30
Apr
2019

როგორ მოხვდა ქართული ღვინო ტოკიოში? – გამოფენა “საქართველო – ღვინის სამშობლო”

30 Apr 2019

მეცნიერების ამტკიცებენ, რომ ქართული მევენახეობის ისტორია 8000 წლის წინ დაიწყო. მას შემდეგ, საქართველოში ყოველწლიურად იკრიფება ყურძენი და იწურება ღვინო. მეცნიერებისვე თქმით, შესაძლოა, ქართული ღვინის კულტურის საწყისებს კიდევ უფრო ღრმა წარსულში მივყავდეთ. ქართული მევენახეობის შესწავლა, 2013 წელს, არქეოლოგიური არტეფაქტების საფუძველზე დაიწყო. ოთხწლიანი კვლევის შედეგად, შვიდი ქვეყნის წამყვანმა სპეციალისტებმა დაასკვნეს, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა და ჩვენი ქვეყნიდან დაიწყო ველური ვაზის მოშინაურება, გაკულტურება, შემდეგ კი, ღვინის დაწურვა და მსოფლიოში გავრცელება. ღვინის სამშობლოდ აღიარებამ, საერთაშორისო დონეზე, საქართველოსადმი ინტერესი მნიშვნელოვნად გაზარდა. ქართულ ღვინოს ახალ მასშტაბზე გასვლის შესაძლებლობა მიეცა. სწორედ ეს დაედო საფუძვლად პროექტს “საქართველო – ღვინის სამშობლო”, რომელიც ქართული ღვინის კულტურის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.

პირველი მასშტაბური გამოფენა, 2017 წელს, ღვინის ცივილიზაციის მსოფლიო დედაქალაქში, საფრანგეთი ქალაქ ბორდოში მოეწყო და მიეძღვნა მეცნიერულ კვლევას, რომლის შედეგადაც სამეცნიერო საზოგადოებამ საქართველო ღვინის სამშობლოდ აღიარა.

პროექტი „საქართველო – ღვინის სამშობლო“, რომლის ორგანიზატორები ღვინის ეროვნული სააგენტო და ასოციაცია „ქართული ღვინო“ არიან, საქართველოს მთავრობის ინიციატივით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“, საგარეო საქმეთა სამინისტროს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ეროვნული მუზეუმის მხარდაჭერით ხორციელდება.

წელს, 10 მარტიდან, გამოფენამ, სახელწოდებით “საქართველო – ღვინის სამშობლო” ტოკიოში ორი თვით დაიდო ბინა და იაპონელები ქართულ მევენახეობას აზიარა. როგორც პროექტის ხელმძღვანელმა, დავით ტყემალაძემ, გვიამბო, პროექტის კონცეფცია მოიცავს მეღვინეობას და ამავდროულად, სცილდება ღვინის პოპულარიზაციას, წარმოაჩენს რა, ჩვენი ქვეყნის დიდ კულტურას, იმ მომიჯნავე თემების საშუალებით, როგორებიცაა მაგალითად, პოლიფონია და გასტრონომია. სპეციალურად, იაპონიისთვის, შეიქმნა ტექნოლოგიური პროექცია, რომელიც მნახველებს ინფორმაციის კომფორტულად მიღებაში ეხმარებოდა.

M: დავით, პროექტის კონცეფციაზე გვიამბეთ…

პირველი, რასაც ეს პროექტი ემსახურება, იმ აზრის გამყარებაა, რომ საქართველო არის ღვინის სამშობლო. გენერალური გზავნილი ჩვენი ქვეყნიდან, სწორედ ეს არის. წარმოდგენილია არტეფაქტები, ისტორია… ავტორიტეტული ღვინის ბლოგერები, სომელიეები, ღვინის მაგისტრები აუდიტორიას საქართველოს შესახებ გადასცემენ ინფორმაციას, სამეცნიერო მიმართულებებზე, ასევე, ღვინოზე, მის ენდემურ წარმოშობაზე, აბორიგენულ ჯიშებზე საუბარი, ღინოზე, როგორც პროდუქტზე, მის მრავალფეროვნებაზე, ქვევრის მიმართულებაზე და სხვა. კონცეფციაში გათვალისწინებულია პოლიფონია, მათ შორის, ღვინის თემატიკაზე, თუნდაც, იმ საგალობლების სახით, რომლებიც ვაზთან არის დაკავშირებული.

M: იაპონია რატომ აირჩიეთ?

პროექტი ბორდოში დაიბადა, რომელიც იდეალური ადგილია კომუნიკაციისა და ყურადღების მიპყრობისთვის. შემდეგ კი, სიმბოლურად, ამომავალი მზის ქვეყნიდან ვიწყებთ ამ პროექტის განხორციელებას. იაპონიასთან ქართულ ღვინოს ბევრნაირი კავშირი აქვს. ამასთან, რამდენიმე წლის წინ, ევროპაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოფენაზე, გაიჟღერა იდეამ, რომ დაწყვილებულიყო იაპონური სამზარეულო და ქართული ღვინო. მოგეხსენებათ, იაპონური სამზარეულო საკმაოდ ცნობილია და მსოფლიოს ყველა წერტილშია წარმოდგენილი. შესაბამისად, თუკი იაპონურ კერძებთან იქნება ბმაში ქართული ღვინო, რატომაც არა? ასეთი გამოცდილება ქართულ მხარეს უკვე აქვს, ტოკიოში, მეღვინეობის ორგანიზებით, მიიწვიეს სუშის ოსტატი და იაპონური კერძი ქართულ ღვინოსთან შეწყვილებულად წარადგინეს.

ასევე, მინდა ვთქვა, რომ ერთადერთი ქვეყანაა იაპონია, სადაც არის ღვინის ერთი მაგისტრი. ესაა კენიჩი ოჰაში, რომელიც არის ჩვენი პარტნიორი, რომელიც ქართული ღვინის პოპულარიზაციას ეწევა. პროექტის “საქართველო – ღვინის სამშობლო” ფარგლებში, მისი ღონისძიებაც ჩატარდა და ამ ღონისძიებას მიეძღვნა. მნიშვნელოვანია ტოჩინოშინის ფაქტორიც, რომელმაც იაპონელებში ქართული კულტურის მიმართ ინტერესი გაზარდა.

M: რამდენად საინტერესოა იაპონია, ქართული ღვინის ექსპორტის თვალსაზრისით?

ქართული ღვინის ექსპორტი იაპონიაში ჯერ მცირეა, თუმცა დინამიკა მზარდია. და ის, რომ იაპონია ქართულ ღვინოს ყურადღებით ეკიდება, ჩანს უკვე ვიზიტებითაც, თუ ღვინოთი დაინტერესებული რამდენი ადამიანი ჩამოვიდა საქართველოში, რა მოთხოვნები აქვთ. მომზადებულები არიან, აინტერესებთ და საერთო ჯამში, ძალიან საინტერესო ქვეყანაა სამუშაოდ. სტრატეგიულადაც გამართლებულია – აზიის რეგიონში, იაპონია ეკონომიკურად ძალიან განვითარებულია და იქაური ტრენდი ავტომატურად ვრცელდება დანარჩენ ქვეყნებში.

M: როგორც აღნიშნეთ, გამოფენაზე ტექნოლოგიური ფორმატში იყო გამოყენებული…

იაპონიაში ადამიანები, ტექნოლოგიის საშუალებით, მარტივად მიწოდებულ ინფორმაციას უფრო იღებენ. მათთვის კლასიკური საგამოგენო განლაგება ნაკლებადაა საინტერესო. სწორედ, ამიტომ, მივმართეთ ტექნოლოგიურ ალტერნატივას. ამ პროექტში, ჩვენი პარტნიორია Sony Music Communications, რომელმაც შემოგვთავაზა ამ პროექტში შემოვიდა თავისი კონტრიბუციით – გაგვეკეთებინა 3D განზომილებაში გაშვებული ვიდეოპროექცია. ესაა WARP ტექნოლოგია, რომელიც მაყურებელს ინტერაქციის საშუალებას აძლევს. ეს იმას ნიშნავს, რომ იმ დროს, როდესაც საქართველო არის ნაჩვენები სამ ეკრანზე, მაყურებელს შეუძლია მივიდეს და კონკრეტულ ადგილებში ხელის მიდებით, იმ ადგილის შესახებ ინფორმაცია გახსნას.

ინტერაქტიული პროექტიის საშუალებით, დაწვრილებითი ინფორმაცია შეუძლიათ მიიღონ არქეოლოგიურ მასალაზეც, როდისაა მოპოვებული ესა თუ ის ნივთი, რას ნიშნავს, რას წარმოადგენს. ყველა საინტერესო ინფორმაცია მნახველთან გამონათებების სახით ხვდებოდა.

შეიქმნა სპეციალური ვებგვერდი გამოფენისთვის “საქართველო – ღვინის სამშობლო”. იქ შესაძლებელი იყო გენახათ ზოგადი ინფორმაცია, დაანონსებული აქტივობები, მოგეპოვებინათ ბილეთები და ა.შ. ვებგვერდის დიზაინი, წითელი ღვინის ბოკალითა და “აფეთქებული” ძველი ქვევრის ვიზუალით, ჩვენი ბრიფის საფუძველზე შექმნეს Sony Music Communications-ის დიზაინერებმა.

 

ავტორი: თამარ მეფარიშვილი

განხილვა