შესაძლოა, უორენ ბაფეტის მარტივი სიბრძნე თქვენთვის რევოლუციურად არ ჟღერს, თუმცა, 90 წელს მიღწეული პროფესიონალისგან, რომელიც Berkshire Hathaway-ს დირექტორია და მენეჯმენტის მსოფლიო დონის სპეციალისტებს შორის მოვიხსენიებთ, მაინც ღირს რაღაც ახლის სწავლა, რაც თავად უორენ ბაფეტს მთელი ცხოვრების განმავლობაში გამოადგა. ერთ-ერთი ასეთი წესია: გათავისუფლდით ცუდი ქცევისგან. უმეტესობა ჩვენგანს გვაქვს განცდა, თუ რა გვიშლის ხელს სრული პოტენციალის გამოვლინებაში და ბაფეტის მიდგომაც სწორედ საკუთარ უარყოფით მხარესთან გამკლავებას ეხება: “ადამიანებს თვითდესტრუქციული ქცევითი მოდელები აქვთ. ისინი მართლაც შეპყრობილები არიან ამით.”
გამოსავალი საკმაოდ მარტივია. მან ფლორიდის უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს ურჩია, კარგი ჩვევების პრაქტიკა დანერგონ, სანამ გვიან არ არის:
“ამის გაკეთება ბევრად მარტივად შეგიძლიათ ახლა, ვიდრე ჩემს ასაკში, რადგან ქცევების უმეტესობა ჩვევას წარმოადგენს. ჩვევების ჯაჭვის სიმძიმე კი, იქამდე არ იგრძნობა, სანამ მათი დამსხვრევა მეტისმეტად რთული არ გახდება”.
რა თქმა უნდა, ბევრად მარტივია ჩვევების შეცვლა 20 წლის ასაკში, ვიდრე 50-ის ან 60 წლის როცა ხართ. თუმცა, რა ასაკისაც არ უნდა იყოთ, დესტრუქციული ქცევებისგან გათავისუფლება წარმატების მიღწევის აუცილებელი პირობაა. მაინც, რა ჩვევებისგან უნდა განვთავისუფლდეთ? ბავშვობაში, მშობლები ასეთ რაღაცებს გვეუბნებოდნენ: სავსე პირით ნუ საუბრობ, ნუ ხმაურობ საზოგადოებაში, ნუ სცემს შენს ძმას… რა შეიცვალა ახლა, როცა უკვე დიდები ვართ? ცოტა რამ… ეს დაუწერელი წესები საბავშვო მოედნებიდან კორპორაციულ ნორმებსა და ქცევებში გადაიზარდა. მაინც, როგორ განვთავისუფლდეთ მათგან?
ჭორები კოლექტივში
ჭორები დამალულია და ბევრი პროფესიონალი ამას მაშინაც კი ვერ ამჩნევს, როდესაც თავად არის ჩართული ამ პროცესში. უარეს შემთხვევაში ისეც ხდება, რომ ჭორებს ადამიანები პირადი ინტერესების წინ წასაწევად იყენებენ, სხვა ადამიანების ხარჯზე. ასეა თუ ისე, რთულია იცოდე რაღაც საინტერესო ამბავი და ის შენთვის შეინახო. ამიტომ, როდესაც ჭორები ორგანიზაციის დერეფნებში იწყებენ მოგზაურობას და სამუშაო პროცესის განუყოფელ ნაწილად იქცევიან, ამას საშინელი შედეგები მოყვება:
- ნდობისა და მორალური მდგომარეობის ვარდნა
- ემოციური დრამა, რომელიც შრომით პროდუქტიულობაზე მოქმედებს
- ჭორების ცირკულაციის პარალელურად, მატულობს შფოთვა და დაძაბულობა
- თანამშრომლებს შორის უთანხმოებას კოლექტივის გახლეჩა მოსდევს
- ამ ყველაფერს კი, ნიჭიერი თანამშრომლის დაკარგვა შეიძლება მოყვეს
შიშზე დაფუძნებული მმართველობა
თუკი გსურთ გაამყაროთ ნდობა და შექმნათ ერთიანი მაღალეფექტიანი გუნდი ან ორგანიზაცია, გათავისუფლდით ავტოკრატიული დამოკიდებულებისა და ადამიანების გულებსა და გონებაში შიშის თესვისგან.
ეს ნიშნავს, რომ ლიდერმა გუნდის წევრებს ექსპერიმენტების ჩატარებისა და შეცდომების დაშვების საშუალება უნდა მისცეს. ამას დისკრეციული ძალისხმევა და შედეგების ზრდა მოყვება.
როდესაც ხელმძღვანელობა არა კონტროლს, არამედ ავტონომიურობის წახალისებასა და კოლექტიურ სიბრძნეს ნიშნავს, საინტერესო ამბები ხდება.
აქტიური მოსმენის ნაკლებობა
ეფექტური ურთიერთობა მხოლოდ საუბრებს არ მოიცავს. საუკეთესო მოსაუბრეები ყურადღებით უსმენენ პარტნიორს, სვამენ კითხვებს, ეძებენ სიღრმეებს, მნიშვნელობას, ურთიერთგაგებას… ამ ყველაფერს კი “ამ მომენტში” ყოფნა სჭირდება. ეს ნიშნავს იმას, რომ კი არ უნდა განიხილოთ სხვები, რათა თქვენი ინტერესები და მოსაზრებები მოახვიოთ თავს, არამედ, ნამდვილად მოუსმინოთ მოსაზრებასაც, კრიტიკასაც, წუხილსაც, შიშებსაც და გამოსავალსაც.
ტყუილი
ზოგჯერ, ადამიანები იტყუებიან იმისთვის, რომ მათ შესახებ არ გათქვან ინფორმაცია ან რაღაც მიზეზის გამო, რაც მათ ტყუილისკენ უბიძგებს. ეს უკანასკნელი პირადად არ მიიღოთ. თქვენი კოლეგები თქვენი საუკეთესო თვისებებიდან გამომდინარე შეიძლება გატყუებდნენ. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ სხვა ადამიანები ყველაზე ხშირად, თქვენი ცუდი თვისებების გამო გატყუებენ.
როგორც აღმოჩნდა, ტყუილი ისეთი რამაა, რის მიმართაც მალე ვადაპტირდებით. ჩვენ ვიტყუებით მარტივად, დიდ და პატარა საკითხებზე, უცხოების, კოლეგების, მეგობრებისა და საყვარელი ადამიანების მიმართაც კი. ჩვენი ასეთი უნარი ჩვენთვის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც სხვების ნდობა ჩვენ მიმართ, რომელიც ტყუილის გამოაშკარავებისთანავე იმსხვრევა. ტყუილი ჩვენს ძვალსა და რბილშია გამჯდარი და ერთი, რაც მას ნამდვილად ახასიათებს – ტყუილი სრულიად ადამიანურია. საბოლოო ჯამში, იმის ცოდნა, თუ რა მიზეზით ცრუობენ ადამიანები ტყუილისგან თავდაცვაში დაგეხმარებათ.
გულწრფელობის ნაკლებობა
ბაფეტი ამბობს: “რეპუტაციის შენებას 20 წელი სჭირდება, მის დამსხვრევას კი – რამდენიმე წუთი. თუკი ამაზე იფიქრებთ, სხვანაირად დაიწყებთ მოქმედებას.” მაინც, როგორ უნდა დაამსხვრიოთ რეპუტაცია ხუთ წუთში? არ აიღოთ პასუხისმგებლობა საკუთარ ქმედებებზე. ნებისმიერი ადამიანის რეპუტაცია, მთლიანი კარიერა და წარმატება შეიძლება ჩამოიშალოს ქაღალდის სახლივით, იმის მიუხედავად, რამხელა ძალისხმევა ჩადო ამ ყველაფერში. ბაფეტის თქმით, თუკი ვენებში გულწრფელობა არ გიჩქეფთ, წააგებთ. ის დარწმუნებულია, რომ გულწრფელობა სასიცოცხლო ძალაა, რომელიც ადამიანს წარმატების მიღწევაში ეხმარება.
წყარო: inc