4
Sep
2018

 როგორ გავფლანგოთ დრო ნაყოფიერად?! – ვებ გვერდები, რომლებიც აუცილებლად უნდა „დავსქროლოთ“ 

4 Sep 2018

თანამედროვე ყოველდღიურობაში ტერმინი „სქროლვა“ ისე დამკვიდრდა, თითქოს, ეს სიტყვაც და საქმიანობაც სულ ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო. ალბათ, ყველასთვის ნაცნობი სიტუაციაა – დილა. მაღვიძარას ზარი. ძილის შებრუნების სურვილი და მოზღვავებული პასუხისმგებლობა. ძილ-ბურანიდან გამოსარკვევად აღებული მობილურის ეკრანის თვალისმომჭრელი ნათება. და, როგორც ყოველთვის, დღე Facebook-ისა თუ Instagram-ის კედლის „სქროლვით“, მიღებული წერილების შემოწმებით და საყვარელი მუსიკით იწყება.

pasha-statiebi
pasha-statiebi

თუმცა, რიტუალი მხოლოდ დილის კი არა, მთელი დღის შემადგენელი ნაწილი ხდება. და ჩვენც, მომავალ საქმეებსა და ვალდებულებებზე ფიქრში გართულები, დროს ამ ვირტუალურ სივრცეში ვფლანგავთ. იმისათვის, რომ პროცესი უფრო ნაყოფიერი ან ნაკლებად მოსაბეზრებელი გახდეს, გთავაზობთ, ვებ გვერდების ჩამნათვალს, რომელთა „სქროლვის“ დროსაც უამრავ ინფორმაციას გაეცნობით და ბევრ სიახლეს გაიგებთ.

Khan Academy – თუ ისეთ საგნებში, როგორებიცაა: მათემატიკა, ხელოვნება, ფილოსოფია, ენა და ლიტერატურა, გაუგებარი საკითხების ახსნა ან დამატებითი, საინტერესო ინფორმაციის მიღება გჭირდებათ, მაშინ ეს პლატფორმა სწორედ თქვენთვისაა შექმნილი. Youtube-ის ვიდეოს ფორმატის გაკვეთილები, ძირითადად, სტუდენტებსა და მოსწავლეებზეა ორიენტირებული. სულ რამდენიმე წუთში თქვენ მიიღებთ საჭირო ინფორმაციას, ვიზუალური მასალის თანხლებით. აღსანიშნავია ისიც, რომ ვებ გვერდი სხვადასხვა ქვეყანაში ფუნქციონირებს. შეგიძლიათ Khan Academy -ის ვიდეო გაკვეთილები უკვე ქართულ ენაზეც იხილოთ. და, რაც მთავარია, ეს ყველაფერი უფასოა.

Zooniverse – სამეცნიერო კვლევის მოყვარულთა ვებ გვერდი. ათასობით მოხალისეს შესაძლებლობა ეძლევა, მონაწილეობა მიიღოს აკადემიურ კვლევებში და პროფესიონალ მკვლევრებს მონაცემების შეგროვებაში დაეხმაროს. თქვენი ძალიან მარტივი დავალება გეძლევათ – მარტივი პასუხები გასცეთ გალაქტიკის, ისტორიული ჩანაწერების, დღიურების, ვიდეოების თუ ცხოველების შესახებ დასმულ მარტივ შეკითხვებს. ამ ვებ გვერდის წყალობით, შესაძლოა, უდიდესი აღმოჩენის თანამონაწილე გახდეთ!

Masterclass – ეს საგანმანათლებლო პლატფორმა სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, კოლეჯის დონის ცოდნა მიიღონ. სხვადასხვა სფეროს ექსპერტთა გაკვეთილები პოტენციურ მომხმარებელს დიდ არჩევანს სთავაზობს. სახლიდან გაუსვლელად, შეგიძლიათ, შეიძინოთ ცოდნა წერის „ხრიკებსა“ თუ კულინარის, მუსიკისა თუ ფოტოგრაფიის შესახებ. ვებ გვერდი ფასიანია და 90 დოლარად სიცოცხლის ბოლომდე გარანტირებული გექნებათ წვდომა ნებისმიერ ინფორმაციაზე.

Boredpanda -„ვებ გვერდი მხოლოდ პანდებისთვის“ – ასე ჟღერს Boredpanda-ს დევიზი. თუ მოწყენილობისა და ერთფეროვნებით დაიღალეთ, გსურთ თავი ხელოვნების, დიზაინისა და ფოტოგრაფიის ორომტრიალში დაკარგოთ, მაშინ ამ ვებ გვერდზე აუცილებლად უნდა დარეგისტრირდეთ. სხვადასხვა თემატიკაზე შექმნილი ნამუშევრები თუ დაწერილი ბლოგები არა მხოლოდ ახალი და ინოვაციური, არამედ ინფორმაციული ხასიათისაა. პლატფორმის დახმარებით მარტივად შეძლებთ დროის საინტერესოდ და ნაყოფიერად გაფლანგვას.

eHow – თუ ახალი რეცეპტები ან თაროების შექმნა გაინტერესებთ, eHow-ზე საჭირო ინსტრუქციას ნახავთ. ეს არის ვებ გვერდი, რომელიც მომხმარებელს ყველაფრის საკუთარი ხელით გაკეთების შესაძლებლობას სთავაზობს. მარტივად, სულ რამდენიმე წამში შეძლებთ სხვადასხვა დანიშნულება მოუძებნოთ თქვენს გარშემო არსებულ საგნებს და შექმნათ თუ გარდაქმნათ ისინი ახალ, ორიგინალურ პროდუქტად.

LifeHacker – თუ გსურთ, „დაჰაკოთ“ ცხოვრება და მარტივად მიაღწიოთ საწადელს, ამაში LifeHacker-ი დაგეხმარებათ. ვებ გვერდი „ჰაკებისა“ და კომპიუტერული პროგრამების შესახებაა. მისი საშუალებით მიიღებთ ინფორმაციას Microsoft Windows-ის, Mac-სა და Linux -ის პროგრამების შესახებ, გაეცნობით Android-ისა და IOS-ის სისტემებს. ამასთან, ცხოვრებასთან გასამკლავებლად მარტივ ხრიკებსა და ეშმაკობებს ​ აღმოაჩენთ. ​

Reddit  – ვებ გვერდი, რომელიც ყველა სახის ინფორმაციას ერთ სივრცეში უყრის თავს. აქ შეგიძლიათ გაეცნოთ ახალ ამბებს, წაიკითხოთ სახალისო ისტორიები, დაათვალიეროთ სურათები და უყუროთ ვიდეოებს. სხვადასხვა კატეგორიის ამორჩევის შედეგად, პლატფორმა შესაძლებლობას გაძლევთ, შექმნათ თქვენზე მორგებული სივრცე, რომელიც თქვენთვის საინტერესო თემებით იქნება დაკომპლექტებული. მოკლედ, Reddit-ის დახმარებით არასოდეს გამოგეპარებათ თქვენთვის მნიშვნელოვანი ამბავი.

წყარო: inc.com



განხილვა