in

როგორ იქცა უოლ სტრიტის სიმბოლო უშიშარი გოგონა გლობალურ ბრენდად

წლების განმავლობაში უოლ სტრიტის უპირობო სიმბოლოდ მებრძოლი ხარი ითვლებოდა, რომელიც ფინანსური ბაზრის ძალას გამოხატავდა. თუმცა, ბოლო ათწლეულში მისი ადგილი სრულიად განსხვავებულმა ქანდაკებამ დაიკავა. ნიუ-იორკის საფონდო ბირჟის პირისპირ მდგარი პატარა გოგონას სკულპტურა წელზე შემოდებული ხელებითა და ამაყად აწეული ნიკაპით მილიონობით ადამიანისთვის ქალთა ძალისხმევის, უთანასწორობასთან ბრძოლისა და იმ სივრცეებში მკვიდრად ფეხის დადგმის სიმბოლოდ იქცა, სადაც მათ ისტორიულად ნაკლებად ელოდნენ.

BOG
BOG

სკულპტურის გამოჩენიდან თითქმის ათი წლის შემდეგ, საფინანსო გიგანტმა State Street-მა, რომლის დაკვეთითაც შეიქმნა ქანდაკება, გადაწყვიტა უშიშარი გოგონა მხოლოდ ძეგლად არ დატოვოს. კომპანია იწყებს მასშტაბურ კამპანიას, რათა იგი გლობალურ ბრენდად და პლატფორმად აქციოს, რომელსაც ექნება საკუთარი ვიზუალური იდენტობა, ციფრული არხები და ვებგვერდი, სადაც მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან ადამიანები საკუთარი ისტორიების გაზიარებას შეძლებენ.

მარკეტინგული კამპანიიდან გლობალურ ფენომენამდე

ქანდაკება 2017 წლის ქალთა საერთაშორისო დღისთვის მოქანდაკე კრისტენ ვიზბალს შეუკვეთეს. ეს იყო მარკეტინგული კამპანიის ნაწილი იმ საინვესტიციო ფონდისთვის, რომელიც ქალი ლიდერების მაღალი წილის მქონე კომპანიებში ინვესტირებას უწყობდა ხელს. თავდაპირველი გეგმით, სკულპტურას დროებით, მხოლოდ ერთი კვირით უნდა ემაგრა პოზიცია მებრძოლი ხარის პირისპირ. თუმცა, პროექტმა მყისიერად მიიპყრო საზოგადოების ყურადღება და გლობალურ ფენომენად იქცა. მოგვიანებით, ხარის ავტორის პროტესტისა და საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, 2018 წელს ქანდაკება საფონდო ბირჟის შენობის წინ გადაიტანეს.

დროთა განმავლობაში სკულპტურის მნიშვნელობა კულტურულ ცვლილებებთან ერთად ვითარდებოდა. თავდაპირველად თუ ის კორპორაციულ სამყაროში ქალთა წარმატებას აღნიშნავდა, მოგვიანებით თანასწორობისთვის ბრძოლისა და დისკრიმინაციასთან დაპირისპირების სიმბოლოდ იქცა. დღეს კი, როდესაც მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ჩართულობის პროგრამები გარკვეული წნეხის ქვეშ მოექცა, ქანდაკებამ ახალი დატვირთვა შეიძინა.

ტენდენციებს არც თავად State Street ჩამორჩენია და გასულ წელს შეამცირა მოთხოვნა კომპანიების საბჭოებში ქალთა სულ მცირე 30%-იანი კვოტის შესახებ. ამ ფონზე, კომპანიამ ქანდაკების კონცეფცია გადაააზრა და ის უფრო ფართო მრავალფეროვნების, სიმტკიცისა და ოპტიმიზმის სიმბოლოდ გამოაცხადა. მენეჯმენტის განმარტებით, დღეს სკულპტურას მხოლოდ ქალები და გოგონები არ სტუმრობენ, მასთან ხშირად შეხვდებით მამებს, ძმებსა და პაპებს, რაც ადასტურებს, რომ მისი გზავნილი გაცილებით ფართოა.

ახალი პლატფორმა

ქანდაკების გავლენა განსაკუთრებით შთამბეჭდავია პატარა თაობაზე. ცნობილია ეპიზოდი ექვსი წლის გოგონასი, რომელიც სკოლაში შფოთვას განიცდიდა და რთულ მომენტებში თავდაჯერებულობის მოსაპოვებლად უშიშარი გოგონას პოზას იღებდა. სწორედ ასეთი ისტორიების გაერთიანებას ისახავს მიზნად ახალი ციფრული პლატფრმა. გარდა ამისა, იგეგმება პროდუქციის ხაზის გაშვებაც, საიდანაც შემოსული თანხა მომავალი ლიდერების მხარდამჭერ საქველმოქმედო ფონდებს მოხმარდება, ხოლო სკოლებისთვის სპეციალური საგანმანათლებლო გზამკვლევები მომზადდება.

პროექტის განვითარებას თან ახლდა სამართლებრივი დავაც ავტორთან, ქანდაკების ასლების გაყიდვასთან დაკავშირებით, თუმცა მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს და დღეს ყურადღება მომავალზეა გადატანილი. ივლისის ბოლოს საფონდო ბირჟასთან დაგეგმილი ღონისძიებით იწყება პროექტების სერია, რომელიც 2027 წლის მარტში ქანდაკების ათი წლის იუბილეს მიეძღვნება. მიუხედავად იმისა, რომ სამყარო შეიცვალა, უშიშარი გოგონა კვლავ ურყევად დგას და გვახსენებს, რომ მომავალი ჯერ კიდევ დასაწერია.

წყარო: Fastcompany

„ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა

ვირუსულ ტრენდებზე მნიშვნელოვანი მეცნიერებაა – Neutrogena-ს კამპანია