in

Warner Bros.-ის ახალი ლოგო აქცენტს ანიმაციის სტილზე აკეთებს

Warner Bros. Pictures Animation-მა განახლებული ვიზუალური იდენტობა წარადგინა, რომელიც მეტ ყურადღებას ხელით შექმნილ ილუსტრაციებსა და შემოქმედებით ინდივიდუალიზმს უთმობს. ახალი ლოგო სტუდიის მომავალ სტრატეგიას ასახავს, რომლის მთავარი აქცენტი ანიმატორებზე, განსხვავებულ მხატვრულ ხედვასა და კინოთეატრებისთვის განკუთვნილ ახალ ანიმაციურ ფილმებზე კეთდება.

BOG
BOG

განახლებული ბრენდინგი 23 ივნისს Annecy International Animation Film Festival-ზე წარადგინეს, სადაც Warner Bros. Pictures Animation-მა თავისი ყველაზე მასშტაბური პრეზენტაცია გამართა. სტუდიამ ლოგოსთან ერთად 2026-2028 წლებში დაგეგმილი შვიდი სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმიც დააანონსა, ასევე ახალი მოკლემეტრაჟიანი Looney Tunes-ის ანიმაცია.

ხელით დახატული სტილი მეტალის ეფექტის ნაცვლად

განახლებულ ლოგოში Warner Bros.-ის ცნობილი ფარი შენარჩუნებულია, თუმცა მას მეტალის ეფექტი აღარ აქვს და უფრო მარტივი, ბრტყელი დიზაინითაა წარმოდგენილი. ქვემოთ დამატებულია წარწერა Animation, რომელიც ხელნაწერის სტილს იმეორებს.

სტუდიის ახალი ანიმაციური ინტროც განსხვავებულია, ის ფანქრით შესრულებული ესკიზით იწყება და შემდეგ თანდათან ფერებით ივსება. ვიდეოში მცირე ეპიზოდით ცნობილი პერსონაჟი Tweety-ც ჩნდება, რაც Warner Bros.-ის ანიმაციურ მემკვიდრეობას უსვამს ხაზს.

თითოეულ ფილმს საკუთარი ვიზუალური ხელწერა ექნება

სტუდიის პრეზიდენტისა და კრეატიული დირექტორის თქმით, Warner Bros. Pictures Animation მომავალში „artists-first“ პრინციპით იხელმძღვანელებს. მისი განმარტებით, სტუდია აღარ შეეცდება ყველა ანიმაციას ერთიანი ვიზუალური სტილი ჰქონდეს. პირიქით, თითოეულ ფილმს საკუთარი მხატვრული იდენტობა ექნება, თუმცა მათ საერთო ღირებულებები: გულწრფელობა, იმედი და იუმორი გააერთიანებს.

მომავალი პრემიერები

ფესტივალის ფარგლებში დამსწრეებმა რამდენიმე მომავალი პროექტის პირველი კადრებიც იხილეს. მათ შორის იყო The Cat in the Hat, რომლის რეჟისორები ალესანდრო კარლონი და ერიკა რივინოია არიან, ხოლო მთავარი პერსონაჟის გახმოვანებაზე მსახიობი ბილ ჰეიდერი მუშაობს. ფილმის პრემიერა 6 ნოემბერს არის დაგეგმილი.

Warner Bros.-მა ასევე წარადგინა პროექტები Bad Fairies, The Lunar Chronicles და Margie Claus, ასევე ახალი მოკლემეტრაჟიანი ანიმაცია Daffy Season, რომელშიც დაფი დაკი და ელმერ ფადი ერთად გამოჩნდებიან.

პატივისცემა სტუდიის ისტორიისადმი

განახლებული ბრენდინგი Warner Bros.-ის ანიმაციურ ისტორიასაც ეხმიანება. პრეზენტაციისას სტუდიის წარმომადგენლებმა გაიხსენეს Termite Terrace, ბერბანკში მდებარე პატარა შენობა, სადაც შეიქმნა ისეთი ლეგენდარული პერსონაჟები, როგორებიც არიან ბაგს ბანი, დაფი დაკი, პორკი პიგი და ტვიტი.

გაცოცხლებული ლოგოთი Warner Bros. Pictures Animation ხაზს უსვამს ანიმაციის ხელოვნებასა და ოსტატობას, ამავდროულად კი, მიანიშნებს იმ ახალ მიმართულებაზე, რომლითაც სტუდია უახლოეს წლებში აპირებს განვითარებას.

როგორ ცვლის თეოდორ რუზველტის ბიბლიოთეკა საპრეზიდენტო მუზეუმების კონცეფციას

ახალი სახე ეროვნულ ნაკრებში: ალექსანდრე მერკვილაძის შთამბეჭდავი დებიუტი და ევროპული გზა