აშშ-ს დედაქალაქ ვაშინგტონში „ქართული ღვინის პირველი ფორუმი“ მიმდინარეობს. ღონისძიება სამდღიანია და „საფერავის ფესტივალსა“ და „ქართული ღვინის დეგუსტაციებს“ მოიცავს. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ფორუმის დასკვნითი ნაწილი სამეცნიერო კონფერენციას დაეთმობა, რომელიც ეძღვნება ქართული ღვინის კულტურასა და თანამედროვეობას. წარმომადგენლობით სამეცნიერო კონფერენციაში, რომელიც აშშ-ს სტრატეგიისა და საერთაშორისო კვლევების ცენტრში (CSIS) გაიმართება, მონაწილეობას მეცნიერები და ღვინის პროფესიონალები მიიღებენ.
ერთი წლის წინ, 2017 წლის 13 ნოემბერს, აშშ-ის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სამეცნიერო ჟურნალში (PNAS) გამოქვეყნდა სამეცნიერო სტატია „საქართველოს ადრეული ნეოლითური ღვინო სამხრეთ კავკასიიდან“ საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალის კვლევის შესახებ, რომელიც ადასტურებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ღვინოს 8 ათასი წლის წინ აყენებდნენ. კონფერენციის ძირითადი თემაც აღნიშნული სამეცნიერო დასკვნა იქნება“, – ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
რაც შეეხება კონკრეტულ ღონისძიებებს. სამინისტროს ინფორმაციით, „საფერავის ფესტივალს“, რომელსაც აშშ-ში საქართველოს საელჩო მასპინძლობდა, 400-მდე სტუმარი დაესწრო – ღვინის პროფესიონალები სამეცნიერო წრეებიდან, ასევე ღვინის იმპორტიორები და სხვადასხვა რესტორნებისა და მაღაზიების ქსელების წარმომადგენლები. „საფერავის ფესტივალზე“ წარმოდგენილი იყო ქართული ღვინის კომპანიების წარმოებული 25 საფერავის ღვინო.
„ქართული ღვინის პირველი ფორუმის“ ორგანიზატორია საქართველო-აშშ-ს ბიზნეს საბჭო, მხარდამჭერები კი არიან: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტო და საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში.