in

ოცნებიდან რეალობამდე — უორენ ბაფეტის 3 რჩევა წარმატების მისაღწევად

უორენ ბაფეტმა, გარდა იმისა, რომ მსოფლიოში ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ინვესტორია, დროთა განმავლობაში ერთგვარი მრჩევლის როლიც შეითავსა. ის ძალიან ბევრს საუბრობს წარმატების წესებზე, მიზნის მიღწევის სტრატეგიებსა და ცხოვრების გაუმჯობესების გზებზე.

pasha-statiebi
pasha-statiebi

ახლა კი ბაფეტის მიერ შემოთავაზებულ 3 ნიშანზე ვისაუბრებთ, რომლებიც უბრალოდ ოცნებასა და რეალურ შედეგებს შორის განმასხვავებელ ფაქტორებად გვევლინება:

1. ყოველდღე იმაზე ჭკვიანი დაწექით დასაძინებლად, ვიდრე დილას იყავით

ბაფეტს არაერთხელ უთქვამს, რომ ნებისმიერ ჩვენგანს შეუძლია მისი მსგავსი წარმატების მიღწევა. ამის გასაღებად კი ყოველდღიურ განვითარებას მიიჩნევს — „ასე გროვდება ცოდნა, ისევე, როგორც რთული პროცენტი“.

ამ მოსაზრების ლოგიკურობას ისიც ამტკიცებს, რომ თავად უორენ ბაფეტის ყოველდღიური რუტინის 80%-ს კითხვა წარმოადგენს. რა თქმა უნდა, სამსახურის და ცხოვრების სხვა მოვალეობების პარალელურად, ყველას არ გვრჩება კითხვისთვის ამდენი დრო. თუმცა ზემოხსენებული ფორმულის მთავარი არსი რაღაც ახლის სწავლა და პროგრესირებაა — ამის მიღწევა კი ერთ წინადადებაშიც შეიძლება ხოლმე.

2. გარშემო თქვენზე კარგი ადამიანები შემოიკრიბეთ

წიგნში The Snowball: Warren Buffett and the Business of Life ბაფეტის ფრაზაა მოხმობილი: „ცხოვრებამ მასწავლა, რომ შენზე კარგ ადამიანებთან ურთიერთობა ძალიან კარგია, რადგან ეს გაიძულებს, ოდნავ უკეთესი გახდე. და თუ შენზე ცუდებთან გაქვს კავშირი, მალე დაიწყებ დაბლა-დაბლა დაშვებას“.

აღნიშნულ მოსაზრებაზე დაყრდნობით, როდესაც ირგვლივ წარმატებულ პირებს შემოიკრებთ, ეს თავისთავად აისახება კარიერულ პროგრესზე. ასეთ დროს მათგან სწავლობ, უფრო ჭკვიანი ხდები, ითვისებ წარმატებისთვის დამახასიათებელ ჩვევებს, აფართოებ ხედვას და საბოლოო ჯამში, უკეთესი ხდები.

ცხადია, საპირისპიროს გაკეთებას საპირისპირო შედეგებამდე მივყავართ.

3. ინვესტიცია ჩადეთ საკუთარ თავში

2022-ში Berkshire Hathaway-ის აქციონერთა ყოველწლიურ შეხვედრაზე ბაფეტმა თქვა, რომ ყოველთვის შესაძლებელია საკუთარი თავის ინფლაციისა და რეცესიისგან დაცვა. ამას კი ერთი მარტივი ფილოსოფიური ხედვით მივაღწევთ: „საუკეთესო, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ, ის არის, რომ რაღაცაში შეუდარებლად კარგი იყოთ. ადამიანები ყოველთვის მოგცემენ რაღაცას იმის სანაცვლოდ, რასაც თავად შესთავაზებთ“.

ლეგენდარულმა ინვესტორმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უნარ-ჩვევების დახვეწა საუკეთესო საშუალებაა ნებისმიერი სირთულის გადასალახად. მაშინაც კი, თუ მასშტაბური პრობლემების წინაშე იქნებით, შესაძლებლობებს ვერავინ წაგართმევთ — ხოლო მათი სწორად გამოყენებით სასურველ რეალობამდეც მიხვალთ.

წყარო: Inc.



შრიფტი, რომელიც ცხოველების რაოდენობის კლებასთან ერთად ქრება

ვებსტერის უნივერსიტეტი ტრენინგებსა და მასტერკლასებს აანონსებს