მარკეტერი წარმოგიდგენთ რუბრიკას – #შეცდომები, რომლის ფარგლებშიც, ქართველი სტარტაპერები მოჰყვებიან ბიზნესის კეთებისას/დაწყებისას დაშვებული ყველაზე დიდი და გამოცდილების თვალსაზრისით, ღირებული შეცდომ(ებ)ის შესახებ. ამ შემთხვევაში, ღუნღულა, ფერადი და ანტიალერგიულ ნაქსოვი ტანსაცმლისა და აქსესუარების ბრენდის, „წაღმა-უკუღმას“ დამფუძნებელი, ქეთევან ვეშაგური გვიზიარებს სტარტაპის გამოცდილებას:
როცა 24 წლის ხარ და მარტო იწყებ ბიზნესს, არც ისე მარტივ მოცემულობას ეჭიდები. მით უმეტეს მაშინ, როცა ამ სფეროში არანაირი გამოცდილება არ გაქვს და ყველაფრის გაკეთება თუ მოფიქრება შენთვის სრულიად ახალ გამოცდილებას უდრის.
სურვილი, შევქმნა რაღაც განსაკუთრებული, ჩემებური და ახალი – იმდენად დიდი სტიმულია ჩემთვის, რომ ყოველთვის მაძლევს იმის ძალას, გავრისკო და ვცადო. რისკი და სიახლეები აუცილებლად მოიაზრებს შეცდომებსაც, რასაც გზადაგზა უშვებ, თუმცა ამავე დროს, ძალიან ბევრ რამეს სწავლობ, იზრდები და ვითარდები.
ახლა, როცა „წაღმა-უკუღმა“ რებრენდინგის პროცესშია და შემოდგომას ძალიან დიდი სიახლეებით ვხვდებით, კიდევ უფრო ნათლად ვიაზრებ, რამდენი რამ ვისწავლე ამ პერიოდსა და პროცესში.
„წაღმა-უკუღმა“ თავისი არსით კეთილი საქმეა. რაღაც კუთხით, ადამიანებზე მზრუნველობის გამოხატულებადაც მივიჩნევ. თითოეული პროდუქტი თავიდან ბოლომდე დიდი ემოციით იქმნება და ვფიქრობ, მთავარი შეცდომა სწორედ რომ აქ არ უნდა დავუშვა არასდროს, რადგან ნაქსოვს ხასიათი, განწყობა და ემოცია ყოველთვის ემჩნევა – როგორ ხასიათზეც ქსოვ, ისეთი ემოციის მატარებელია თითოული პროდუქტიც.
საწყის ეტაპზე, რა თქმა უნდა, ბევრი რამ გეშლება, მაგრამ დღევანდელი გადმოსახედიდან გამოვყოფდი რამდენიმე მნიშვნელოვანს, რომელიც მგონია, რომ სხვა დამწყებ მეწარმეებსაც გამოადგებათ:
„წაღმა-უკუღმა“ ქართულ რეალობაში პირველი ბრენდია, რომელმაც კოლექციების სახით შექმნა ნაქსოვი აქსესუარები და სამოსი და მომხმარებელს ის ონლაინ მაღაზიის მეშვეობით შესთავაზა მაშინ, როცა ქართველი მომხმარებელი ონლაინ შოპინგს საერთოდ არ იყო მიჩვეული. მიუხედავად ამისა, ეს ნაბიჯი მაინც გადავდგი და პოზიციონირება სრულად ციფრულად დავიწყე, რამაც, რა თქმა უნდა, გაამართლა.
პანდემიამ კი ამაში კიდევ უფრო ცხადად დამარწმუნა.
როცა ბიზნესს იწყებ და ამ სფეროში არ გაქვს გარკვეული ცოდნა ან გამოცდილება, რთულია, განსაზღვრო, რომ შენი შექმნილი პროდუქტი პირველივე დღიდან ძალიან მოთხოვნადი იქნება. სწორედ ეს აღმოჩნდა პირველი დიდი შეცდომა „წაღმა-უკუღმასთვის“, რადგან ძალიან მწირი ნაწარმით გამოვჩნდით. არ ველოდი, რომ ბრენდი პირველივე დღიდან დიდ გამოხმაურებას დაიმსახურებდა და ეს გაყიდვებზეც აისახებოდა. თუმცა ისე გამოვიდა, რომ პირველივე თვეს შემოსული შეტყობინებების მიხედვით, მომხმარებელთა სურვილებს ვერ ვაკმაყოფილებდით – მყიდველთა რაოდენობა იყო ბევრად დიდი, ჩვენ კი ვიყავით ძალიან ცოტანი, ასეთივე რაოდენობის პროდუქციით.
რა თქმა უნდა, მაქსიმალურად სწრაფად ვეცადეთ ამ პრობლემის გამოსწორებას, მაგრამ მაინც ძალიან ბევრი ადამიანისთვის გვიწევდა უარის თქმა, ფიზიკურად ვერ ვასწრებდით იმ რაოდენობის დამზადებას, რამდენზეც მოთხოვნა იყო.
როცა ადამიანმა მოგიძია, როგორც სასურველი პროდუქტი და ამ დროს, შენ უარს ეუბნები, ეს ნიშნავს, რომ საკუთარ მომხმარებელს იმედი გაუცრუე.
იმის გამო, რომ არავისთვის დამეწყვიტა გული და ყველას მოთხოვნა დამეკმაყოფილებინა, ძირითადად, ღამითაც, სრული დატვირთვით, თავადაც ვქსოვდი. ამან კი გამოიწვია ის, რომ სხვა ბევრი რამისთვის დრო აღარ მრჩებოდა, მაგალითად, პროფესიონალური ფოტოსესიებისათვის. შესაბამისად, ონლაინ სივრცეში ძალიან ცოტა ვიზუალური მასალით ვიყავით წარმოდგენილები. თუ გადაღებისთვის დროს გამოვყოფდი, მზა პროდუქტი აღარ გვქონდა, ხოლო თუ პროდუქტის მზადებაში ვიყავი, ამ შემთხვევაში სხვა რამეებისთვის ვეღარ ვიცლიდი.
ამ და მსგავსი შეცდომების დანახვამ და გააზრებამ დღეს იქამდე მიმიყვანა, რომ უკვე ვარ ქალი მეწარმე, რომელიც სხვა ქალებს ასაქმებს. რომელსაც 3 დაუსრულებელი კოლექციის მაგივრად, ოცამდე პროდუქტის სრული კოლექცია აქვს და აქტიურად მუშაობს სხვა სიახლეებზეც. ციფრული მაღაზიის სრულ განახლებასთან ერთად ფიზიკური მაღაზიის გასახსნელადაც ვემზადებით.
რომ შევაჯამო, როცა საკუთარი თავის გჯერა და შეცდომების დაშვების არ გეშინია, ვფიქრობ, სწორედ მაშინ გამოდის ყველაფერი.