in ,

იაპონური ფილოსოფია Wabi-Sabi, რომელიც TikTok-ზე სილამაზის სტანდარტებს ეხმაურება

თუ ოდესმე გიფიქრიათ, რა შეიძლება აერთიანებდეს არასწორად ამოსულ კბილებს, ღიმილის დროს გამოჩენილ სიცარიელეს, ხალებსა თუ დაბადებიდან თანდაყოლილ ლაქებს, TikTok-ს ამაზე პასუხი აქვს: ეს ყველაფერი „ვაბი-საბია“. პლატფორმაზე პოპულარობას იკრებს ახალი ტრენდი, სადაც მომხმარებლები თავიანთ ნაკლოვანებებსა თუ თავისებურებებს სწორედ ამ ტერმინით აღნიშნავენ.

ეს ტერმინი სუშის ცნობილ დანამატში არ აგერიოთ. ვაბი-საბი იაპონური ესთეტიკური ფილოსოფიაა, რომელიც სილამაზეს სწორედ არასრულყოფილებასა და დაბერების ბუნებრივ პროცესში ხედავს. თანამედროვე ეპოქაში, როცა „პრევენციული ფეისლიფტინგი“ ნორმად იქცა და სილამაზის სტანდარტები სულ უფრო არარეალისტური ხდება, ეს მიდგომა ბევრისთვის საჭირო სიახლეა. იაპონური კონცეფცია ზეიმობს დროის სვლას და ბუნებრივ ცვეთას, იქნება ეს გაცვეთილი საფეხური, გატეხილი ჭიქა თუ ნაოჭები სახეზე.

ტრენდის ვირუსულობა ანიმაციური სერიალის, „მთის მეფის“ (King of the Hill) აუდიომ განაპირობა, რომელმაც პლატფორმაზე თითქმის ნახევარი მილიონი ვიდეო მოიცვა. ერთ-ერთ ეპიზოდში სერიალის პერსონაჟი, ბობი ჰილი ვარდს იღებს და აღნიშნავს, რომ მოსწონს მისი არასტანდარტული, ოდნავ გადახრილი ფორმა, რადგან მასში „ვაბი-საბის“ ხედავს. სწორედ ეს მიდგომა აიტაცეს მომხმარებლებმა, რომლებიც ახლა უკვე საკუთარ კეხიან ცხვირებსა თუ არასწორ კბილებს ახალი, პოზიტიური კუთხით წარმოაჩენენ.

როგორც ხშირად ხდება ხოლმე, TikTok-ზე გავრცელებისას თავდაპირველი ფილოსოფიური სიღრმის ნაწილი დაიკარგა, თუმცა ესთეტიკური მიკროტრენდებისა და სრულყოფილების დევნის ეპოქაში ინდივიდუალიზმის წახალისება მაინც წინ გადადგმული ნაბიჯია. ჯერ კიდევ 2019 წელს The New Yorker-მა „ინსტაგრამის სახის“ ეპოქა გამოაცხადა, ექვსი წლის შემდეგ კი Dazed-მა დაწერა, რომ უკვე „TikTok-ის სახის“ დროა. როგორც მწერალი ჯესიკა დეფინო აღნიშნავს, ჩვენი კოლექტიური ცნობიერება „ესთეტიკურმა ინფლაციამ“ მოიცვა – პროცესმა, როცა ექსტრემალური კოსმეტიკური ჩარევები დროთა განმავლობაში ნორმად იქცევა.

ბოლო პერიოდის სათაურები, რომლებიც 28 წლის ასაკში გაკეთებულ კორექციებს თუ სხეულის რადიკალურ კორექციებს ეხება, კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რა მასშტაბებს მიაღწია ვიზუალური სრულყოფილების დევნამ. ეს არის ერთგვარი ჩაკეტილი წრე, რომელიც გავლენას ახდენს ჩვენს ოფლაინ რეალობაზეც – კვლევებიც ადასტურებს პირდაპირ კავშირს ონლაინ გატარებულ დროსა და პლასტიკური ოპერაციის გაკეთების სურვილს შორის. ამიტომ, თუ გეჩვენებათ, რომ სოციალურ ქსელში სახეები ნელ-ნელა ერთმანეთს ემსგავსება, არ ცდებით. სწორედ ამიტომ, ალბათ ყველას არ გვაწყენდა ცოტა მეტი „ვაბი-საბის“ დაშვება და მიღება ჩვენს ყოველდღიურობაში.

წყარო: Fastcompany

როგორი იქნება OpenAI-ის AI მოწყობილობა? — პროტოტიპი მზად არის

ChatGPT კონტენტის იდეებს მეილით გამოგიგზავნით