მოქმედი და ვეტერანი სამხედრო მოსამსახურეების მხარდასაჭერად, შეიქმნა „მეომრის ყავის კლუბი“, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ყავის კულტურის განვითარებაში საქართველოს შეიარაღებული ძალების ვეტერანების ჩართულობას გულისხმობს. საქმიანობის ფარგლებში, კლუბი უზრუნველყოფს საუკეთესო ხარისხის ყავის მოძიებას, ტრანსპორტირებას, ადგილზე მოხალვას და მომხმარებლის სახლის კარამდე მიტანას. ვეტერანთა მხარდაჭერას საინიციატივო ცნობადობის ამაღლებითაც ცდილობს. სწორედ ამიტომ, შეიქმნა „მეომრის პოდკასტი“, რომელიც მსმენელებს „ცოცხალ გმირებს“ გააცნობს.
„ჩვენთან ისეა მიღებული, რომ საზოგადოება ძირითადად გარდაცვლილ გმირებს იცნობს, ცოცხალი გმირების ისტორიები კი უცნობი რჩება. სწორედ ამ მოცემულობამ მისცა ბიძგი „მეომრის პოდკასტს“. ჩვენს სტუმრებს წარმოადგენენ როგორც ვეტერანი, ასევე მოქმედი სამხედრო მოსამსახურეები. სამწუხაროდ, საქართველოში სიტყვა „ვეტერანი“ ასოცირდება წარუმატებლობასთან. უახლოეს ისტორიაში გადატანილი საბრძოლო მოქმედებები და მათი შედეგები ადამიანებში დამარცხებისა და უიმედობის განცდას იწვევს. ჩვენთვის მთავარ ამოცანას წარმოადგენს ინდივიდუალური გმირობის მაგალითების წარმოჩენა. კონკრეტული საომარი ეპიზოდები, კონკრეტული მოვლენები, რომლებიც ხშირად გლობალურ კონტექსტში შეუმჩნეველი რჩება. გვჯერა, რომ ვეტერანების წარმოჩენა უბრალო ადამანებად თავისი განცდებით, ემოციებით, სიხარულითა და გულისტკივილებით უფრო შეამცირებს იმ დაშორებას, რაც არსებობს საზოგადოებასა და სამხედროებს შორის,“ – ამბობს ინიციატივის ავტორი, თაზო დემეტრაშვილი.
M: რა მთავარ მიზანს ემსახურება „მეომრის ყავის კლუბი“?
ესაა ამერიკული მოდელი, რომელიც ქართულ რეალობაში გადმოვიტანეთ. იმ განსხვავებით, რომ თუკი აშშ-ში დონაციაზეა აქცენტი, ჩვენ ვცდილობთ ყურადღება არა დახმარებაზე გავამახვილოთ, არამედ სამხედრო ვეტერანების დასაქმებას შევუწყოთ ხელი. შევუქმნათ ისეთი პირობა, რომ ვეტერანმა, სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ, მუშაობა შეძლოს. ამავდროულად, გვინდა სამხედრო მოსამსახურისთვის დამახასიათებელი უნარების დახმარებით, მათი დასაქმებისკენ ვუბიძგოთ კომპანიებს. ეს მოქმედ სამხედროებსაც მისცემთ მოტივაციას, რომ თუნდაც, შეისწავლონ ახალი პროფესია და საჯარო ან კერძო სექტორში განაგრძონ საქმიანობა. ბიზნეს-მოდელი ამერიკიდან გადმოვიტანე, სადაც 6 წლის განმავლობაში ვიყავი ემიგრაციაში. მე თავად ვარ ყოფილი სამხედრო მოსამსახურე. ერთი წელია, დავბრუნდი სამშობლოში. 2-ჯერ ვიყავი მივლინებით ერაყში, ერთხელ – ავღანეთში. მჭიდრო შეხება მაქვს როგორც მოქმედ, ასევე, ვეტერან სამხედროებთან.
M: რატომ აირჩიეთ პროდუქტად ყავა?
ყავა სამხედრო სფეროს ადამიანებისთვის მნიშვნელოვანი პროდუქტია, რომელსაც დიდი რაოდენობით მოვიხმართ. ამას გარდა, ყავა საკმაოდ პოპულარულია საზოგადოებაში, მათ შორის, საქართველოში. ამის პრაქტიკა უკვე არსებობს აშშ-ში, იმ განსხვავებით, რომ იქ მთავარი აქცენტი დონაციაზეა.
ჩვენ შევისწავლეთ, დავაგემოვნეთ და ავითვისეთ მოხალვის ისეთი ტექნოლოგია, რომელიც ყავას ანიჭებს არა მხოლოდ საოცარ გემოს, არამედ უბრუნებს მას ყავის ძირითად დანიშნულებას – თქვენი დღე დაიწყოს მხნედ. მალაიზია, კოლუმბია, ეთიოპია და გვატემალა – ამ ქვეყნების საოჯახო ფერმებიდან ყავა პირდაპირ თქვენს სახლში მოდის.
M: „მეომრის პოდკასტი“ რა იდეის მატარებელია?
„მეომრის პოდკასტი“ ყავის თემამდე დიდი ხნით ადრე დაიბადა. მინდოდა, რამდენიმე მიზნისთვის მიმეღწია – ერთი მხრივ, სამხედრო სფეროსთან შემენარჩუნებინა ჩემი კავშირი, იმის მიუხედავად, რომ დიდი ხანია შეიარაღებულ ძალებში აღარ ვარ, მეორე მხრივ, მსმენელებამდე მიმეტანა ამბები იმ ადამიანებზე, ვისაც აქვს გამოცდილება სამხედრო სფეროში. ეს იმიტომ, რომ ჩვენთან ცნება „გმირი“, როგორც წესი, დაღუპულ ადამიანებს უკავშირდება – ყველამ იცის ანწუხელიძე, დამენია, უფრო ცოტამ იცის ლევან ჯანგირაშვილი, ტანკები რომ აუფეთქა რუსებს, თემურ დადიანი, რომელმაც ორივე ფეხი დაკარგა და მაინც, ჩემზე ბევრად ძლიერია და ბევრად სწრაფად დარბის…
როდესაც ყავის იდეა დაიბადა, ვიფიქრე, რომ ეს ორი იდეა ერთმანეთს შეავსებს და დაეხმარება. ამით, ვეტერანების დასაქმებასაც შევუწყობთ ხელს, მათ შესახებ ცნობიერებასაც ავამაღლებთ. ამავდროულად, საზოგადოების ჩართულობასაც გავზრდით და იმ სიცარიელეს ამოვავსებთ, რაც შეიარაღებულ ძალებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის დიდი ხანია არსებობს.
პოდკასტის ეპიზოდების სტუმრები საუბრობენ თავის გამოცდილებაზე, იხსენებენ ისტორიებს, რაც მათ გადახდათ როგორც საომარ, ასევე მშვიდობიანობის პერიოდებში. იხსენებენ, თუ რამ განაპირობა მათი სურვილი ჩარიცხულიყვნენ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში.
უახლოეს მომავალში იგეგმება ემიგრანტი ვეტერანების ჩაწერა, რომლებიც იმყოფებიან ამერიკის შეერთებულ შტატებში. იგეგმება ასევე სამხედრო ლიტერატურის განხილვა მოქმედ და ყოფილ სამხედრო მოსამსახურეებთან, რომლებიც პარალელურად კითხულობენ ლექციებს სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში. „მეომრის პოდკასტი“ სრულად აგებულია მოხალისეობრივ პრინციპზე.
ავტორი: თამარ მეფარიშვილი