7
Apr
2017

წარმატებული ფერმერი ქალები საქართველოდან – მანანა ბოლქვაძე

7 Apr 2017

28 მარტს კლუბ „ფრონტლაინში“ ოქსფამის მხარდაჭერით გაიმართა ღონისძიება „ფერმერი ქალის ხმა “ რომლის ფარგლებში ქალმა ფერმერებმა ისაუბრეს საკუთარ გამოცდილებასა და გამოწვევებზე, საჭიროებებსა და უხილავ ბარიერებზე, რა უშლის ხელს ფერმერ ქალს ეკონომიკურ გაძლეირებასა და წინსვლაში. ღონისძიება Oxfam-ის პროექტის ფარგლებში განხორციელდა. პროექტის მიზანია შეიმუშავოს სასურსათო უსაფრთხოების სტრატეგია, რაც ქვეყნის შიგნით ეკონომიკურად და ფიზიკურად ხელმისაწვდომი სურსათის წარმოება/მიწოდებას გულისხმობს. პრობლემა აქტუალურია, ვინაიდან ქვეყანა ძირითადად, იმპორტირებულ სასურსათო პროდუქციაზეა დამოკიდებული, ხოლო ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტი ან არ შემოდის ან ძალიან ძვირია. როგორც გენდერის მკვლევარის, მაია ჭითაიასგან გავიგეთ, პროექტის ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ადგილობრივი ფერმერების, განსაკუთრებით კი ქალი ფერმერების განვითარებას. ეს ქალბატონები არიან არამხოლოდ კარგი ფერმერები, არამედ ამ საქმის პარალელურად, ახერხებენ სხვა საქმიანობასაც, თავად ახორციელებენ მარკეტინგულ საკითხებს და თავადვე ზრუნავენ გაყიდვებზე. გადავწყვიტეთ, თქვენთვის გაგვეცნო ეს წარმატებული ფერმერი ქალები საქართველოდან.

მანანა ბოლქვაძე, “ბი ჯორჯია”: “ჩემი ოჯახი არის ეკომიგრანტი. როდესაც არანაირი შემოსავალი არ გვქონდა, სამი წლის განმავლობაში, ჩვენი ოჯახი სოფლის ნახირს მწყემსავდა. სოფლის და ჩვენი საქონელი მთაში მიგვყავდა ხოლმე, სადაც სახელდახელოდ გავაკეთეთ კარვები და სამი წლის განმავლობაში, ამ კარვებში ვცხოვრობდით ზაფხულობით.  ბავშვებთან ერთად ძალიან რთული იყო ასეთ პირობებში ყოფნა, ძალიან მძიმე შრომა იყო, მაგრამ ფარ-ხმალი არ დაგვიყრია. ერთ დღეს ოთარ კეზერაშვილის მობილური საფუტკრე მოვიდა ჩვენთან და იქვე ახლოს გაჩერდა. სწორედ მან შემაყვარა და შემასწავლა მეფუტკრეობა და ორი ოჯახი ფუტკარიც მაჩუქა, რომელთაგან მესამე ოჯახი გამოვიყვანე და ფაქტობრივად, სამი ოჯახი ფუტკრით დავიწყე ჩემი ბიზნესი. საერთოდ არაფერი მქონდა, რომ მიმემატებინა, ცარიელი სკის ყიდვაც არ შემეძლო. პარალელურად, მასწავლებლად ვმუშაობდი, თუმცა, მასწავლებლის ხელფასი ძლივს გვყოფნიდა. ერთ დღეს კოოპერატივების სააგენტოს ხელმძღვანელი და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ამოვიდნენ ჩვენს მეზობელ სოფელში, დამირეკეს კოოპერატივიდან, შეხვედრასთან დაკავშირებით. დავესწარი შეხვედრას, დამაინტერესა და გამოვთქვი პროგრამებში ჩართვის სურვილი. მოეწონათ ჩემი იდეა, ჩაიწერეს მონაცემები და მალევე გამოჩნდა დაფინანსება, საიდანაც მთელი სახსრები სკების შეძენაზე დავხარჯე. სოფელში დამცინოდნენ, ქალის ბიზნესი ვის გაუგიაო, არ სჯეროდათ, რომ რამე გამოვიდოდა. მაღალმთიან სოფლებში ძალიან ჭირს განათლება, რის გამოც ჩემზე გაცილებით უკეთესები ჩრდილში რჩებიან მთელი ცხოვრება და არც იციან, რის გაკეთება შეუძლიათ.


მაქსიმალურად ჩავერთე სასწავლო პროგრამებში, გავდიოდი სხვადასხვა ტრენინგებს, ვესწრებოდი ღონისძიებებს და ამ ყველაფერმა მომცა ძალა, მეთქვა საკუთარი სიტყვა, სხვებისთვის გავმხდარიყავი მაგალითი და მიმეცა საშუალება სხვა ქალბატონებისთვისაც, გამოსულიყვნენ სახლიდან და ეკეთებინათ საქმე, რომელიც მათ მოსწონდათ. თანამოაზრეები მალევე არ გამოჩენლან, თუმცა, განვითარებასთან ერთად, შემოგვიერთდნენ და გადავწყვიტეთ, გაგვეკეთებინა კოოპერატივი “ბი ჯორჯია”. თანდათანობით, სხვადასხვა იმდენად სწრაფად დაიწყო ზრდა ჩვენმა წარმოებამ, რომ გავფართოვდით, სხვადასხვა რეგიონებიდან გვიერთდებიან პარტნიორები, დაინტერესებული ადამიანები, ვისაც სურთ ისწავლონ და დაკავდენ ამ საქმით.

სამოქალაქო განათლების სწავლებამ საშუალება მომცა, მოსწავლეებამდე მიმეტანა ჩემი ხმა. დავიწყე კვლევა, ქალისა და მამაკაცის გენდერული თანასწორობის შესახებ, რამაც ძალიან შემაშფოთებელი შედეგი მომცა, თუმცა, თავად ქალები ამას არ აღიარებენ, ფიქრობენ, რომ ესაა ქალის ხვედრი, ჩვეულებრივი მომენტია და არ თვლიან უჩვეულოდ ან ცუდად. ბევრმა ქალმა გამიმხილა, რომ იყო ძალადობის მსხვერპლი, ბევრ მათგანს ეს საჭიროდაც კი მიაჩნდა. დიდი პრობლემაა ნაადრევი ქორწინება და ამაზეც განვახორციელეთ პროექტები, სადაც ჩემი მოსწავლეებიც ჩაერთნენ. დავგეგმეთ საჯარო ღონისძიებები. რამდენიმე მოსწავლე ჩემი კოოპერატივიდან უნივერსიტეტშიც ჩაირიცხა, პარალელურად, სწავლობს მეფუტკრეობას და აკეთებს საერთო საქმეს. ჩვენი კოოპერატივის წევრებს ვრთავთ სხვადასხვა პროგრამებში, მაქსიმალურად ვზრუნავთ განათლების ხარისხზე, ცოტა ხნის წინ ჩინეთში გავგზავნეთ სასწავლებლად ჩვენი თანამშრომელი, მაისში მე მივდივარ ამერიკაში, გადასამზადებლად… არცერთი ტრენინგი არ გამოგვიტოვებია, მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ განათლება მიიღონ ქალბატონებმა. ცარიელი ხელით ყოფნა არ არის განაჩენი, ყველა ადამიანს შეუძლია წარმატებას ნებისმიერ ასაკში მიაღწიოს, არ ჩაიქნიოს ხელი და აკეთოს ის, რაც გამოსდის და მოსწონს.

ამ ქალების ქმრები ამბობენ, რომ ცოლი არ მუშაობენ, თუმცა, რეალურად ძალიან ბევრია საქმე. პირადად, ჩემი დილა იწყება გარიჟრაჟზე, საქონლის მოწველით, შემდეგ ამას გადამუშავება უნდა, ამის მერე ოჯახია მისახედი, ბავშვები უნდა გავაცილო სკოლაში, თავად გავემზადო და წავიდე სკოლაში, მერე სირბილით მოვდივარ, რომ ბავშვებს ცხელი საჭმელი დავახვედრო, ოჯახს მივაქციო ყურადღება, საფუტკრეში გავიქცე, ბოსტანია მისახედი, მერე ისევ საფუტკრე, მერე საღამოს ისევ ოჯახია მისახედი… საქმე ძალიან ბევრია, მაგრამ არცერთი არ მეთმობა. ჩვენი წარმოება ძალიან გაიზარდა, უკვე 300-ზე მეტი ოჯახი გვყავს, გვაქვს თანამედროვე ხელსაწყოები და  მომთაბარე მეფუტკრეობას ვეწევით, რომ ყველა სახის თაფლი მივიღოთ, რაც მთავარია, ეკოლოგიურად სუფთა. ხარისხზე ვმუშაობთ მაქსიმალურად, ვცდილობთ მომხმარებელს ნდობა დავუბრუნოთ თაფლის ხარისხის მიმართ.”

განხილვა