ვალტერ დე სილვა, ავტომობილების საკულტო დიზაინერი და VW ჯგუფის დიზაინის ყოფილი დირექტორი ახლა უკვე 70 წელსაა გადაცილებული. მთელი თავისი კარიერის განმავლობაში, რომელიც ხუთ ათწლეულზე მეტ ხანს გაგრძელდა, მან რამდენიმე ბრენდისთვის შექმნა დიზაინი, რომელმაც გარღვევა მოახდინა ამ სფეროში. მისი ნიშა ყოველთვის იყო ტრადიციების პატივისცემა, თუმცა, ამავდროულად, ყოველ ჯერზე დიზაინის ახალი ენის გამოგონება. როგორც ავტოექსპერტები ამბობენ, დე სილვამ უმსხვილესი ავტომობილების შემოქმედებით განყოფილებაში იმხელა კვალი დატოვა, რომ ის მას შემდეგ ვეღარავინ შეავსო.
მოდი, ერთად გადავხედოთ მის შთამბეჭდავ CV-ს!
ვალტერ მარია დე სილვა დაიბადა 1951 წლის 27 თებერვალს ლეკოში, იტალიის ინდუსტრიულ ნაწილში. პირველი კარიერული ნაბიჯები ტურინში Fiat’s Centro Stile-ში დაიწყო 21 წლის ასაკში. რამდენიმე წლის შემდეგ ის გადავიდა Fiat-ის Centro Stile Fiat-ში და შემდეგ I.DE.A-ში.
1986 წელს მან დატოვა I.DE.A., რათა Alfa Romeo-ს ცნობილ Centro Stile დაეპყრო. ამის შემდეგ ალფას დიზაინი აღორძინდა, თუმცა დე სილვას არ დავიწყებია წარსულში გამოსული ისეთი მოდელების პატივისცემაც, როგორებიც იყო: 145/146, 147 და 156.

ახალი ბრენდი, ახალი გამოცდილება
1999 წელს, ათწლეულის წარმატების შემდეგ, ის გადავიდა ლათინურ ბრენდში, SEAT Marque, რომელიც VW ჯგუფს ეკუთვნოდა. ფერდინანდ პიხმა პირადად სთხოვა ვალტერ დე სილვას რევოლუცია მოეხდინა SEAT-ის დიზაინში, რათა ის შესაბამისობაში მოსულიყო ახალ მარკეტინგულ სლოგანს “auto emoción”. მისი ნამუშევრები იმდენად შთამბეჭდავი გამოდგა, რომ ესპანურმა ბრენდმა რამდენიმე ჯილდო მოიპოვა დიზაინის კატეგორიაში.
დიდი ბრენდის დიდი ხელმძღვანელი
2002 წელს დე სილვა Audi ჯგუფის დიზაინის ხელმძღვანელად დაწინაურდა. ეს უფრო მეტი იყო, ვიდრე მხოლოდ აუდის ხელმძღვანელობა, რადგან იმ დროისთვის ჯგუფი მოიცავდა თავად Audi-ს, SEAT და Lamborghini-ს ბრენდებს.
Audi-სთვის მისი პირველი სრული დიზაინი 2005 წლის A6 იყო. ამის შემდეგ კი თავისი წვლილი შეიტანა ისეთი ცნობილი მოდელების დიზაინში, როგორებიცაა: Audi Q7, Audi TT და Audi A5, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, თავად დე სილვას ფავორიტი დიზაინია.

ეს იყო წლები, რომლებიც ინოვაციების ოქროს ხანად მოიხსენიება, როგორც წამოებული მანქანებით, ისე კონცეფციებით. დე სილვას დიზაინები იმდენად წარმატებული იყო, რომ 2007 წელს ახალმა აღმასრულებელმა დირექტორმა მარტინ ვინტერკორნმა ის დანიშნა Volkswagen Group Design-ის ხელმძღვანელად. მისი როლი მსოფლიოში უმსხვილესი ავტომობილების მწარმოებლის საერთო სტრატეგიული დიზაინის მიმართულების ჩამოყალიბება იყო. დე სილვას ბრწყინვალე ხედვამ უდიდესი კვალი დატოვა მის მიერ შესრულებულ დიზაინებზე.
იქიდან მოყოლებული, ის პასუხისმგებელი იყო VW სამგზავრო ავტომობილების ყველა ბრენდზე, მათ შორის იყო: Škoda, SEAT, Volkswagen, Audi, Bentley, Lamborghini და Bugatti.
ამ პოზიციაზე დე სილვამ შეცვალა მურატ გიუნაკი და მისი პირველი ამოცანა იყო ფოლკსვაგენის სამი იმდროინდელი მოდელის დიზაინის ხელახალი შეფასება, რომლებიც შემუშავებული იყო მისი წინამორბედის მიერ: 2008 წლის Golf, 2008 Passat CC და 2008 Scirocco.
დიზაინები, რომლებიც დე სილვას ეკუთვნის
Alfa Romeo Proteo (1991)

SEAT Tango roadster (2001)

Audi A6 (2004)

Audi TT (2006)

Volkswagen Beetle (2011)

Lamborghini Egoista (2013)

Volkswagen Touran (2015)

ცხადია, ეს დე სილვას დიზაინით შექმნილი ავტომობილების სრული სია არ არის, რადგან მის საჩვენებლად მთელი კატალოგის შექმნაა საჭირო. თუმცა ეს რამდენიმე ცნობილი მოდელი უკვე გვიქმნის წარმოდგენას, თუ რამდენად დიდია მისი შეტანილი წვლილი ავტოდიზაინის სფეროში. ამჟამად დე სილვა კომპანია Walter De Silva & Partners-ის პრეზიდენტია.
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი










