წამი მხოლოდ წამია, რადგან ჩვენ განვსაზღვრეთ ეს ასე. დროთა განმავლობაში მისი განმარტება შეიცვალა და შესაძლოა, ათწლეულების შემდეგ კვლავ შეიცვალოს.
The New York Times-ის ცნობით, წამს მართავს წონათა და ზომების საერთაშორისო ბიურო, რომელიც პარიზთან ახლოს მდებარეობს და ცნობილია ფრანგული აკრონიმით BIPM. ამჟამად გუნდი წამის ხელახლა განსაზღვრაზე მუშაობს. მისი პოტენციური განახლება დამოკიდებულია საათების მიღწევებზე, განსაკუთრებით მათ უნარზე, თვალყური ადევნოს ატომური ტალღის სიგრძეებს.
საუკუნეების მანძილზე ჩვენი სამყარო დროს დედამიწის ბრუნვით ზომავდა. ძველი ეგვიპტელებიდან ბერძენ ასტრონომებამდე და ბაბილონელებამდე, სტაბილურად ვაუმჯობესებდით დროის გაზომვის შესაძლებლობებს… საათებში, წუთებში და წამებში. თუმცა რადგანაც დედამიწის ბრუნვა ნელდება და იცვლება, ჩვენი ეს შესაძლებლობა ნაკლებ ზუსტი ხდება — მაგალითად, 2000 წლის განმავლობაში სამ საათზე მეტი დავკარგეთ.
მოკლედ რომ ვთქვათ, დედამიწის არათანაბარმა ბრუნვამ აიძულა მეცნიერები, დროის გაზომვის ახალი გზა შეესწავლათ. 1967 წელს, ათწლეულების კვლევის შემდეგ, დედამიწის ბრუნვის მეთოდზე უარი ვთქვით და ცეზიუმ-133-ის ბუნებრივი სიხშირის რეზონანსი ვამჯობინეთ. შედეგად, ახლა ახლა ოფიციალურად „წამი განისაზღვრება ცეზიუმის სიხშირის ფიქსირებული რიცხვითი მნიშვნელობით“.
ათწლეულების წინ ცეზიუმ-133 ძალიან მოსწონდა სამეცნიერო საზოგადოებას, რადგან ის თხევადი ლითონია და მისი მიკვლევა ადვილია. მართალია, ეს მეთოდი ძალიან კარგი აღმოჩნდა, მაგრამ ახლა მეცნიერებს სურთ, უფრო ზუსტი ატომური დრო განსაზღვრონ. ათობით მაღალი დონის ოპტიკური ატომური საათი მიმოფანტულია მთელს მსოფლიოში. რამდენიმე ატომის გაზომვით და მათი ტალღის სიგრძის შემოწმებით, მეცნიერები მთელ მსოფლიოში მუდმივად კვლევის მდგომარეობაში იმყოფებიან, რათა უფრო ზუსტი ატომი იპოვონ და უფრო ზუსტად განსაზღვრონ წამი.