11
Dec
2019

Waste Expo 2019 – საქართველოს ნარჩენების მართვის ასოციაციის გამოფენა

11 Dec 2019

13 დეკემბერს, ექსპო ჯორჯიას საგამოფენო სივრცეში, მე-3 პავილიონში (მის: თბილისი, წერეთლის გამზ. #118) USAID/CENN WMTR II პროექტის, სექტორი 3-ისა და ფონდი პროდემოსის მხარდაჭერით, საქართველოს ნარჩენების მართვის ასოციაციის (GWMA) გამოფენა – Waste Expo 2019 გაიმართება. გამოფენა 16:00-ზე დაიწყება და 18:00 საათამდე გაგრძელდება.

გამოფენაზე დამსწრე საზოგადოება საქართველოს ნარჩენების მართვის ასოციაციისა და მისი წევრი კომპანიების საქმიანობის შესახებ ინფორმაციას მიიღებს, ასევე, გაეცნობა ქვეყანაში გადამამუშავებელი სექტორის მთავარ მოთამაშეებსა და გადამუშავების ტექნოლოგიებს. დაინტერესებულ პირებს საშუალება ექნებათ, დაათვალიერონ ნარჩენების გადამუშავების შედეგად წარმოებული შუალედური და საბოლოო პროდუქციები.

ღონისძიების პროგრამა

16:00 – 16:15   შეკრება და პოსტერების გამოფენა

16:15 – 16:30   ღონისძიების გახსნა / ფურშეტი

მისასალმებელი სიტყვა

  • საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელი
  • თბილისის მერის მოადგილე, მაია ბითაძე
  • CENN-ის აღმასრულებელი დირექტორი, ნანა ჯანაშია
  • ნარჩენების მართვის ასოციაციის პრეზიდენტი, გიორგი გულიაშვილი

16:30 – 18:00   გამოფენის დათვალიერება

გამოფენაში მონაწილეობას მიიღებენ შემდეგი კომპანიები:

  • შპს. „ზუგო“ ამიერკავკასიის მასშტაბით ერთადერთი პოლიეთილენის პარკების გადამამუშავებელი კომპანიაა, რომელიც ასევე აწარმოებს ბიოდეგრადირებად პარკებს.
  • შპს. „სუფთა სამყარო“ პლასტმასის, შუშის, ქაღალდისა და ალუმინის ნარჩენების სეპარირებულად შემგროვებელი კომპანიაა.
  • შპს. „კრიალა“ ქაღალდის ნარჩენების შემგროვებელი და გადამამუშავებელი კომპანიაა, რომელიც გადამუშავებული ქაღალდით ჰიგიენურ ქაღალდს აწარმოებს.
  • შპს. „კერე“ მინის ნარჩენების შემგროვებელი და გადამამუშავებელი კომპანიაა.
  • შპს. „თი ერ სი“ მეორადი საბურავების გადამამუშავებელი კომპანიაა, რომელიც გადამუშავების შედეგად კაუჩუკის გრანულებს აწარმოებს, რაც სპორტული მოედნების ინფრასტრუქტურის მოწყობაში გამოიყენება.
  • შპს. „ეკო ჯეო პეტი“ ახდენს პლასტმასის ბოთლების შეგროვებასა და გადამუშავებას.
  • სოციალური საწარმო „მწვანე საჩუქარი“ აგროვებს ქაღალდის ნარჩენებს და გადამუშავებული ქაღალდით სხვადასხვა საკანცელარიო ნივთს აწარმოებს.
  • შპს. „ჯეო მულჩი“ სანიტარული ჭრების შედეგად წარმოქმნილი მწვანე ნარჩენების გადამუშავებით აწარმოებს ორგანულ მულჩს, რომელიც გამოიყენება როგორც სოფლის მეურნეობაში, ასევე ქალაქის ლანდშაფტურ არქიტექტურაში.
  • შპს. „სანიტარი“ ახდენს სახიფათო ნარჩენების მართვას ევრო სტანდარტების შესაბამისად.
  • შპს. „ბიოდიზელ ჯორჯიააგროვებს და გადაამუშავებს საკვები ზეთის ნარჩენებს, რის შედეგადაც აწარმოებს ბიოდიზელს.
  • შპს. „პოლივიმი“ ამ ეტაპზე პლასტმასის მეორადი ბოთლების გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობის პროცესშია.
  • შპს. „ოილლიო“ აგროვებს საკვები ზეთის ნარჩენს, რომელიც მას ექსპორტზე გააქვს.
  • შპს. „ინვაიროსერვ ჯორჯია“ ახდენს ელექტრონული ნარჩენების შეგროვებასა და ექსპორტს.
  • შპს. „კავკასპაკ“ აწარმოებს გადამუშავებულ პლასტმასის ნედლეულს.
  • შპს. „ნეოპრინტი“ ახდენს ქაღალდის ნარჩენების შეგროვებასა და გადამუშავებას.

საქართველოს ნარჩენების მართვის ასოციაცია USAID/CENN ნარჩენების მართვის (WMTR ) პროგრამის მხარდაჭერით 2015 წელს დაარსდა. ასოციაციის მიზანია, ხელი შეუწყოს ქვეყანაში ნარჩენების გადამამუშავებელი სექტორის განვითარებასა და ბიზნესისათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნას. ასოციაციის წევრი კომპანიები სხვადასხვა სახეობის ნარჩენს (ქაღალდი/მუყაო, პლასტმასა, მინა, ალუმინი, საბურავები, ზეთები, სანიტარული ჭრების შედეგად წარმოქმნილი და ელექტრონული ნარჩენების) სეპარირებულად აგროვებენ და შემდგომ გადაამუშავებენ.

[R]

განხილვა