10
Feb
2020

„გაუთანაბრე რეალობა მოლოდინს“ – ვირტუალური ტური რეალური ბიზნეს სარგებლისთვის

10 Feb 2020

დიჯიტალიზაციის პროცესთან ერთად, ვირტუალური ტურები ბიზნესის მოგებიანად წარმოჩენისა და გაყიდვის ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებად იქცა. შესაბამისად, იმ კომპანიებზე მოთხოვნა, რომლებმაც საკუთარ თავზე აიღეს ბიზნესის ვირტუალური ტურებით უზრუნველყოფა, გაიზარდა. ასეთია ქართული კომპანია Walkinto-ც, პირდაპირი გაგებით, საშუალებას რომ გვაძლევს, შევაბიჯოთ ამა თუ იმ ბიზნესის პროდუქტში და დემონსტრირებული სივრცე სრულიად ახლებურად, არაორდინარულად დავინახოთ.

მომხმარებლის პერსპექტივით დანახული სარგებელი ზემოთ მოყვანილი არგუმენტებია, თუმცა რაც შეეხება თავად იმ კომპანიას, რომელიც ამ ვირტუალურ შესაძლებლობას იყენებს, სოციალური მედიის ენაზე რომ ვთქვათ, ტრაფიკსა და პოტენციური კლიენტების რაოდენობას ზრდის და სასტუმროს ან რესტორნის დაჯავშნის პროცესს აუმჯობესებს. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ვირტუალური ტურის ვებსაიტზე ან Facebook-გვერდზე ჩაშენება ძალიან მარტივი პროცედურაა. და მიუხედავად იმისა, რომ ამ ფუნქციონალს, ძირითადად, ჰორეკას სექტორში იყენებენ, Walkinto-ს გუნდი ამბობს, რომ „ვირტუალური ტურები ნებისმიერი ბიზნესის განვითარების საუკეთესო გზა – პროდუქტის მოგებიანად წარმოჩენისა და გაყიდვის შესანიშნავი საშუალებაა“.

Walkinto-ს ამბავი კი ასეთია: 2015 წელს, თბილისში საუკეთესო პანორამული ფოტოგრაფისა და ვირტუალური ტურების პროგრამისტის პატრონაჟით დაფუძნდა და დღემდე, ფუნქციონირების ფარგლებში, არაერთი კლიენტისათვის ათასზე მეტი ნამუშევარი შექმნა. იმის გამო, რომ საზღვარგარეთ მსგავსი სერვისი, თავისი მოხერხებულობისა და ეფექტურობის გამო, დიდი პოპულარობით სარგებლობდა, კომპანიის წარმომადგენლებს განცდა ჰქონდათ, რომ ამ სერვისს აქაც უნდა ემუშავა და ასეც მოხდა. 2014-2015 წლებში, გუნდმა ამ მიმართულებით ბრიტანეთში იმუშავა და საერთაშორისო და ძალიან დიდი გამოცდილებაც სწორედ აქ დააგროვა.

უფრო ზუსტად, კომპანიის როლზე, ვირტუალური ტურების საჭიროებაზე Walkinto-ს გუნდის წევრებს გავესაუბრეთ:

M: გვიამბეთ თქვენს ბიზნესმოდელზე… რას სთავაზობთ სხვადასხვა კომპანიას?
ჩვენ მომხმარებელს ფართო ჟანრობრივი სპექტრის, ნებისმიერი სირთულის სფერული პანორამებისა და ვირტუალური ტურების დამზადების სრულ პაკეტს ვთავაზობთ. რაც მოიცავს როგორც მარტივ ვირტუალურ ტურებს, ასევე ფუნქციურად და დიზაინით შედარებით რთულსა და ორიგინალურ ინტერფეისს. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, დამკვეთის სურვილებსა და შესაძლებლობებზეა მორგებული.

M: ზოგადად, რა ტექნიკურ, ფინანსურ თუ ადამიანურ რესურსთანაა დაკავშირებული Walkinto-ს ხარისხიანი მომსახურება?
ჩვენ მოქნილი ტურპაკეტები გვაქვს ნებისმიერი ტიპის ბიზნესისთვის. ვირტუალური ტურის შექმნისა და ჩვენი სერვისების  ღირებულება დამოკიდებულია სამუშაოს მოცულობასა და სირთულეზე და ყველა პროექტისთვის ინდივიდუალურად განისაზღვრება.

სტანდარტული ვირტუალური ტურის ფასს ტურში შემავალი პანორამების (გადაღებული წერტილების) რაოდენობა განსაზღვრავს.

ჩვენ ვთანამშრომლობთ საუკეთესო, სოლიდური გამოცდილების მქონე ფოტოგრაფებთან. აქედან გამომდინარე, შეგიძლიათ, დარწმუნებული იყოთ, რომ ვირტუალურ ტურზე განთავსებული ფოტოები უმაღლესი ხარისხის იქნება.

აქვე აღვნიშნავთ, რომ ჩვენთან ერთად მუშაობენ პროფესიონალი დიზაინერები და სხვა სფეროს პროფესიონალები, რომელთაც დამატებითი მასალების (რუკები, დიაგრამები, დიზაინის ელემენტები) შემუშავება შეუძლიათ ისე, რომ თითოეულ შექმნილ ვირტუალურ ტურს საკუთარი, უნიკალური „ხაზი“ ჰქონდეს და მნახველებს სასიამოვნო ემოციები შეუქმნას. ჩვენი პროგრამისტები კი, ტურს ნებისმიერი თანამედროვე ბრაუზერისთვის მორგებულს ქმნიან.

M: სფეროს სპეციფიკურობიდან გამომდინარე, რაიმე შეზღუდვები თუ არსებობს? რა შემთხვევაშია ყველაზე მოსახერხებელი კონკრეტულ ტერიტორიაზე ინტერაქტიული პანორამის გადაღება?
შეზღუდვებს რაც შეეხება, იქიდან გამომდინარე, რომ ფოტოებს 360 გრადუსით ვიღებთ, სასურველია, გადასაღებ ლოკაციაზე მხოლოდ ის იყოს განთავსებული, რაც უნდა დაფიქსირდეს. ასევე, სასურველი არ არის კადრში ადამიანების მოხვედრა, თუ სცენირება კონკრეტულ მომენტში არ ხდება.

M: როგორ ხედავთ ვირტუალური ტურებისა და ინტერაქტიული რუკების სერვისის ბაზარზე თქვენს როლს? ვინ არიან თქვენი კონკურენტები?
ბაზარზე კონკურენციას რაც შეეხება, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მსგავსი მომსახურების შეთავაზება, თანაც ასეთი მაღალი ხარისხით საქართველოში არავის შეუძლია, კონკურენტები არ გვყავს. ამის თქმის უფლებას გვაძლევს ისიც, რომ ჩვენ ვმუშაობთ მსოფლიო ბრენდების საუკეთესო აღჭურვილობით, ვთანამშრომლობთ საუკეთესო, სოლიდური გამოცდილების მქონე ფოტოგრაფებთან, რაც საშუალებას გვაძლევს, მაღალი ხარისხის ფოტოები საჭირო სიზუსტით მივიღოთ.

M: საქმიანობის პროცესში, რაზე აკეთებთ სწორებას?
ჩვენი მთავარი გამოწვევაა, ჩვენი მომსახურებით ადამიანებს საკუთარი ბიზნესის სწორად წარმოჩენაში დავეხმაროთ, ამასთან, თითოეულ შექმნილ ვირტუალურ ტურს ჰქონდეს საკუთარი უნიკალურიხაზი“, რაც მნახველებზე შთაბეჭდილებას მოახდენს.

M: და ბოლოს, Walkinto-ს სახელით რატომ შეფუთეთ თქვენი საქმიანობა? 
სახელი არც ისე  დიდი ხნის ფიქრის შემდეგ შევარჩიეთ და მიგვაჩნია, რომ სერვისის შინაარსს კარგად ერგება: walk + into – „შეაბიჯე“ – ვფიქრობთ, საუკეთესოდ გამოხატავს  იმას, მომხმარებელს რა სერვისს ვთავაზობთ.

[R]

განხილვა