ძველი საბერძნეთიდან რენესანსამდე მარმარილო შედევრების შესაქმნელად იდეალური მასალა იყო. მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვას, ჩვეულებრივ, ღმერთებისა და ქალღმერთების იდეალისტურ იდეებს ვუკავშირებთ, ფრანგმა ხელოვანმა მას ციფრულ ეპოქაშიც მოუძებნა დატვირთვა. მისი “Wavestone” სერია შეიცავს კლასიკური სტილის ბევრ ბიუსტს, რომლებიც მაყურებლის თვალწინ გამოდის „მწყობრიდან“.
თითოეულ ამ დახვეწილ ნიმუშს ტრადიციული სტილის დეტალები, სახის რეალისტური ნაკვთები და ტექსტურირებული თმა ახასიათებს. ამ ყველაფერს კი დრამატული ტალღა არღვევს — ანგრევს ქანდაკების მთლიანობას. „ჩემი შემოქმედება საუბრობს წარსულის, აწმყოსა და მომავლის კავშირზე. მარმარილო მარადიულად ლამაზი ბუნებრივი მასალაა, რომელიც თავისთავად უნიკალურია. ჩემთვის მნიშვნელოვანი ჩანდა ამ კლასიკურ მასალაზე მუშაობა, რადგან ჩემი ნამუშევრები შთაგონებულია ბერძნული და რომაული ხელოვნებით. ერთგვარი დამახინჯება კი ვირტუალურობაა. ჩვენ ხომ ციფრულ სამყაროში ვცხოვრობთ, სადაც მხოლოდ ციფრული ტალღის სიგრძის სურათებია წარმოდგენილი“, — ამბობს ლეო კეილარი.
ქანდაკებების ეს სერია ცდილობს დააკავშიროს წარსულის „რეალობა“, რომელიც წარმოდგენილია ქვის მასალისა და ფიგურული სახეებით, ჩვენი თანამედროვე საზოგადოების „ვირტუალურობასთან“ — ანუ, ტალღის აბსტრაქციასთან.