თუკი ეკრანზე WB ნაცნობ ინიციალებს მოვკარით თვალი, გასაგებია, რომ რაღაც საინტერესო გველის წინ. Warner Bros. – ძმები უორნერები კინოინდუსტრიაში 1923 წელს გამოჩნდნენ კომპანიის სახით. და კალიფორნიაში დაიდეს ბინა. კინოკომპანიას, რომელიც ამერიკული კინოსტუდიების დიდ ხუთეულში ამაყად იკავებს ღირსეულ ადგილს, ოთხმა ძმამ ჩაუყარა საფუძველი, ესენია: ჰარი, ალბერტ, სემ და ჯეკ უორნერები.
კომპანია კინოსტუდიების სხვადასხვა განყოფილებისგან შედგება: Warner Bros. Pictures Group, რომელშიც შედის Warner Bros. Pictures, New Line Cinema, Warner Animation Group, Castle Rock Entertainment და DC Studios. ასევე, არის სატელევიზიო პროდუქტების წარმოება, მულტფილების მიმართულება Looney Tunes და უამრავი პროექტი, რომელთაგან არაერთის გულშემატკივარი, სავარაუდოდ, თავადაც ყოფილხართ.
ძმებმა, თავდაპირველად, კინოთეატრის ბიზნესი დაიწყეს. შეიძინეს კინოპროექტორი და პენსილვანიისა და ოჰაიოს სამთო ქალაქებში აჩვენებდნენ ფილმებს. მათი პირველი ინვესტიცია $150-ს შეადგენდა. 1903 წელს, პირველი თეატრი გახსნეს ნიუ-ქასლში. შემდეგ, კინო-გაქირავების კომპანია შექმნეს. უკვე პირველი მსოფლიო ომის დროს, კინოწარმოებითაც დაკავდნენ – Warner Brothers Studio Sunset-ის სახელით. უკვე 1923 წელს, ძმები გაერთიანდნენ და Warner Bros. Pictures, Incorporated-ის სახელით დაიწყეს პოზიციონირება.
Warner Bros. აღმოჩნდა სინქრონიზებული ხმის მქონე ფილმების პიონერი. 1925 წელს, სემის მოწოდებით კინოსტუდია დათანხმდა დაემატებინა ხმა მათ პროდუქციაში. სემი დიდხანს ითხოვდა ხმის სინქრონიზების გამოყენებას. ბოლოს, მაინც დაითანხმა ძმები და უორნერების პროდუქტებს ფონური მუსიკის მიზნებისთვის დაემატა სინქრონიზებული ხმა, კომპანია Vitaphone-თან თანამშრომლობით. ფილმი Don Juan სწორედ მუსიკალური ეფექტებით გამოვიდა და ძალიან დიდი გამოხმაურებაც პოვა. მოგვიანებით, Vitaphone-თან კონტრაქტი შეიცვალა, იმ პირობით, რომ ხმის ეფექტის გამოყენების საშუალება სხვა კინოსტუდიებსაც მიეცათ.
რუბრიკის „ყავასთან საკითხავი“ წარმდგენია Dunkin’.