14
სექ
2018

უორენ ბაფეტის აზრით, წარმატება მხოლოდ სიყვარულით იზომება

14 სექ 2018

საერთაშორისო კონგლომერატის Berkshire Hathaway-ის აღმასრულებელი დირექტორი, უორენ ბაფეტი იშვიათად ცდება. განსაკუთრებით, როცა საქმე ინვესტიციებსა და ინოვაციას ეხება. „თუ ჩემს ასაკში თქვენზე კარგს არავინ იტყვის, მნიშვნელობა არ აქვს, რა თანხა გექნებათ საბანკო ანგარიშზე, იცოდეთ, რომ თქვენი ცხოვრება კატასტროფაა“- ასე განუმარტა, ბაფეტმა სტუდენტებს „წარმატება“.

statiebi-bog
statiebi-bog

 

უორენ ბაფეტი: თუ ჩემს ასაკში თქვენზე კარგს არავინ იტყვის, მნიშვნელობა არ აქვს, რა თანხა გექნებათ საბანკო ანგარიშზე, იცოდეთ, რომ თქვენი ცხოვრება კატასტროფაა“

მისი აზრით, წარმატება არ უკავშირდება სიმდიდრეს, ძალაუფლებას, დიდებას. აქ გადამწყვეტი მხოლოდ სიყვარულია:

„პრინციპში, ჩემს ასაკში, წარმატებას თქვენც იმის მიხედვით შეაფასებთ, რამდენი ადამიანი გეყვარებათ სინამდვილეში. მე ვიცნობ ხალხს, ვისაც საკმაოდ ბევრი ფული აქვს, პატივისცემის ნიშნად, ვინ იცის რამდენ ვახშამზე იწვევენ ან მათ სახელს რამდენ რამეს მიაწერენ, მაგრამ, რეალურად, არავის უყვარს. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, როგორ იცხოვრებთ. საქმე იმაშია, რომ სიყვარულს ვერ იყიდით. შეიძლება, იყიდოთ სექსი, სადღესასწაულო სადილი და ა.შ. მაგრამ ხალხს თავი მხოლოდ თქვენი ქცევით უნდა შეაყვაროთ. ეს ცოტა გამაღიზიანებელია, თუ ბევრი ფული გაქვთ. შესაძლოა, გიფიქრიათ კიდეც, „ვიყიდი სიყვარულს მილიონ დოლარად”, მაგრამ ასე არ ხდება. უბრალოდ, სიყვარული უნდა გასცეთ და რაც მეტს გასცემთ, უკან მით მეტი სიყვარული დაგიბრუნდებათ“.

ანუ, გამოდის, რომ ცხოვრების საბოლოო „გამოცდის ჩაბარებას“ არანაირი კავშირი არ აქვს ფულთან. ყველაფერი მარტივია – მთავარი ადამიანებს შორის ყველაზე ძლიერი განცდა სიყვარულია. და ამას ამბობს 90 წლის ადამიანი, რომელიც სიმდიდრით, მსოფლიოში, მესამე ადგილზეა.

ახლა, ჩვენს რეალობას რომ დავუბრუნდეთ, რამდენ ხელმძღვანელს, ანტრეპრენუარს, მენეჯერს, კომპანიის დამფუძნებელს იცნობთ, ამ პრინციპით რომ ცხოვრობს? რამდენს უთქვამს: „ის ბევრს უყვარდა”?!

არსებობს რამდენიმე გზა, როგორ დაიმსახუროთ თანამშრომლების და ზოგადად, ხალხის სიყვარული, რაც, როგორც აღმოჩნდა, წარმატების პირდაპირპროპორციული ყოფილა.

ყველაფერი უანგაროდ უნდა აკეთოთ! 

სიყვარული ორმხრივია, მაგრამ პირველი ნაბიჯი ვინმემ ხომ უნდა გადადგას? და რატომ არ უნდა იყოთ ეს თქვენ? მაგალითად, შეგიძლიათ, წაახალისოთ კოლეგა, დაეხმაროთ თანამშრომელს განვითარებაში, რაიმე ასწავლოთ და ა.შ. უკან ყველაფერი პატივისცემის, დაფასების, თქვენ მიმართ ვალდებულების, ნდობის, ლოიალობის სახით დაგიბრუნდებათ. და ეს თავისთავად მოხდება, თუ გარშემომყოფები თქვენგან უანგარო და უპირობო ქცევას, სიყვარულს დაინახავენ.

მნიშვნელოვანია სიყვარულის კულტურა!

„ყოველი დღე მიყვარს. მხოლოდ იმ ხალხთან ერთად ვმუშაობ, ვინც მიყვარს. მსოფლიოში, სხვაგან არსად არ არსებობს Berkshire-ზე სახალისო სამსახური. ძალიან გამიმართლა აქ რომ ვარ“, – ამბობს ბაფეტი“.

სამსახური შეიძლება იყოს რთული, მუშაობდნენ უარყოფითი ადამიანები, მაგრამ პლანეტის საუკეთესო კოპანიებში თანამშრომლებს მისვლა უხარიათ, რადგან ხელმძღვანელობა, მათ მიმართ, პრაქტიკულ სიყვარულს (აისახება ურთიერთობებზე) ავლენს.

როდესაც კოლეგებს მთავარი ღირებულებები და ეთიკური ქცევა აერთიანებთ, ყველა განყოფილებას უნიკალური წვლილი შეაქვს კომპანიის განვითარებაში, თითოეული თანამშრომელი გასცემს და იღებს სიყვარულს, ისე, რომ სამაგიეროდ არაფერს ელის, კომპანიის ეფექტურობა იზრდება, რასაც გუნდი დიდ წარმატებამდე მიჰყავს.

შეიმუშავეთ პლატინის წესი! 

„ისე მოექეცი სხვებს, როგორც გინდა, რომ თავად მოგექცნენ“, – ეს ოქროს წესი ყველამ ვიცით. მაგრამ პლატინის წესს, – „სხვებს ისე მოექეცით, როგორც ეს თავად სურთ“- სიყვარული სხვა სიმაღლეზე აჰყავს.

დეივ კერპენი (ავტორი წიგნისა „ხალხის ხელოვნება“) ამბობს, რომ ოქროს წესს გარკვეული შეზღუდვები აქვს, რადგან ადამიანები და სიტუაციები ერთმანეთისაგან განსხვავდება. აი, პლატინის წესს თუ მიჰყვებით, შეგიძლიათ, დარწმუნებული იყოთ, რომ ზუსტად ისე ექცევით ადამიანს, როგორც თავად სურს. ასეთ შემთხვევაში კი, შეგიძლიათ, დარწმუნებული იყოთ, რომ საუკეთესო შედეგს მიიღებთ.

აკეთეთ, რაც გიყვართ! 

„ბიზნესის სამყაროში ყველაზე დიდ წარმატებას ის აღწევს, ვინც საყვარელ საქმეს აკეთებს“,- ამბობს ბაფეტი. კარგად დაფიქრდით. დღეს ხომ ჩვეულებრივი მოვლენაა, გქონდეს სამსახური, იღებდე ხელფასს, სხვა ბენეფიტებს, მაგრამ მაინც უკმაყოფილო და იმის კეთებაზე  ოცნებობდე, რაც რეალურად გიყვარს.

აკეთო ის, რაც გიყვარს, ადამიანის ბედნიერების მთავარი წყაროა. უფრო მეტიც, მთავარი პრიორიტეტი იმის გაგება უნდა იყოს, რეალურად რა გიყვართ. პირველ რიგში, სწორედ ეს უნდა გაარკვიოთ და შემდეგ დაისახოთ მიზნად მისი მიღწევა.

წყარო: inc.com



განხილვა