უორენ ბაფეტი იშვიათად ცდება, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ინვესტიციებს ეხება. თუმცა მისი სწორი შეხედულებები კარიერასა და, ზოგადად, ცხოვრებაშიც ამართლებს. როგორც თავად ამბობს, სრულყოფილი შედეგების მისაღებად, ეს ერთი გაკვეთილი უნდა გავითვალისწინოთ: „როდესაც ჩემს ასაკამდე მიაღწევთ, ცხოვრებისეულ წარმატებას იმის მიხედვით გაზომავთ, რამდენი ადამიანია ისეთი, ვისაც გინდათ რომ უყვარდეთ და მართლაც უყვარხართ“.
წარმატების „ბაფეტისეული“ საზომი
ბიზნესმენს თუ დავუჯერებთ, ხანდაზმულობისას ყურადღებას არც კი მივაქცევთ იმას, თუ რამდენად დიდი დანაზოგი გვაქვს. მისთვის ბედნიერი ცხოვრება ფულთან და მატერიალურ სარგებელთან არ არის დაკავშირებული — ამის ნაცვლად, პრიორიტეტულია ურთიერთობები და კავშირები, რომლებსაც ჩვენზე დადებითი გავლენა აქვს.
ამგვარი მიდგომით, წარმატების „ბაფეტისეული“ საზომი იმ მოედანს ჰგავს, სადაც სასურველის მიღწევა ყველას შეუძლია. უბრალოდ, უნდა დავფიქრდეთ, რა არის საუკეთესო გზა ამ პრინციპით ცხოვრებისთვის — ანუ, უყვარდე იმას, ვისაც გინდა, რომ უყვარდე… სხვა სიტყვებით, თუ უიმედობა შემოგვაწვება, გარშემომყოფებმა, თავიანთი სიყვარულით, იმედებით აგვავსონ და საკუთარი თავის რწმენა დაგვიბრუნონ? ამისათვის უორენმა შესაბამისი რჩევებიც გაუზიარა საზოგადოებას.
იყავით უანგაროები
ანგარების გარეშე ცხოვრება ნიშნავს, რაიმეს გაკეთების სანაცვლოდ, სარგებელს არ ველოდეთ. როდესაც სიკეთის კეთებას გადავწყვეტთ, უნდა გვახსოვდეს, რომ სხვებისგან ანალოგიურის მიღება აუცილებელი არაა. რადგანაც უკვალოდ არაფერი ქრება, სამომავლოდ აუცილებლად მივიღებთ რაღაც კარგს, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ჩვენი თვითმიზანი.
იყავით ცნობისმოყვარე
ცნობისმოყვარეობის გამოვლენამ შეიძლება დიდი გავლენა იქონიოს ირგვლივმყოფ ადამიანებზე. სხვებთან კონტაქტისას, დაინტერესდით იმ თემებით, რაზეც გელაპარაკებიან — გამოიყენეთ კითხვების დასმის ტექნიკაც, რათა აგრძნობინოთ, რომ მათ მართლა უსმენთ და ზედაპირულად არ უდგებით. ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, ცნობისმოყვარე ადამიანებს გაცილებით კარგი ურთიერთობები აქვთ, სოციალურად აქტიურები არიან და მარტივადაც ექცევიან ყურადღების ცენტრში.
იზრუნეთ სხვებზე
ადამიანთა უმეტესობა ერთი „ოქროს წესით“ ცხოვრობს: „მოექეცით სხვებს ისე, როგორც გინდათ, რომ თავად მოგექცნენ“. თუმცა ბაფეტის საზომის თანახმად, ეს წესი ოდნავ უნდა შევცვალოთ: „მოექეცით სხვებს ისე, როგორც უნდათ, რომ მოექცეთ“. როგორ კარგადაც უნდა ჟღერდეს პირვანდელი ვერსია, მას თავისი შეზღუდვები აქვს, რადგან ყველანი განსხვავებულები ვართ და ის, რაც ერთს უნდა, მეორეს სულაც არ სიამოვნებს. ხოლო მეორე ვარიანტი იმითაც კარგია, რომ თანაგრძნობასაც ააქტიურებს — ლიდერის იმ უდიდეს ძალას, როდესაც სიტუაციას სხვისი გადმოსახედიდანაც ვაფასებთ.
წყარო: Inc.