in

დაე, „დისნეის“ ძალა იყოს ჩვენთან – პირველი არხი „დისნეის“ პარტნიორია!

საახალწლოდ, პირველი არხზე, მართლაც ჯადოსნური თავგადასავალი დაიწყება – გასართობი ინდუსტრიის უმსხვილესი და ყველასთვის საყვარელი „დისნეის“ საუკეთესო პროდუქცია არხის საეთერო ბადეში დაიდებს ბინას. ეს პირველი არხისა და „დისნეის“ (The Walt Disney Company) შორის პარტნიორობის ფარგლებში მოხდება, რაც, პირველი არხის მაყურებლისთვის, ყველა დროის საუკეთესო ანიმაციური, მხატვრული თუ სატელევიზიო ფილმებისა და უდიდესი კინოფრენჩაიზების ჩვენებას გულისხმობს.

დიდი ხანია, „დისნეი“ მხოლოდ ანიმაციური ფილმების მწარმოებელი სტუდია აღარ არის. ეს გახლავთ გიგანტური მედიაკომპანია, რომელიც სფეროს უდიდეს წარმომადგენლებს აერთიანებს. მათ შორისაა, თავად „უოლტ დისნეი ფიქჩერი“, „პიქსარი“, „მარველი“ „20 სენჩერი სტუდიოს“ და, რაღა თქმა უნდა, „ლუკასფილმი“ თავისი „ვარსკვლავური ომებითა“ და სხვა საოცრებებით. ამიერიდან კი, ამ საოცრებების ნახვა, საუკეთესო ხარისხის გამოსახულებითა და  სრული დუბლირებით, ჩვენც შეგვეძლება, მით უფრო, პატარა მაყურებლებს, რომლებიც საყვარელ პერსონაჟებს უკეთესად გაიცნობენ.

საზოგადოებრივ მაუწყებელსა და „დისნეის“ შორის გაფორმებული კონტრაქტი, ამ ეტაპზე, 2 წელიწადსა და 8 თვეზეა გათვლილი. ამ დროის განმავლობაში, მაყურებელი სულ 349 ფილმს ნახავს. მათ შორისაა „დისნეის“ 22 ანიმაცია და მხატვრული ფილმები, „20 სენჩერის“ 221 მხატვრული ფილმი და კლასიკური ნამუშევრებიც, რომელთა უმეტესობაც „ოსკარის“, „ოქროს გლობუსის“, „ბაფტას“, „გრემის“, კანის, ბერლინისა თუ ვენეციის კინოფესტივალების ჯილდოებს ფლობენ. და ბოლოს, აქვეა „მარველის“ ათი ფილმი და „ვარსკვლავური ომების“ ცხრავე ეპიზოდი!

ერთი წამითაც რომ დავფიქრდეთ და „დისნეის“ მსოფლიო მნიშვნელობა და მასშტაბი გავიაზროთ, მივხვდებით, თუ რამდენად გრძელი და რთული გზა გაიარა პირველმა არხმა აღნიშნული კონტენტისა და „დისნეის“ პარტნიორის წოდების მოსაპოვებლად.

„კომპანიის წარმომადგენლებთან მოლაპარაკება, რომელშიც პირადად ვმონაწილეობდი, თითქმის ორ წელიწადს გრძელდებოდა. ფინანსურზე მეტად მნიშვნელოვანი, „დისნეისთვის“ სავარაუდო პარტნიორის სანდოობის ხარისხია, ამ მხრივ, ძალიან უკომპრომისოა და კონკრეტული კრიტერიუმებით ხელმძღვანელობენ. ამრიგად, მოლაპარაკებისა და თანამშრომლობის დაგეგმვის პროცესი უკიდურესად შრომატევადი იყო. თუმცა საქმიანი მხარის სირთულეს უდიდესი ემოცია ანაცვლებდა – „დისნეის“ საუკეთესო პროდუქცია პირველ არხზე!“, – ამბობს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი, თინათინ ბერძენიშვილი.

ფილმების სია უკვე შეთანხმებულია, ხელშეკრულებაც ხელმოწერილია, მაგრამ მთავარი გამოწვევა სწორედ ახლა იწყება. „დისნეის“ მიერ კონტრაქტში აღნიშნული ერთ-ერთი უმთავრესი პირობა, ფილმების დუბლირების უმაღლესი ხარისხია. ამრიგად, აღნიშნული სეგმენტი, ამიერიდან, საუკეთესო უნდა გახდეს. მეტიც, „მარველისა“ და „ლუკასფილმის“ ფილმები 6-8 ხმაში უნდა გახმოვანდეს, რაც ქართული ტელევიზიის ისტორიაში უპრეცედენტო მოვლენა იქნება. თუმცა ეს თემა აქ არ მთავრდება – ანიმაციების პერსონაჟები ყველასთვის საყვარელ სიმღერებს ქართულად შეასრულებენ.

თინათინ ბერძენიშვილი: „ფილმების უმაღლესი ხარისხით დუბლირება, მათ შორის, სიმღერების გადმოქართულებაც, ჩვენთვის უდიდესი გამოწვევაა, რისთვისაც მზად ვართ. ქართულენოვანი მაყურებელი საუკეთესო დუბლირებას რომ მიიღებს, ამის გარანტი თავად „დისნეია“, რომელიც ამ პროცესს უშუალოდ გააკონტროლებს და ეთერში გაშვების უფლებასაც დაგვიდასტურებს. ვინაიდან სიმღერების გახმოვანების გამოცდილებას მხოლოდ ახლა ვიძენთ, საუკეთესო ხარისხის მისაღებად, პირველი ეტაპისთვის, მუსიკალურად ნაკლებად დატვირთული ანიმაციები შევარჩიეთ“.

„დისნეის“ მთავარი ღირებულებები მის ყველა პროდუქტში იგრძნობა, ახლა კი ამ ღირებულებებს პირველი არხის მაყურებელიც გაიზიარებს, მით უფრო, რომ ამ მხრივ თანხვედრა, აქამდეც არსებობდა. ფილმები სწორედ ამ კრიტერიუმების გათვალისწინებითაა შერჩეული: უმეტესობა საოჯახო სანახაობაა, ბევრია საბავშვო, მაგრამ უყურადღებოდ არც კლასიკური კინოს მოყვარულები დარჩენილან – მათთვის, საეთერო ბადეში, 50-60-იანი წლების ჰოლივუდის ოქროს ხანის ფილმები განთავსდება. და აქვე კიდევ ერთი დეტალი: „დისნეისთან“ გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, 2021 წელს გამოსული სატელევიზიო პროექტების მსოფლიო პრემიერა, პირველ არხზეც გაიმართება!

მომავალი 2 წლისა და 8 თვის განმავლობაში, თითოეულ ფილმს ორჯერ აჩვენებენ, ხოლო პირველ არხზე და ტელესკოლაზე, 48-საათიანი შუალედით განმეორდება. ამ ვადის გასვლის შემდეგ კი, როგორც თინათინ ბერძენიშვილი ამბობს, „არსებული კონტრაქტის გაგრძელება სავსებით რეალურია და მომავლის პერსპექტივაა, რაზეც ჩვენ მიერ მომზადებული პროდუქტის ხარისხიცაა დამოკიდებული. ამ მხრივ სრულიად მოტივირებულები ვართ, რადგან გვინდა, მსგავსი პროექტებით საზოგადოებამ ის ღირებულებითი სარგებელი მიიღოს, რასაც საზოგადოებრივი მაუწყებლისგან მოელის.

და ბოლოს, ზუსტად ახლა, ამ წუთებში, პირველი არხის გახმოვანების სტუდია იმ 20 ფილმს ახმოვანებს, რომლებიც „დისნეიმ“ წინსწრებით, საახალწლო ეთერისთვის გადმოგვცა. პირველი იანვრიდან კი ჩვენს ეკრანებზე ბემბი, სიმბა, მულანი, მერი პოპინსი, კაპიტანი ამერიკა, აირონ მენი და იქსვინგების მთელი ფლოტი ჩაიფრენს. დაე, „დისნეის“ ძალა იყოს ჩვენთან!

ავტორი – ია ვეკუა

 

[პარტნიორის კონტენტი]

ულტრაიისფერი სხივები Covid-19-ის წინააღმდეგ

„სილქნეტის“ 7-ჯერ სწრაფი მობილური ინტერნეტი უკვე მთელ საქართველოშია