
მერამდენე მაისი მოდის, როდესაც დამოუკიდებელი საქართველოს მოსახლეობა ზარ-ზეიმით ცდილობს თავის დამშვიდებას, რომ ის მართლაც დამოუკიდებელია. ყველა რაღაცას ამტკიცებს – რომ მართალია, რომ პოზიცია ან მოსაზრება, რომელსაც ის იცავს, უპირობო ჭეშმარიტებაა, რომ ყველა სხვა მტყუანი და დამნაშავეა და ა.შ.
სინამდვილეში კი, საქმე სულ სხვა რამეშია.
ჩვენ ჯერ კარგად ვერ ვისწავლეთ სწორისა და არასწორის გარჩევა, როდესაც საქმე სახელმწიფოს შენებასა და განვითარებას ეხება.
და ასევე, ვერ ვისწავლეთ ისეთი კოლექტიური ასოციაციების შენება, რომლებიც ამ მიმართულებით გამართულ სვლაში შეგვიწყობდა ხელს.
არადა, ამ შემთხვევაში ეს – სწორი ასოციაციების და წარმოსახვითი ველის შექმნა – შესაძლოა, ყველაზე მნიშვნელოვანიც კი იყოს, იმის გათვალისწინებით, რომ კაცობრიობა, პრეისტორიული ხანიდან დღევანდელ განვითარებამდე, სწორედ წარმოსახვის უნარმა მოიყვანა.
ის რომ არა, ჩვენ, დიდი ალბათობით, დღესაც ცხოველთა სამყაროსთან თანასწორ, ხოლო ბუნებრივ კატაკლიზმებთან უთანასწორო ბრძოლაში გავატარებდით ცხოვრებას და მართლა არაფრით ვიქნებოდით გამორჩეულები, თუნდაც, მაიმუნებისგან.
ნაცვლად ამისა, ჩვენ დღეს მარსის კოლონიზაციასა და კვანტური ფიზიკის ათვისებაზე ვმსჯელობთ, როდესაც იგივე მაიმუნები სევდიანად სხედან ზოოპარკების გალიებში, თითქოს იმაზე დადარდიანებულები, თუ სად გაიყო ჩვენი გზები და რატომ ვერ მოახერხეს მათ თავიანთი წარმოსახვების გავრცობა ისე, რომ ასე სამუდამოდ არ ყოფილიყვნენ განწირულები.
კაცობრიობა განვითარდა უამრავი წარმოსახვითი ველისგან შექმნილ მეგა-კომპლექსურ სამყაროში, რომელიც გამოქვაბულის კედელზე დახატული ნადირობის სცენიდან კოსმოსში გაშვებულ კაბრიოლეტში ჩართული დევიდ ბოუის სიმღერამდეა გადაჭიმული.
ყველაფერი ჩვენი წარმოსახვის ნაყოფია – ქვეყნები და მეფეები, რელიგიები და მეცნიერებები, ფული და ეკონომიკური მოდელები, შეთანხმებები და დაშვებები, ის, რომ რაღაც კარგია და რაღაც ცუდი.. აღარაფერს ვამბობ ხელოვნებასა და შემოქმედებით დარგებზე.. ყველაფერი, რისი კოდირებაც ადამიანმა გადაწყვიტა – სიტყვები, ციფრები, ნოტები, პროგრამული შიფრები და გამომსახველობითი ფორმები – წარმოსახვების შექმნას ემსახურება. ეს სხვადასხვაგვარი კოდები გვეხმარება, შევიქმნათ ჩვენ-ჩვენი პერსონალური წარმოსახვითი სამყაროები, რომლებშიც გვინდა ან, უფრო ხშირად, გვიწევს ცხოვრება.
შემდეგ კი, ამ ჩვენივე შექნილ წარმოსახვებს მძევლად ავყავართ და საბოლოოდ, განსაზღვრავენ კიდეც ჩვენს ყოფას. ხშირ შემთხვევაში, ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ხოლმე ის, თუ რას ფიქრობენ ჩვენზე სხვები და არა – ჩვენ თვითონ, რა გვაცვია და არა – რა ვიცით, ვის ვიცნობთ და არა – რა გაგვიკეთებია… წარმოსახვები და ასოციაციები განსაზღვრავს ყველაფერს, რასაც ადამიანი აკეთებს, მოიხმარს, ამბობს ან უსმენს, რაზეც ოცნებობს ან დარდობს, ვინ უყვარდება ან ზიზღდება.
ადამიანი საკუთარი წარმოსახვების პროდუქტია.
პარადოქსულად, იმავე წარმოსახვების, რომელსაც თვითონ ქმნის.
ობიექტურობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ამ წარმოსახვების ფორმირებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ის სოციალური გარემო, რომელშიც ადამიანი ყალიბდება, თუმცა ამ გარემოსაც ადამიანთა ერთობა ქმნის და ასე, წრეზე…
ანუ ჩვენი ინდივიდუალური წარმოსახვები ქმნის კოლექტიურს, რომელშიც ვცხოვრობთ და შემდეგ, უკუკავშირით – კოლექტიური მოქმედებს ინდივიდუალურზე. ყოველი ჩვენგანი პერსონალურად, თავისი წარმოსახვებით ზემოქმედებს იმ საერთო რეალობაზე, რომელშიც შემდეგ ყველას ერთად გვიწევს ცხოვრება.
ჰოდა, სწორედ ამ პერსონალურ სამყაროებში უნდა მოვიპოვოთ ყველამ ის ნანატრი დამოუკიდებლობა, რომელსაც ასე გამოთქმით და კოლექტიურად ვადღეგრძელებთ ხოლმე ყოველ მაისს.
ეს დამოუკიდებლობა კი იქ მოიპოვება, სადაც ჩვენი საქმეებია, სადაც ჩვენი ყოველდღიური თუ გრძელვადიანი გადაწყვეტებია; ანუ იმ მომავლის პროექციაში, რომელსაც ჩვენს თავებს ვუდგენთ და არა, ვთქვათ, დავითის, შოთას ან ილიას მოხსენიებაში. ეს ადამიანები თავიანთ ეპოქებში ქმნიდნენ მომავლის პროექციებს, რომელშიც ჩვენ ახლა ვცხოვრობთ და, შესაბამისად, ჩვენც ჩვენი უნდა შევქმნათ – ჩვენთვის და ჩვენი შთამომავლებისთვის. ქართველობას თუ რამე წაგვართმევს, სწორედ ამ პროექციებისა და წარმოსახვების არქონაა და არა ის, ვინმეს თუ სადმე რომელიმე სადღეგრძელო დაავიწყდება.
ჩვენი მომავალი და ჩვენი თავისუფლება ჩვენსავე წარმოსახვაში უნდა დაიბადოს.
როგორც საკომუნიკაციო ინდუსტრია, ჩვენ სწორედ წარმოსახვების შექმნაზე ვზრუნავთ ყოველდღიურად. ბრენდი სხვა არაფერია, თუ არა ადამიანების წარმოსახვით ველში განთავსებული ერთეული. ბრენდირებულ კომუნიკაციას კი ერთადერთი დანიშნულება აქვს – დააკავშიროს ეს ერთეულები ამავე ველში არსებულ საჭიროებებთან, რომლებიც, თავის მხრივ, დაუსრულებლად გვახსენებენ თავს.
ჩვენ უწყვეტად ვკვებავთ ამ ველს ახალ-ახალი ფეტიშებითა და ფანტაზიებით. ეს ზოგჯერ უკეთესად გამოგვდის და ზოგჯერ უარესად, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ამას გულით ვაკეთებთ და გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ყოველი მომდევნო შემოქმედებითი აქტით ჩვენ ამ წარმოსახვით ველში ჩვენს პირად და, შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას ვამყარებთ. არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა ამას გაცნობიერებულად ვაკეთებთ, თუ გაუცნობიერებლად, მთავარია, რომ ამით ის საქმე ვითარდება, რომელსაც ვემსახურებით და, ვფიქრობ, სწორედ ეს არის ქვეყნის დამოუკიდებლობის გასაღები – საკუთარი საქმის მიმართ სრულად მიძღვნილი და გულწრფელი დამოკიდებულება, რომელიც შემდეგ კონკრეტულ წარმატებებში გარდაისახება და ამ ჩვენ კოლექტიურ წარმოსახვას პრეცედენტებით და მისაბაძი მაგალითებით კვებავს.
ყველა ის ადამიანი თუ ადამიანთა ჯგუფი, ვინც ამგვარი დამოკიდებულებით აკეთებს თავის საქმეს, არის რეალურ დროში ჩვენი დამოუკიდებლობის შემქმნელი და რაც მეტი იქნება ასეთი, მით მალე მოვიპოვებთ სინამდვილეში მას ყველა ერთად.
სამწუხაროდ, ჩვენ ყველას გვაერთიანებს დიდი უბედურება – საბჭოთა კავშირი და მისი მემკვიდრეობა – რომელიც, ვფიქრობ, ყველაზე მეტად აზიანებს ჩვენს კოლექტიურ წარმოსახვას. ჩვენ ჯერაც ბოლომდე ვერ ავამუშავეთ ის ატროფირებული კუნთი, რომლის თანახმადაც, „ჩვენი თავი ჩვენადვე უნდა გვეყუდნოდეს“ და ამიტომ, ვთქვათ, უპრობლემოდ ვყრით ნაგავს ბუნებაში, მანქანისა თუ საცხოვრებელი ბინის ფანჯრიდან, იმის იმედად, რომ ვიღაც სხვა აალაგებს. ისევე, როგორც სხვა მოგვცემს უფასო ფულს, უვადო კრედიტს, შეგვიყვანს რომელიმე ორგანიზაციაში, რომელიც დაგვიცავს, დაგვაპურებს, დაგვიბრუნებს დაკარგულ მიწებს.. ერთი სიტყვით, ყოველთვის არის ვიღაც „სხვა“, რომელიც „რამეს იზამს“ და ამის შედეგად, ჩვენ უცბად კარგად დავიწყებთ ცხოვრებას.
ასე არ იქნება.
გარდა იმისა, რომ დამოუკიდებლობა მოდის პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებით, ის პირველ რიგში, მოდის დამოკიდებულებების მოშორებით.
დიდი მნიშვნელობა არ აქვს თან რაზე ხარ დამოკიდებული – სხვა ქვეყანაზე, რამე სუბსტანციაზე, მავნე იდეოლოგიაზე თუ მის ჩამანაცვლებელ რელიგიურ ფანატიზმზე – შედეგი ერთია: ჩვენ რეალურად სწორედ იმიტომ ვერ ვხვდებით დამოუკიდებლები, რომ ჩვენ ინდივიდუალურ და, შესაბამისად, კოლექტიურ წარმოსახვაში ჯერაც დამოკიდებულები ვართ – ვიღაცებზე ან რაღაცებზე.
ჩვენ ყველამ უნდა დავამარცხოთ საბჭოთა კავშირი, ოღონდ ჩვენს თავებშივე და არა, ვთქვათ, სხვების ‘ვოლებზე’. საბჭოთა კავშირმა გამოიწვია ჩვენი კოლექტიური წარმოსახვის ის ყველაზე სავალალო დეგრადაცია, რომელიც დღემდე ვერ გამოსწორდა და მას ახლა უკვე ამ იმპერიის სრულუფლებიანი სამართალმემკვიდრე – რუსეთი ამყარებს და რომელსაც – მიუხედავად ყველა იმ უბედურებისა, რაც მან ბოლო საუკუნეებში თავს დაგვატეხა – მაინც ტაშ-ფანდურით ვეგებებით.
ჩვენ ყველამ უნდა განვდევნოთ საკუთარი თავებიდან კომუნალური საბჭოთა კავშირი!
ერთხელ და სამუდამოდ.
და ყველამ ვიპოვოთ ასპარეზები, სადაც მოვახერხებთ პირადი დამოუკიდებლობების მოპოვებას.
კიდევ ერთხელ გავიმეორებ:
ეს ასპარეზი სინამდვილეში არის საქმე, რომლის კეთებაც შეიძლება გვიყვარდეს.
ეს არის გზა რეალური დამოუკიდებლობისაკენ.
ეს გზა გადის იმ ათასობით ადამიანზე, რომლებიც საკუთარ საქმეს იწყებენ – იმიტომ, რომ ისინი თავიანთ წარმოსახვებში უკვე თავისუფლები არიან; ისევე როგორც მათზე, ვისაც შესაძლოა, საკუთარი საქმე არა, მაგრამ საყვარელი საქმიანობის ველი ნაპოვნი აქვთ და მას მთელი გულით უძღვნიან თავს. ეს ის ხალხია, ვინც აფასებს როგორც თავის, ისე სხვის დამოუკიდებლობას და, შესაბამისად, პატივს სცემს განსხვავებულ აზრსაც და ფორმასაც.
მხოლოდ ამგვარ ტოლერანტულ განწყობას შეუძლია, რეალურად, გაგვათავისუფლოს ტოტალიტარულისგან და წარმოშვას ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული ველი, რომელიც საშუალებას მოგვცემს, შევქმნათ ერთმანეთისგან, შესაძლოა, სრულიად განსხვავებული ხედვებით აწყობილი, თუმცა საერთო ინტერესების მატარებელი კოლექტიური წარმოსახვა.
იმ დესტრუქციულ ველში კი, რომელშიც დღეს ვცხოვრობთ, შეუძლებელია რეალური დამოუკიდებლობის მიღწევა, რადგან ის მიმართულია სხვების დისკრედიტაციაზე და არა საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრებაზე. ჩვენ ყოველდღიურად ვიკვებებით ნეგატიური ენერგეტიკით, რომელიც სათავეს იღებს პოლიტიკური წრეებიდან და მედია არხებიდან, შემდეგ რადიაციასავით ვრცელდება და ვლინდება პირად ურთიერთობებში, ქუჩებში, ეზოებსა თუ სოციალურ ქსელებში.
რეალური დამოუკიდებლობა მოიპოვება ამ დახშული, მოჯადოებული წრის გარღვევით და იმ მშვიდობიანი თანაარსებობის ველში გადანაცვლებით, სადაც, ერთი მხრივ, შეიძლება იქმნებოდეს, მაგალითად, ისეთი არაჩვეულებრივი ვიდეორგოლები, როგორიც მუსიკალურ ფესტივალ „ეზოს“ აქვს და, მეორე მხრივ, გურჯაანის ყოვლაწმინდას ტაძარში მსახურებას აღავლენდეს ბერი ისაია.
ეს ორი, ერთმანეთთან თითქოს მკვეთრად დაპირისპირებული უკიდურესობა, ჩემთვის სინამდვილეში ერთი დიდი მთლიანობის სხვადასხვა გამოვლინებებია – იმის, რასაც ყოველდღიურ რეჟიმში, ჩვენ-ჩვენს წარმოსახვებში, თანამედეროვე, ინდივიდუალური – და ამავე დროს საერთო – დამოუკიდებელი საქართველოს შენება ჰქვია.