in

როგორ იქცა გარეუბნებში გახსნილი მაღაზიები საერთაშორისო სავაჭრო ქსელად – Walmart-ის ბიზნეს ისტორია

ამერიკა ბევრი დაწყებული და ჯერ კიდევ დაუსრულებელი ბიზნეს ისტორიის სამშობლოა. ისტორიების, რომლებსაც არა მხოლოდ ამ კონკრეტულ ქვეყანაზე, არამედ მთელ მსოფლიოზე ჰქონდა და აქვს გავლენა. ამერიკა ბევრმა კომპანიამ თუ ბრენდმა შეიძლება გაგვახსენოს. სწორედ ერთ-ერთი ასეთია უოლმარტი, რომელიც დღემდე ამ ქვეყნის ყველაზე პოპულარულ საცალო ვაჭრობის ქსელად ითვლება.

„ვერაფერი შეცვლის საქებარ სიტყვებს, თითქოს უფასოა –თუმცა, რეალურად, მილიონები ღირს..“ – ეს სიტყვები სწორედ რომ აღნიშნული ქსელის დამფუძნებელს, სემუელ უოლტონს ეკუთვნის. მან შეძლო და ზუსტად ამგვარი პოლიტიკით – პოზიტიური სიტყვებითა და დასაქმებულ ხალხთან დადებითი დამოკიდებულებებით ააშენა „უოლმარტის იმპერია“.

სემ უოლტონი ოკლაჰომაში, კერძოდ კი, კინგფიშერში დაიბადა. იგი ფერმერების, თომას უოლტონისა და ნენსი ლის შვილი იყო. სემუელის დაბადებიდან მალევე, უოლტონების ოჯახი მისურიში გადავიდა, სადაც ბიჭმა თავისი ბავშვობის წლები გაატარა. კარგ სტუდენტთან ერთად, კარგი ათლეტიც იყო და, ალბათ, სწორედ ამიტომ შეარქვეს თანაკლასელებმა „მრავალმხრივ განვითარებული ბიჭი“.

იმ მიზნით, რომ ოჯახს დახმარებოდა, დიდი დეპრესიის დროს, 10-11 წლის ბიჭს გაზეთები ბინაზე მიჰქონდა და ფულს ასე შოულობდა. სკოლის დამთავრების შემდეგ კი, გადაწყვიტა, კოლეჯში შესულიყო, რათა მეტად განვითარებულიყო და უკეთესი გზა ეძებნა ოჯახის დასახმარებლად. უნივერსიტეტში ჩაბარებამდე მან უამრავი უცნაური სამსახური გამოიცვალა. მისი უნარი, არაფერი ეთაკილა, მომავალ ცხოვრებაში საკმაოდ გამოადგა. საბოლოოდ კი, 1940 წელს მან ეკონომიკის განხრით, მისურის უნივერსიტეტი დაამთავრა.

უოლტონს სულ 3 დღის დამთავრებული ჰქონდა უნივერსიტეტი, როცა  პირველი სერიოზული ნაბიჯი გადადგა კარიერაში, მან J.C Penney Company-ში შეაბიჯა, რომელიც მცირე მასშტაბის გადამყიდველი კომპანია იყო. სემუელმა აქ წელიწადნახევარი დაჰყო, სადაც თვეში 75 დოლარის ანაზღაურება ჰქონდა. კოლეგებს შორის გამორჩეულმა უოლტონმა ყოველთვის იცოდა, რომ აქ მუშაობა თავის მომავალ საქმიანობაში წაადგებოდა. მას არ მოსწონდა ამ კომპანიაში არსებული გარემო. ყოველთვის აღიზიანებდა ის, რომ მომხარებელს მონაცემების შევსებისას ალოდინებდა და სწორედ ამიტომ, უფროსი მუდმივად ეუბნებოდა, რომ იგი გაყიდვების სფეროსთვის არ იყო დაბადებული და სამსახურიდან დათხოვნას ემუქრებოდა, თუმცა, რეალურად, იგი სამუშაოს სწორედ რომ ვაჭრობის განსაკუთრებული უნარების მეშვეობით ინარჩუნებდა. აღნიშნულ კომპანიაში მიღებული გამოცდილება დაეხმარა მას, სავაჭრო სფეროში მომხმარებლების როლი სხვაგვარად გადაეფასებინა.

 

„არსებობს მხოლოდ ერთი ხელმძღვანელი – მომხმარებელი. მას შეუძლია ნებისმიერი თანამშრომლის კომპანიიდან დათხოვნა, უბრალო გამყიდველით დაწყებული, მმართველით დამთავრებული, მარტივი გზით – თუ გადაწყვეტს ფული დახარჯოს სხვა ნებისმიერ ადგილზე.“

1942 წელს სემი მეორე მსოფლიო ომში გაიწვიეს. უოლტონი შეუერთდა სამხედროებს აშშ-ს არმიის სადაზვერვო კორპუსში, კერძოდ, იგი ზედამხედველობდა საჰერო ხომალდებისა და პატიმრების უსაფრთხოებას. საბოლოოდ, მან კაპიტნის სტატუსიც კი მიიღო. სამხედრო სამსახურში წარმატებულ უოლტონს სახლში ოჯახი ელოდა. 1945 წელს მეორე მსოფლიო ომიდან დაბრუნებულმა სემმა საკუთარი 5 000 დოლარით და მამამთილისგან ნასესხები 20 000 დოლარით საკუთარ ძმასთან, ბადონთან ერთად არკანზასში, ქალაქ ნიუპორტში პრეზიდენტის სახელის მქონე პატარა მაღაზია – Ben Franklin გახსნა.

ინდივიდუალურმა სავაჭრო პოლიტიკამ, რომ მის მაღაზიას სხვა სავაჭრო ობიექტებისგან ბევრად მცირე ფასში უნდა მიეყიდა მომხმარებლებისთვის საქონელი, ბიზნესის მოგება 1950 წლისთვის 3-ჯერ გაზარდა. ამ დროისთვის იგი ბენ ფრანკლინის 6 სავაჭრო ობიექტს მართავდა. თუმცა, სავაჭრო ქსელის რეალური მფლობელი თვლიდა, რომ ბენ ფრანკლინს საქმე არა უოლტონის საქმიანობის გამო, არამედ მისი პომპეზური სახელის დამსახურებით წაუვიდა და მან ბიზნესის დამოუკიდებლად გაძღოლა სცადა, თუმცა, მალევე დარწმუნდა, რომ მისი წარმოდგენები არასწორი იყო. უოლტონისთვის ეს შემთხვევა არა შემაფერხებელი, არამედ კიდევ უფრო დიდი წარმატების მომტანი გახდა, გამომდინარე იქიდან, რომ მან სულ მალე ბენტონვილში საკუთარი შემსყიდველი კანტორა გახსნა. თავისი მაღაზიათა ქსელისთვის რეკლამის შექმნისას, მან მარკეტინგის ის პრინციპები გამოიყენა, რომელიც მხოლოდ დიდი საწარმოებისთვის იყო მისაღები. მაღაზია სახელად „Five & Dime“ 1950 წელს გაიხსნა.

იმ დროს ქალაქში კიდევ ორი სხვა მთავარი მაღაზია იყო, თუმცა, უოლტონის მაღაზიის მსგავსი ფასები არც ერთში იყო. აღნიშნულმა სავაჭრო ობიექტმა მალევე მოიპოვა პოპულარობა და ბენ ფრანკლინის მსგავსად დიდ მოგებასაც ნახულობდა. 60-იან წლებში უოლტონებს უკვე საკმაო რაოდენობის მაღაზია გააჩნდათ და სამართლიანად ითვლებოდნენ კომპანია „ბენ ფრანკლინის“ სისტემის ფრენჩაიზის პირობებით მოვაჭრე წარმატებულ საქმოსნებად. აღსანიშნავია, რომ ამჟამად ამ შენობაში WalMart Stores-ის მუზეუმია გახსნილი, რომელშიც ნახევარი საუკუნის წინანდელი სავაჭრო ნიმუშებია გამოფენილი.

„ალბათ, ეს ჩემი დიდი სურვილი იყო, მეკეთებინა მეტი ბიზნესი და მთელი ჩემი შესაძლებლობები ერთ კალათაში არ მომექცია.“

სავაჭრო ობიექტებისგან შემოსული ფულით იგი სულ უფრო აფართოებდა თავის ბიზნესს. 1960 წლისთვის იგი 15 ასეთ ობიექტს უძღვებოდა, თუმცა, ეს არ იყო ის, რასაც სემ უოლტონი მოელოდა. მას უფრო მეტი შემოსავლისკენ ეჭირა თვალი და ამიტომაც გადაწყვიტა, მაღაზიებს ახალი ბიზნეს სტრატეგიით გაძღოლოდა. ეს სტრატეგია კი ფასდაკლებების ახალ პრინციპში მდგომარეობდა, იმგვარი ფასდაკლებების, რომლებსაც ამერიკელი მოსახლეობა ვერც ერთ სხვა სავაჭრო ობიექტში ვერ შეხვდებოდა.

სწორედ ამ დროს, სემმა დამოუკიდებლად მოქმედება გადაწყვიტა. ახალი იდეის მოსაძებნად ის ქვეყნის სხვადასხვა ქალაქს ეწვია და მოგზაურობის დასასრულს  ფასდაკლებით მოვაჭრე საკუთარი მაღაზიების გახსნა გადაწყვიტა იმ ქალაქებში, რომელთა მოსახლეობა 25 ათასზე მეტი იყო. პირველი„უოლმარტი” არკანზასის შტატის ქალაქ როჯერსში გაიხსნა 1962 წელს.

„უოლ-მარტის” ახალი მაღაზიების დაარსებისას უოლტონი შემდეგი ფილოსოფიური შეხედულებით ხელმძღვანელობდა: – მხოლოდ შენს ხელთ არსებული საშუალებებით წარმართე საქმიანობა”. პირველი მაღაზიის გახსნისთვის საკმაოდ ბევრი შრომა მოუწიათ ძმებს.  სემმა და მისმა ძმამ შეაგროვეს ყველა მათ ხელთ არსებული რესურსი, მაღაზიის მასშტაბები და ადგილმდებარეობა კაპიტალის ოდენობის მიხედვით განსაზღვრეს. ჩანაფიქრი ითვალისწინებდა კონკურენტუნარიან ფასებში ხარისხიანი საქონლით ვაჭრობას პატარა ქალაქებში. მან იცოდა, რომ შედარებით უფრო მსხვილი კოლეგების მსგავსად, მიწოდების ეფექტური და მცირე დანახარჯებთან დაკავშირებული მეთოდები უნდა დაენერგა. არსებულ მაღაზიებში საქონლის მისაწოდებლად საჭირო საწყობების აშენების ნაცვლად, მან თავისი მაღაზიები საბითუმო პუნქტების ტერიტორიაზე განალაგა.

გახსნიდან პირველი წლის განმავლობაში, უოლმარტის ქსელი უკვე 6 სავაჭრო ობიექტს ფლობდა. მომავალი 2 წლის განმავლობაში კი მათ 13 ობიექტი დაემატა, შემდეგ 2 წელში უკვე 14, ხოლო მომდევნო 2 წელში – 26. 1980 წლისთვის უოლტონი 276 მაღაზიას ფლობდა. სემის საიდუმლო კი შემდეგში მდგომარეობდა – იგი საკუთარ მაღაზიებს ყოველთვის გარეუბნებში ხსნიდა და არ მიჰყვებოდა სხვა ბიზნესმენების გზას, რომელთა უდიდეს სურვილს ყოველთვის წარმოადგენდა ქალაქების ცენტრში მაღაზიების გახსნა.

1985 წელს ფორბსმა იგი ამერიკის ყველაზე მდიდარ ადამიანად დაასახელა, რომლის ქონებაც 2.8 მილიარდ დოლარს შეადგენდა. უოლმარტი კი იმ დროისთვის ამერიკის მასშტაბით მესამე სავაჭრო ქსელი იყო „Sears-ისა“ და „Kmart-ის“ შემდეგ. 1988 წელს უოლტონმა განაცხადა, რომ იგი პასუხისმგებლობებს იმ დროისთვის დირექტორის პოზიციაზე მყოფ დევიდ გლასს გადააბარებდა, თუმცა, ქსელის თავმჯდომარეობას კვლავაც იგი შეითავსებდა.

2 წლის შემდეგ, უოლტონს აგრესიული ძვლის კიბო დაუდგინეს. თუმცა, მებრძოლი სულის მქონე სემს, ამ დიაგნოზმაც ვერ დაუხშო წარმატებისკენ სწრაფვის სურვილი. უოლმარტის წლიურ შეხვედრაზე, 1990 წლის ივნისში ბიზნესმენმა იწინასწარმეტყველა, რომ მომავალი 10 წლის განმავლობაში სავაჭრო ქსელის მოგება 125 მილიარდ დოლარს მიაღწევდა. უოლტონი მართალი აღმოჩნდა. უოლმარტმა ზემოხსენებულ ორ სავაჭრო ქსელს გადაუსწრო და ამერიკის მასშტაბით ნომერ პირველი გახდა.

1992 წლის 17 მარტს პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა უოლტონი თავისი ანტრეპრენუარული სულისკვეთებისა და საკუთარი მოხელეებისადმი ლოიალური დამოკიდებულების გამო თავისუფლების მედლით დააჯილდოვა. ეს მისი ბოლო და უდიდესი წარმატება იყო. 1992 წლის 5 აპრილს იგი 74 წლის ასაკში არკანზასის უნივერსიტეტის საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამ პერიოდში მისი ქონება 25 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დღესდღეობით WalMart Stores-ის ქსელი აშშ-ში, კანადაში, მექსიკაში, ბრაზილიაში, არგენტინაში, ჩინეთში, პუერტო-რიკოსა და გერმანიაში 3 ათასზე მეტ სუპერმარკეტს ითვლის. უოლტონის ოჯახმა სემის მიერ დაწყებული საქმე ღირსეულად გააგრძელა და 2005 წლამდე უოლტონებს – სემის ცოლსა და 3 შვილს ამერიკის ყველაზე მდიდარი ოჯახების ათეულში ზედიზედ მეხუთე ადგილი მყარად ეკავათ.

სემ უოლტონის, როგორც ლიდერის საიდუმლო, ძირითადად, ორ რამეში მდგომარეობდა: იგი მაღაზიებს გარეუბნებში ხსნიდა, რადგანაც იქ მიწებიც იაფი იყო და გადასახადებიც. მეორე საიდუმლო კი პერსონალთან ურთიერთობა იყო: იგი ყოველთვის მეგობრულად უდგებოდა მათ და თავს აღმატებულად არასდროს გრძნობდა. ამიტომაც ამბობდა: ჩვენ ვმუშაობთ ერთადესაა ჩვენი საიდუმლო.“

 გვიან გაირკვა ის, რომ სემუელ უოლტონი შემოსავლის დიდ ნაწილს ქველმოქმედებაში ხარჯავდა. იგი პატარ-პატარა ქალაქებში გაიზარდა და მოღვაწეობდა, იქაურობას დიდ პატივს სცემდა და ყოველთვის ცდილობდა, ამ ქალაქებში არსებული კოლეჯები, უნივერსიტეტები და სხვადასხვა დაწესებულებები დაეფინანსებინა.

მტრების მიერ მის მიმართ გამოხატულ დამოკიდებულებას კი ამგვარი პოლიტიკით უდგებოდა წინ: ხარჯებს კონკურენტებზე მეტი ყურადღება მიაქციეთ.”

და ბოლოს, სემ უოლტონმა მომავალ თაობებს საკუთარ გამოცდილებებზე დაფუძნებული “წარმატების ათი მცნება” დაუტოვა:

  • უერთგულეთ ბიზნესს
  • გაუყავით შემოსავალი პარტნიორებს
  • გაუჩინეთ მათ მოტივი
  • პრობლემებზეც პარტნიორებთან ერთად იმსჯელეთ
  • დააფასეთ ყველაფერი, რასაც პარტნიორები აკეთებენ
  • იზეიმეთ წარმატება
  • მოუსმინეთ თითოეულ პარტნიორს
  • წინასწარ განჭვრიტეთ კლიენტების მოლოდინები
  • აკონტროლეთ ხარჯები
  • დინების ზემოდან მოქცეულებმა იცურეთ

ავტორი: თინათინ უგრეხელიძე

ლადო აფხაზავა “მასწავლებლების გლობალური ჯილდოს” ათეულში მოხვდა

სამსუნგმა ახალი “ჭკვიანი საათი” წარადგინა