7
Jun
2019

ვარშავაში ხელოვნური პალმა გახმა – ქართველების მიერ შექმნილი ინსტალაცია

7 Jun 2019

პოლონეთის კლიმატი ისაა, რის ფონზეც პალმა ვერასდროს გაიხარებს. შესაბამისად, ბუნებრივია, რომ თუ ამ ქვეყანაში პალმას აღმოაჩენთ, იგი ხელოვნური იქნება. მის აღმოსაჩენად კი ბევრი წვალება არ მოგიწევთ, ვარშავის ერთ-ერთ მთავარ მოედანზე 2002 წლიდან დგას პალმა, რომელმაც წლების გასვლასთან ერთად მოსახლეობისთვის და ქალაქისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა შეიძინა – ვერავის წარმოუდგენია ვარშავა ამ პალმის გარეშე. თუმცა, 5 ივნისს ამ მოედანზე მოხვედრილი საზოგადოება არასასიამოვნოდ გაოცდა – მათ პალმა გამხმარი დახვდათ. ალბათ გაგიკვირდებათ, როგორ გახმა ხელოვნური პალმა, თუმცა, კლიმატის დღევანდელი მდგომარეობა თურმე ყველაფერზე მოქმედებს..

საქმე იმაშია, რომ 5 ივნისი გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეა და შესაბამისად, პალმის გახმობაც შემთხვევითი არ ყოფილა. მეტაფორულად იგი სწორედ რომ ჰაერის დაბინძურებასა და კლიმატის ცვლილებას უკავშირდებოდა. გამხმარი პალმა კი ლოგიკურია, ინსტალაციაა და იგი ვარშავის მოედანზე ივნისის ბოლომდე იქნება განთავსებული. შემდეგ პალმას აუცილებლად დაუბრუნდება თავისი მწვანე ფოთლები. პალმის გახმობის მიზანია, დააფიქროს საზოგადოება თავის საქმიანობაზე და მიიყვანოს იმ აზრამდე, რომ დღევანდელობაში უკვე უპირობო ვალდებულებად იქცა გარემოზე ზრუნვა.

თუმცა, ამ ამბავში ყველაზე საინტერესო ისაა, რომ აღნიშნული ინსტალაციის 4 შემქმნელიდან 2 ქართველია. ინსტალაციაზე მუშაობა საკომუნიკაციო სააგენტო Syrena Warsaw-ს დაევალა, რომელშიც ლევან მუსხელიშვილი კრეატიული დირექტორია, თენგიზ ბეგოიძე კი – გრაფიკული დიზაინერი. 20 წუთიანი ფიქრის შემდეგ სტრატეგიულ მიმართულებაზე “შევცვალოთ უცვლელი” სწორედ ვარშავის მარადმწვანე სიმბოლო პალმა ამოარჩიეს და უნდა ითქვას, რომ ამ დრომდე პოლონური მედიის ყურადღების ცენტრში არიან.

განხილვა