Netflix-ის ახალ დოკუმენტურ ფილმში არნოლდ შვარცენეგერს მისი გასაოცარი წარმატების საიდუმლოს შესახებ ეკითხებიან, რაზეც მხოლოდ ერთი პასუხი აქვს: ხედვა.
„მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში მქონდა უჩვეულო ნიჭი, რომ თვალწინ მკაფიოდ წარმომედგინა ყველაფერი. ვფიქრობდი, თუ კონკრეტული რაღაცის დანახვას შევძლებდი, მაშინ მიღწევადიც იქნებოდა. ეჭვგარეშეა, შეგიძლიათ, თქვენი წარმოსახვა რეალობად აქციოთ“, — ამბობს შვარცენეგერი.
ამ სიტყვის მიღმა კი ერთგვარ გეგმასაც გვთავაზობს, რომელსაც „ოცნებების მიღწევის რეცეპტიც“ შეიძლება ეწოდოს.
ნაბიჯი 1: შექმენით კონკრეტული გონებრივი სურათები
იმისათვის, რომ რაღაც განსხვავებულს მივაღწიოთ, ფანტაზიის გამოყენება გვჭირდება — ეს დაგვეხმარება ისეთი ცხოვრების შექმნაში, რომელიც ჩვეულებრივისგან სრულიად განსხვავებულია. როგორც თავად მსახიობი იხსენებს, მოზარდობისას საკუთარი ოთახი იმ ადამიანების ფოტოებით გაავსო, ვისგანაც შთაგონებას იღებდა; ასევე, გონებაში ალაგებდა გეგმებს, როგორ მიდიოდა ავსტრიის სოფელ ტალიდან და ოცნებებს ისრულებდა — მაგალითად, წარმოიდგენდა, იღებდა მისტერ სამყაროს ტიტულს, მიდიოდა ჰოლივუდში და ფილმებში მონაწილეობდა.
„100 პროცენტით მჯეროდა, რომ ჩემს მიზნებს მივაღწევდი. თუ ამას ხედავ და გჯერა, მაშინ შეგიძლია მიაღწიო კიდეც“.
ნაბიჯი 2: შექმენით თქვენი ოცნების უკუინჟინერია
როდესაც შვარცენეგერმა გადაწყვიტა, მისტერ სამყარო გამხდარიყო, ზუსტად იმ ნაბიჯების დაგეგმვა დაიწყო, რომლებიც ამ ოცნების რეალობად ქცევას სჭირდებოდა. ასე მოხვდა სპორტდარბაზში და ადგილობრივ შეჯიბრებებზე. დღეში 5-6 საათის განმავლობაში ბედნიერი ვარჯიშობდა, რადგან იცოდა, რომ ყოველდღიურად სულ უფრო მეტად უახლოვდებოდა მიზანს.
ერთია წარმოდგენის უნარი, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს მიზნის განსახორციელებლად საჭირო კონკრეტული ნაბიჯების გარეშე. ასე ვთქვათ, უკუინჟინერიის პრინციპს უნდა მიჰყვეთ: დაიწყეთ დასასრულის გათვალისწინებით, რათა მუდმივი მოტივაცია გქონდეთ საზღვრების გამრღვევი ნაბიჯების გადასადგმელად.
ნაბიჯი 3: მოძებნეთ მომდევნო „მთა“
შვარცენეგერის თქმით, მისი ერთ-ერთი მთავარი გმირი ედმუნდ ჰილარია და არა იმიტომ, რომ ის პირველი მთამსვლელი იყო, რომელმაც ევერესტის მწვერვალს მიაღწია… მთავარი მიზეზი ჰილარის აზროვნებაშია, რადგან ამბობდა: „ევერესტზე ყოფნისას ხეობას გავხედე, დიდი მწვერვალის, მაკალუსკენ და გონებაში მარშრუტიც შევიმუშავე, რომელიც მის მწვერვალამდე მიმიყვანდა“.
მთავარი არსი ის არის, რომ ჰილარი ყოველთვის მომდევნო მწვერვალზე ამახვილებდა ყურადღებას. ამგვარმა აზროვნებამ კი შვარცენეგერი შთააგონა, მუდმივად ჰქონდა უფრო დიდი მიზანი.