „ტრიპექსის“ ავტორებმა „ლივინგსტონს“ მიაკითხეს. თავის მხრივ კი, სააგენტო ბიზნესიდეით იმდენად დაინტერესდა, რომ თანამშრომლობა სტანდარტული ურთიერთობის ფორმატს გაცდა და ბიზნესპარტნიორობად ჩამოყალიბდა.
როდესაც ბაჩო ჩვენთან მოვიდა და იდეა გაგვიზიარა, ყველა ენთუზიაზმით განვეწყვეთ. თავდაპირველი ამოცანა არსებული ბრენდისთვის საახალწლო კამპანიის შექმნა იყო, თუმცა ყველა ვხვდებოდით, რომ იმ მომენტში ბრენდის სახე და გამოცდილება არ იყო ისეთი ძლიერი, რისი პოტენციალიც მას ჰქონდა. ამიტომ, გადავწყვიტეთ, ჩვენი რესურსი არა მხოლოდ ერთ კამპანიაში, არამედ ბრენდის შექმნაში ჩაგვედო. ისე გამოვიდა, რომ „ლივინგსტონის“ თითქმის მთელმა გუნდმა იმუშავა ბრენდის სტრატეგიაზე, ბრენდის სახელზე, ვიზუალურ იდენტობაზე, ვებსაიტზე… ახლა კი, ყოველდღიურ რეჟიმში ვმართავთ კომუნიკაციას სოციალურ მედიაში და მომდევნო ნაბიჯებს ვგეგმავთ, – მარიკა ხანთაძე.
ამგვარად, იდეა ტრანსფორმირდა პლატფორმად – VVINE – პირველი ონლაინ მევენახეობა, ანუ მევენახეობის 2.0 ვერსია ციფრულ ეპოქაში.
„ვივაინის“ მთავარი იდეა ტრადიციების გადააზრება და ახალი თაობის საუკუნოვან ღირებულებებთან დაკავშირებაა. ჩვენ გვჯერა, რომ ყველაზე ახლისა და ყველაზე ძველის სინთეზით, რაღაც ძალიან მნიშვნელოვანით შევამკობთ ჩვენს ისტორიას. ბრენდის მისია ვაზის კულტურის პოპულარიზაციაა. დღესდღეობით, საქართველოში ყურადღების ცენტრში ღვინოა და ხშირად გვავიწყდება, რომ ამ კულტურის ამოსავალი წერტილი ვაზია. სწორედ ამიტომ, ჩვენი მთავარი პროდუქტი ვაზის მოვლა და გახარება, ადამიანებისთვის კი იმ შესაძლებლობის მიცემაა, რომელსაც ვაზის დისტანციურად ყოლა ჰქვია, – ბაჩო ხაჩიძე.
როგორ მუშაობს VVINE?
ქცევის, ანუ ზმნის ფორმის ასახსნელად, რომელიც გამოხატავს, თუ როგორია პირებს შორის კუთვნილებით-დანიშნულებითი ურთიერთობა და რომელსაც სამი სახე აქვს: სათავისო, სასხვისო და საარვისო, VVINE-ის პლატფორმა საუკეთესო მაგალითად გამოდგება: გაიხარე ვაზი შენთვის, გაუხარე მეგობარს ან გაახარე იშვიათი ჯიში.
ქცევის სახის გარკვევის შემდეგ კი, შესაძლებლობების მთელ ჯაჭვში ებმები:
- უთითებ რეგიონს, სადაც გინდა, რომ შენი ვაზი დაირგოს (ჯერჯერობით, მხოლოდ კახეთის არჩევაა შესაძლებელი, თუმცა, ეტაპობრივად, სხვა რეგიონებიც დაემატება);
- ირჩევ სასურველი ვაზის ჯიშს, მათ შორის, გადაშენების პირას მყოფ ჯიშსაც (მაგალითად, ხიხვი და მალე შავკაპიტოც დაემატება);
- სასურველი ვაზის არჩევის შემდეგ, ვებგვერდი მომენტალურად აგენერირებს ღვინის შესაბამის სახეობას, რომელსაც მითითებულ მისამართზე გამოგიგზავნიან;
- შემდეგი ნაბიჯი ეტიკეტის არჩევაა (სტანდარტულის გარდა, ქართველი არტისტების მიერ შექმნილი ეტიკეტების არჩევაც შესაძლებელია… ასევე, ეტიკეტზე საკუთარი ან მეგობრის სახელის დატანაც შეიძლება);
- რაც შეეხება ბოთლის შეფუთვას, სტანდარტული შესაფუთი ქაღალდის გარდა, ინტერაქტიული ყუთის არჩევაც შესაძლებელია, რომელზეც ვაზის გაზრდის ფაზებია დატანილი.
პროდუქტის მრავალფეროვნებისთვის და იმის გამო, რომ „ვივაინის“ მომხმარებლისთვის პერსონალიზებული ეტიკეტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, გადავწყვიტეთ, პროექტში ქართველი არტისტები ჩავრთოთ. ამ ეტაპზე, საიტზე სტანდარტული ეტიკეტის გარდა, გიორგი პოპიაშვილის მიერ შექმნილი ეტიკეტების არჩევაცაა შესაძლებელი. სწორედ მასთან საინტერესო სამუშაო პროცესის დროს დაგვებადა იდეა, რომ სხვა ქართველ არტისტებსაც მივცეთ შესაძლებლობა, VVINE-ისთვის ეტიკეტები შექმნან. ერთი მხრივ, VVINE მათთვის აუდიტორიასთან საკომუნიკაციო პლატფორმა, მეორე მხრივ კი – ონლაინ გაყიდვების არხი იქნება, რადგან თითოეული ეტიკეტიდან შემოსავალს მიიღებენ.
შეკვეთის დასრულების შემდეგ, ელექტრონულ ფოსტაზე შენ მიერ გახარებული ვაზის პასპორტი გეგზავნება – ფოტოთი და ვაზის ნომრით. შეკვეთის დასრულებიდან, მაქსიმუმ, 5 დღეში კი, მითითებულ მისამართზე შენი სახელობის ერთ ბოთლ ღვინოს მიიღებ.
როგორ გავხდე ონლაინ მევენახე?
ონლაინ მევენახის სტატუსი ყოველწლიურ გამომწერად გახდომის შემთხვევაში მოგენიჭება. ანუ, წლიდან წლამდე, საკუთარი სახელობის ვაზს გაახარებ, რომელსაც VVINE-ის გუნდი მოუვლის და წელიწადში ერთხელ, საკუთარი ვაზის ძირიდან დაწურულ ღვინოსაც გამოგიგზავნის.
VVINE მხოლოდ ინდივიდუალურ პირებზე ორიენტირებული არაა და კომპანიებსაც მისცემს საკუთარი ვენახის ქონის შესაძლებლობას. თითოეული დარგული ვაზის სანაცვლოდ კი, კომპანიის თანამშრომლები, ერთგული კლიენტები ან ბიზნესპარტნიორები, ყოველწლიურად, ერთ ბოთლ პერსონალურ, სახელობით ღვინოს მიიღებენ.
გარდა ამისა, კორპორატიული შემოთავაზების ფარგლებში, შესაძლებელი იქნება შემოდგომაზე რთველში მონაწილეობა, მარტში ვაზის დარგვა, ხოლო სხვა პერიოდებში – კახეთში ვიზიტი, ღვინის დაგემოვნება და გუნდური აქტივობები.
ბიზნესპარტნიორები ფიქრობენ, რომ პროექტის ფარგლებში, ყველაზე დიდი გამოწვევა გამბედაობა იყო, რომელსაც ერთი მხრივ, თვითონ იდეა განსაზღვრავს, მეორე მხრივ კი, სააგენტოს გადაწყვეტილება – ბიზნესში კრეატიული რესურსის ინვესტირება.
თავად ავტორები ფიქრობენ, რომ VVINE, ცალსახად, გლობალური პოტენციალის მქონე სტარტაპია. შესაბამისად, საქართველოს გარდა, განვითარებას ევროპაშიც გეგმავენ.მანამდე კი, ვისაც აქ სჯერა, რომ მევენახეობის ინდუსტრიაში რევოლუცია საქართველოდან უნდა დაიწყოს, ციფრულ გადატრიალებაში მონაწილეობისთვის საუკეთესო დროა.
VVINE Credits:
Client: VVine
Agency: Leavingstone
CREATIVE TEAM:
Creative Chairman: Levan Lepsveridze
Creative Director: Pavle Gabritchidze
Art Director : Sophia Antidze
Copywriter: Salomé Zhvania, Sonya Gulagashvili
Design Director: Kakha Kakhadze
Designer: Dato Maskhuridze, Dato Dreiling
3D Artist – George Korganov
Junior Designer: Zura Mchedlishvili
Account Director: Eko Chubinidze
Account Manager: Marika Khantadze
Strategy Director: Nino Kuprashvili
Strategist: Acho Chichiladze, Salome Dolidze, Mziko Lapiashvili
Visual Content:
Concept Artist & Animator- Noshre Darakhvelidze
3D Artist – Saba Kavtaradze
Retouching – Abesalom Kavelashvili
DIGITAL TEAM:
Digital Strategist – Elene Danelia
Social Media Manager – Nino Bitsadze
Designer – Elene Apciauri, Tatia Gugenishvili
Copywriter – Sonya Gulagashvili
Head of Digital Advertising – Andro Bortsvadze
Art Director – Nanka Baghaturia
Designer – Elene apciauri
WEB TEAM:
Web Team Head – Ilia Chanchaleishvili
Web Project Manager – Sali Kerkadze
Art Director / Designer – Nino Lekveishvili
Web Developers – Dato Abramishvili, Dato Kuzanashvili, Oto Zabakhidze, Beka Khomeriki,Bachana Papunashvili.
Special Thanks to Giorgi Popiashvili for wine label design.
ავტორი: თიკა გეგენავა