12
Jul
2019

ვაშინგტონ ოლივეტო Ad Black Sea 2019-ის სპიკერი იქნება

12 Jul 2019

McCann Europe-ის კრეატიული კონსულტანტი ვაშინგტონ ოლივეტო, წელს, ქართულ საერთაშორისო კრეატიულ ფესტივალს Ad Black Sea ეწვევა. ოლივეტო გლობალური სარეკლამო ინდუსტრიის ვარსკვლავია. ის, ასევე, ძალიან გავლენიანი პიროვნებაა ბრაზილიაში. Ad Black Sea-ზე ოლივეტოს გამოსვლა ბრაზილიისთვის შექმნილ სარეკლამო კამპანიაზე იქნება. Made in Brasil and Brazil ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი და გლობალური კამპანიაა.

ვაშინგტონ ოლივეტო უსათუოდ გამორჩეულია მათ შორის, ვისაც ყველაზე მეტი ჯილდო აქვს მოგებული კრეატიულ ინდუსტრიაში. მხოლოდ Film კატეგორიაში, მას 50 ლომი აქვს მოპოვებული კანის კრეატიულ ფესტივალზე. ასევე, ის გახლდათ ერთადერთი ლათინო-ამერიკელი, რომელმაც 2001 წელს Grand Clio მოიპოვა. British Magazine Media International-მა ოლივეტო მსოფლიო კრეატიული ინდუსტრიის 25 გამორჩეულ ადამიანს შორის დაასახელა, ლათინო-ამერიკის სარეკლამო სააგენტოების ასოციაციამ ALAP და ბრაზილიურმა გამოცემამ Monitor Mercantil-მა ის ორჯერ დაასახელეს საუკუნის პროფესიონალად.

მისმა ნაშრომებმა შთააგონა ცნობილი ბრაზილიელი მომღერალი, ხორხე ბენ ჟორი, რომელმაც ვაშინგტონ ოლივეტოს ინსპირაციით, ორი სიმღერა დაწერა. ოლივეტოს სახელი ჰქვია არაერთ კერძსა და გამორჩეულ რესტორანს.

2011 წელს, ბრაზილიის ფოსტამ შექმნა მარკა, რომელზეც ვაშინგტონ ოლივეტოს სახელი ეწერა და გამოსახული იყო კრისტო რედენტორის ქანდაკება, კოლიზეუმთან ერთად. ეს მარკა იტალიისა და ბრაზილიის მეგობრობასთან დაკავშირებით შეიქმნა და ამ ორი ქვეყნის სოციალურ, კულტურულ და ეკონომიკურ ურთიერთობას უსვამდა ხაზს.

ვაშინგტონ ოლივეტომ შექმნა ის ორი ბრაზილიური რეკლამა, რომელიც შევიდა ბერნის კენერის წიგნში “100 საუკეთესო რეკლამა და რატომ გაამართლეს მათ” (“The 100 Best TV Commercials … And Why They Worked”).

ბრაზილიის ყველა სანდო გამომცემლობამ, ოლივეტო ქვეყნის ყველაზე სანდო სპეციალისტად დაასახელა.

ვაშინგტონ ოლივეტოს ავტორობით დაწერილი შვიდი წიგნი ბრაზილიის ბესტსელერებში რამდენიმე კვირის განმავლობაში ლიდერობდა.

2014 წელს, Clio Awards-ზე ოლივეტო, თავისი მიღწევებისთვის, დააჯილდოვეს პრემიით Lifetime Achievement Award. როგორც ფესტივალის ვიცე-პრეზიდენტმა, ნიკოლ პურსელმა თქვა: “ათწლეულების განმავლობაში, ვაშინგტონი თავისი ნამუშევრებით ბრაზილიურ კრეატივს მთელ მსოფლიოში ავრცელებდა…”

2016 წელს, ვაშინგტონი LinkedIn-ის ინფლუენსერი გახდა და მსოფლიო გამორჩეულ მოაზროვნეთა რიგებს შორის მოხვდა.

ოლივეტოს წილად ხვდა ოლიმპიური ჩირაღდნის ტარებაც, რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებზე. შემდეგ კი, ლისაბონის საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალზე მიიღო ჯილდო სარეკლამო ინდუსტრიაში განსაკუთრებული დამსახურებისთვის.

2017 წელს, ლონდონში გადავიდა საცხოვრებლად. 2018 წლის აპრილში, გამოუშვა წიგნი “Direto de Washington”, რომელიც თვეების განმავლობაში ბრაზილიის ბესტსელერი იყო.

2019 წლის 19-21 სექტემბერს, ვაშინგტონ ოლივეტო ბათუმს ეწვევა და Ad Black Sea-ს 600-ზე მეტ დელეგატს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას გაუზიარებს.

განხილვა