in

„წაღმა-უკუღმა“ – დედა-შვილის ანტიალერგიული, ნაქსოვი ნაწარმი

Startauperi
Startauperi

წაღმა-უკუღმა“ ჯერ ერთი წლისაც არ არის და უკვე ნაქსოვ, ღუნღულა, ფერად და ანტიალერგიულ ტანსაცმელსა და აქსესუარებს ქმნის როგორც პატარებისთვის, ისე დიდებისთვის. სტარტაპს 25 წლის, პროფესიით სოციალური ფსიქოლოგი, ქეთევან ვეშაგური უძღვება, რომელიც „წაღმა-უკუღმას“ პარალელურად, ციფრული მარკეტინგის სააგენტოში საქმიანობს. სტარტაპის ნაწარმს ქეთევანი დედასთან ერთად ქმნის: „მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს საქსოვი მანქანები, „წაღმა-უკუღმასთვის“ ყველაფერს ვქმნით ხელით, რადგან მანქანაზე მოქსოვილი კონკრეტული „უზორი“, ხელით მოქსოვილთან შედარებით, განსხვავებული ვიზუალის მატარებელია“. რაც შეეხება კომპანიის ვიზუალურ კომუნიკაციას მიზნობრივ აუდიტორიასთან: „ფოტოებს ფირით ვიღებ, რადგან მინდა, რომ ხელნაკეთი პროდუქტივით უნიკალური იყოს და არა – დამუშავებული“, – ქეთევან ვეშაგური მარკეტერს ესაუბრა ბრენდის შექმნის მოტივაციაზე, პროდუქტის დამზადებისა და გავრცელების სპეციფიკასა და განვითარების გეგმებზე:

M: როგორ შეიქმნა „წაღმა-უკუღმა“?
ბრენდი შევქმენი დედიკოსთვის. ნაქსოვ ტანსაცმელსა და აქსესუარებზე ყოველთვის მეკითხებოდნენ, სად შევიძინე და სულ გამოთქვამდნენ სურვილს, რომ მათაც შეძლებოდათ სადმე მსგავსის შეძენა. შესაბამისად, გადავწყვიტე, რომ ეს ყველაფერი რეალობად მექცია და დედიკოსთვისაც მეჩუქებინა სივრცე და შესაძლებლობა, რომ თავისი ჰობი ბიზნესად ექცია.

M: ბრენდის სახელი როგორ შეარჩიეთ?
სახელიც ჩემი მოფიქრებულია. დაახლოებით, 6 წლის ასაკში, დედიკომ პირველად თვალის წაღმა მერე კი უკუღმა ამოყვანა მასწავლა. ასე რომ, ქსოვისა და ბიზნესის პირველი ნაბიჯები „წაღმა-უკუღმით“ დავიწყე.M: როგორ იქმნება თქვენი ნაწარმი და რას შეადგენს პროდუქტის ღირებულება?
ძირითადად, ჩვენი გემოვნებით ვქმნით პროდუქტის დიზაინს, თუმცა შეკვეთებსაც ვიღებთ (ძირითადან უცხოეთიდან). ჩვენი პროდუქტის ფასი გამომდინარეობს მასალის ხარისხისა და ხელობის სირთულის მიხედვით (ყველაფერს ხელით ვქმნით და არ ვქსოვთ საქსოვ მანქანაზე). ვცდილობთ, გვქონდეს ისეთი პროდუქტებიც, რომლებსაც „სასაჩუქრე“ ფასი ექნება და ყველა შეძლებს მის შეძენას – ასეთია, მაგალითად, „წაღმა-უკუღმას“ ერთ-ერთი პირველი პროდუქტი – ფერადი ქუდები, რომლებიც 20 ლარი ღირს და მიუხედავად იმისა, რომ მასალების ფასმა მოიმატა, წელსაც იმავე ფასად გვექნება.

M: რა სახის ტანსაცმელსა და აქსესუარებს ამზადებთ და ვინ არის თქვენი სამიზნე აუდიტორია?
თავიდან დავიწყეთ ბავშვის ტანსაცმლითა და აქსესუარებით, თუმცა მოთხოვნიდან გამომდინარე, უკვე ყველა ასაკობრივი სეგმენტისთვის ვქსოვთ. აქსესუარებშიც დიდი არჩევანი გვაქვს, განსაკუთრებით, საახალწლო სათამაშოებში (ნაძვის ხის პატარა ქუდები – სხვადასხვა დიზაინით, პატარა ფაჩუჩები და ა.შ). M: რა მასალას იყენებთ „წაღმა-უკუღმას“ პროდუქციისთვის?
ხარისხს დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ, ბავშვებისათვის მხოლოდ ბავშვის ანტიალერგიულ მასალებს ვიყენებთ, დიდებისთვის, ძირითადად, შალნარევ კოტონს. ნაქსოვ ტანსაცმელში ამას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ძაფების უმრავლესობა უხეშია და „იკბინება“.

M: რა უპირატესობა გაქვთ ბაზარზე, რატომ უნდა აგირჩიონ მომხმარებლებმა თქვენ და სად ხდება პროდუქტის რეალიზება?

1) მასალისა და ხელობის მაღალი ხარისხი;
2) ორიგინალური დიზაინი, რომელიც არ მეორდება (სლოგანიც შესაბამისი გვაქვს: „ეს ერთი და მხოლოდ შენი!“);
3) ქართულია და კარგია!
ჯერჯერობით, მხოლოდ ონლაინ ვმუშაობთ და ადგილზე მიტანის სერვისით ვემსახურებით მომხმარებელს.
M: რა მიმართულებით აპირებთ განვითარებას?
უახლოეს მომავალში ვგეგმავთ ვინტაჟური სახელოსნო-მაღაზიის გახსნას. ასევე, ბაზრის მოთხოვნიდან გამომდინარე, უკვე შევარჩიეთ რამდენიმე კადრი, რომლებსაც მალე დავასაქმებთ და ჩვენი წარმოების რაოდენობასაც გავზრდით.

„ატარე შენი სიტყვა“ „ქისით“ – 22 წლის სტუდენტის ველიურის ხელნაკეთი ჩანთები

გილოცავ შინ დაბრუნებას! – Ford-ის ვიდეორგოლი მათ, ვისაც მოძველებული მანქანის გამოცვლა ენანება