in

ნუ გადაყრი, გადაამუშავე! – როგორ გეგმავს Wasteless ნარჩენების მართვის კულტურის დანერგვას საქართველოში

თუკი ნარჩენებს გადავამუშავებთ, მათ მივცემთ მეორე სიცოცხლეს, ხელს შევუწყობთ ცირკულარული ეკონომიკის განვითარებას და გარემოზე მავნე ზემოქმედებასაც შევამცირებთ. შესაძლოა, იფიქროთ, რომ ერთი ადამიანის ძალისხმევა საამისოდ საკმარისი არაა, თუმცა თუ ამ საკითხზე რაც შეიძლება მეტ ადამიანს დავაფიქრებთ, გრძელვადიან პერსპექტივაში, დიდ სხვაობას დავინახავთ. უკვე მეორე წელია, რაც საქართველოში სპეციფიკური ნარჩენების ეფექტურად მართვას მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ასოციაცია Wasteless ახორციელებს. ასოციაცია 12,000-ზე მეტ წევრ ორგანიზაციას აერთიანებს და მუშაობს ისეთი ნარჩენების შეგროვებასა და მართვაზე, როგორიცაა: ელექტრო მოწყობილობები, ბატარეები და აკუმულატორები, გამოყენებული ზეთები და საბურავები. პარტნიორი ორგანიზაციების ჩართულობით, Wasteless მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, მწყობრიდან გამოსული ელექტრო მოწყობილობები გადასამუშავებლად ჩააბარონ შეგროვების პუნქტებში და ამისათვის დამატებითი შეთავაზებებითაც ისარგებლონ. ქვეყანაში ნარჩენების მართვისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობის გარდა, Wasteless მუშაობს ნარჩენების პასუხისმგებლიანი გადამუშავების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე. როგორია ნარჩენების მართვის პრაქტიკა საქართველოსა და ევროპაში და რა მიდგომებით გეგმავს Wasteless ნარჩენების მართვისთვის შესაბამისი ღონისძიებების გატარებას, დეტალებზე Wasteless-ის თავმჯდომარე გიორგი გულიაშვილი გვესაუბრა.

M: მიმოვიხილოთ, რა მიმართულებებით მუშაობს Wasteless განახლებაზე?

Wasteless-ის მთავარი ფუნქციაა მართოს ისეთი ტიპის ნარჩენები, როგორიცაა ელექტრო მოწყობილობები, ბატარეები და აკუმულატორები, გამოყენებული ზეთები და საბურავები. 2022 წელს, ძალაში შევიდა საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული ტექნიკური რეგლამენტები სპეციფიკური ნარჩენების მართვაზე, ასოციაციამ ოთხივე მიმართულებით გაიარა ავტორიზაცია. Wasteless აერთიანებს 12,000-ზე მეტ იმპორტიორ და მწარმებელ ორგანიზაციას, რომელთაც ახალი რეგულაციების მიხედვით მათ მიერ იმპორტირებული პროდუქტების ნარჩენების პასუხისმგებლიანად მართვა დაევალათ. ამ მიდგომას მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება ეწოდება და უკვე მრავალი წელია წარმატებით ხორციელდება ევროპასა და სხვადასხვა კონტინენტზე. საქართველოში ამ გამოცდილების გადმოტანა და ნარჩენების მართვის ეფექტური სისტემის დანერგვა, არის ჩვენი, როგორც მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ასოციაციის მთავარი ფუნქცია.

ჩვენი მიზანი და ამოცანაა სპეციფიკური ნარჩენების შეგროვება, მართვა და გადამუშავება. ამ კუთხით, ჩვენ ვთანამშრომლობთ გადამამუშავებელ საწარმოებთან, რომელთაც შესაბამისი ნებართვები გააჩნიათ. ნარჩენი, რომლის გადამუშავება საქართველოში შეუძლებელია, მაგალითად ბატარეა, გადის ევროპაში გადასამუშავებლად.

M: რას გულისხმობს პასუხისმგებლიანი შეგროვება და გადამუშავება?

სამწუხაროდ, დღეს საზოგადოებას ჯერ კიდევ არ აქვს ბოლომდე გაცნობიერებული, რატომ არის მნიშვნელოვანი ნარჩენების პასუხისმგებლიანად მოპყრობა. ნარჩენების არასათანადო გამოყენების შედეგად, გამოუსწორებელი ზიანი შეიძლება მიადგეს გარემოს და ადამიანის ჯანმრთელობას. მაგალითად, გამოყენებულ საავტომობილო ზეთებს საწვავის სახით იყენებენ სოფლის მეურნეობაში და უკონტროლოდ, ღია წესით წვავენ, რაც კანონით აკრძალულია და ამავე დროს იწვევს ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებას და კანცეროგენული დაავადებების განვითარების რისკებს ერიორად ზრდის. მეორადი ზეთების საწვავად გამოყენებას შესაბამისი ტექნოლოგია და ნებართვები სჭირდება. მნიშვნელოვანია, რომ მეორადი ზეთის გადამუშავებით ახალი პროდუქტის მიღებაა შესაძლებელი, რომელიც კვლავწარმოების შედეგად შეიძლება დაბრუნდეს ბაზარზე და ეკონომიკური დოვლათი შექმნას. მწყობრიდან გამოსული ელექტრო მოწყობილობების შემთხვევაშიც საკმაოდ მძლავრად არის განვითარებული არაფორმალური სექტორი. დაზიანებულ, მოძველებულ ელექტროტექნიკას ყიდულობენ პირები, რომელებიც უნებართვოდ ახორციელებენ საქმიანობას. ისინი ამ მომწყობილობებს შლიან, მათთის გამოსადეგ კომპონეტებს იტოვებენ, ხოლო საფრთხის შემცველი მავნე ნივთიერებები კი გარემოში ხვდება. Როგორც წესი მათ საქმიანობის არანაირი სტანდარტი არ გააჩნიათ.

ნარჩენების მართვის პროცესის სწორად განვითარებისთვის, აუცილებელია, ქვეყანაში შეიქმნას შეგროვების სისტემა. გაჩნდეს შეგროვების ავტორიზებული პუნქტები (როგორსაც ვქმნით ჩვენ) და მოსახლეობას შეეძლოს ნარჩენების ასეთ ადგილებში ჩაბარება, შემდგომი გადამუშავების მიზნით. ნარჩენების სათანადო წესით შეგროვება ხელს შეუწყობს გადამამუშავებელი სექტორის განვითარებასა და გაფართოებას.

M: მოსახლეობას როგორ შეუძლია სეპარაციაში მიიღოს მონაწილეობა?

USAID-ის მხარდაჭერით, ჩვენ უკვე დავამზადეთ 200 სპეციალური ყუთი, რომლებიც ჩვენს პარტნიორ კომპანიებშია განთავსებული. მოსახლეობას შეუძლია ამ ყუთებში თავი მოუყაროს წვრილ/საშუალო გამოუსადეგარ ელექტრო ტექნიკას. ჩვენ ვაგროვებთ ამ ნედლეულს და ვაწვდით შესაბამისი ნებართვის მქონე გადამამუშავებელ საწარმოებს, სადაც ხდება ამ მოწყობილობების კომპონენტებად დაშლა, საბოლოო რეციკლირებისთვის მომზადება და სახიფათო ნივთიერებების სათანადო გაუვნებელოყოფა.

მაღაზიებში, სადაც განთავსებულია Wasteless-ის შესაგროვებელი სპეციალური ყუთები, პარტნიორ კომპანიებთან ერთად, ეტაპობრივად ვმართავთ წამახალისებელ აქციებს და პასუხისმგებლიან მოქალაქეებს გადავცემთ საჩუქებს.

ნარჩენების შეგროვების და დახარისხების სისტემები მაღალ დონეზეა განვითარებული ევროპულ ქვეყნებში. ჩვენ ვცდილობთ საქართველოშიც განვავითაროთ შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რათა მოსახლეობას, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სახლთან ახლოს ჰქონდეს შესაბამისი ჩასაბარებელი პუნქტები, სადაც შეეძლებათ ნარჩენების პასუხისმგებლიანი განთავსება.

მოქალაქეებს, რომელთაც სურთ დიდი ზომის მწყობრიდან გამოსული ელექტრო მოწყობილობების თავიდან მოცილება, ვთავაზობთ მათივე მისამართიდან უსასყიდლოდ წამოღებას. ევროპაში ასეთი სერვისი ფასიანია, ჩვენ კი სრულიად უსასყიდლოდ ვთავაზობთ მსხვილი ელექტრო ტექნიკის გატანასა და დაბინავებას.

ეს ყველაფერი განაპირობებს იმას, რომ მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება ბიზნესისგან მოითხოვს ეკომეგობრულ მიდგომას. მწარმოებელმა პროდუქტის შექმნისას უნდა გაითვალისწინოს, რომ მის მიერ გამოყენებული მასალებიიყოს გადამუშავებადი, რაც კვლავწარმოებას გაამარტივებს. მსოფლიოში ყოველწლიურად 50-60 მილიონამდე ტონა ელექტრო მოწყობილობის ნარჩენი წარმოიქმნება და მხოლოდ 20% გადამუშავება ხერხდება. მოხმარების ზრდიდან გამომდინარე, ნარჩენების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება.

M: როგორია ნარჩენების მართვის პრაქტიკა ევროპაში?

ნარჩენების მართის პროცესში აქტიურად არიან ჩართული მუნიციპალიტეტები. მოწყობილია მუნიციპალური რეციკლირების ცენტრები. მაგალითად, ბელგიაში 500-ზე მეტი მუნიციპალური რეციკლირების ცენტრი ფუნქციონირებს. ეს გახლავთ 2-3 ჰა შემოღობილი და ინფრასტრუქტურულად გამართული ტერიტორია, სადაც ხდება მოსახლეობისგან შეგროვებული 30 ტიპის ნარჩენის განთავსებაა, მათ შორის, საყოფაცხოვრებო,სამშენებლო, ტექსტილი, სპეციფიკური, შესაფუთი და ა.შ.

შედეგად, ბელგიაში საყოფაცხოვრებო ნარჩენების ნაგავსაყრელები აბსოლუტურად აღარ არსებობს – ყველაფერი გადამუშავდება. მხოლოდ 8% არის ისეთი, რაც არ ექვემდებარება გადამუშავებას და ამ ტიპის ნარჩენებსაც ან სახიფათო ნივთიერებებისთვის განკუთვნილ ნაგავსაყრელზე ათავსებენ ან ინსინერატორებში წვავენ და იქიდანაც ენერგიას იღებენ. თავად მოსახლეობაც მიჩვეულია, რომ ყველაფერი, რასაც შეცვლის და რის მოშორებასაც გადაწყვეტს, გადასამუშავებელ ცენტრამდე უნდა მიიტანოს.

M: როგორ შეუწყობს ხელს ნარჩენების მართვა დასაქმების ზრდას?

გვინდა, შევქმნათ მწვანე სამუშაო ადგილები. მაგალითად, 2023-ში 5000 ტონა საბურავი შევაგროვეთ. ეს საკმაოდ დიდი რიცხვია. საქართველოში არსებული გადამამუშავებელი საწარმოების წარმადობა არ აღმოჩნდა საკმარისი, მათი მარაგები გადავსებულია, მომდევნო 5 წლის მარაგი უკვე აქვთ, ამიტომ დადგა უფრო მძლავრი საწარმოს შექმნის საჭიროება, რაც ბუნებრივია, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყობს ხელს. ამ საკითხზე აქტიურად ვმუშაობთ, სახელმწიფოსთან და ბიზნეს წრეებთან. ასევე, იქმნება შეგროვების ცენტრები, ამ ობიექტებზე უნდა დასაქმდეს ხალხი, უნდა შეიქმნას რეგიონალური ლოგისტიკური ცენტრები, რათა ნარჩენები ყველა ქალაქიდან შეგროვდეს და მიეწოდოს გადამამუშავებელ საწარმოებს. ევროკავშირი მწვანე სამუშაო ადგილების შესაქმნელად მილიარდობით ევროს გამოყოფს წევრი ქვეყნებისთვის, მაგ. გერმანიაში მხოლოდ ნარჩენების სექტორში, 250,000 მწვანე სამუშაო ადგილია შექმნილი. ამასთან, ცდილობენ ხელი შეუწყონ განვითარებად ქვეყნებსაც და მწვანე პროექტები დააფინანსონ.

M: როგორ გეგმავთ ნარჩენების პასუხისმგებლიან მართვაზე ცნობიერების ამაღლებას საზოგადოებაში?

ახლა ვმუშაობთ ერთიან საგანმანათლებლო კამპანიაზე, რომელიც სასკოლო და საუნივერსიტეტო ფორმატისთვის იქნება გათვალისწინებული. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბავშვები ძალიან სწორად აღიქვამენ გარემოსთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან  საკითხებს და თავადვე უბიძგებენუფროსებს ქცევის შეცვლისკენ. ამიტომ გვინდა, რომ სკოლებსა და უნივერსიტეტებში დავიწყოთ ცნობიერების ამაღლების კამპანია და წამახალისებელი აქტივობები დავგეგმოთ. ამ საკითხით საკმაოდ ბევრი სკოლა ინტერესდება და გამოთქვამენ თანამშრომლობის სურვილს.

M: თქვენი გამოთვლებით, რა შედეგი შეიძლება მივიღოთ და რა პერიოდში?

ჩვენი ამოცანაა, რომ ინფრასტრუქტურა ყოველწლიურად გავზარდოთ, რაც შეიძლება მეტ ადამიანს მივაწვდინოთ ხმა, რაც შეიძლება მეტი ჩაბარების პუნქტი მოვაწყოთ. გვესმის, რომ ეს გრძელვადიანი პროცესია. ჩვენი ხედვით, 2030 წლისთვის უნდა არსებობდეს გამართული ინფრასტრუქტურა, ნარჩენების ჩაბარებისა და გადამუშავების ობიექტებით.

2024 წლის აპრილში  ბრიუსელში გაიმართა ცირკულარული ეკონომიკის მსოფლიო ფორუმი, სადაც ევრო კომისიის მიწვევით მივიღეთ მონაწილეობა, ასევე გვერგო პატივი მონაწილეობა მიგვეღო პანელურ დისკუსიაში  – კერძო ინიციატივები ცირკულარული ეკონომიკის განვითარებისთვის ევროკავშირის სამეზობლოში – სადაც საქართველოში ცირკულარული ეკონომიკის განვითარების კუთხით გადადგმული ნაბიჯები და არსებული შესაძლებლობები მიმოვიხილეთ.  Ეს ყოველივე ცხადჰყოფს თუ რამდენად დიდი მნიშნველობა ენიჭება ნარჩენების სწორად მართვას, მწვანე და ცირკულარული მიმართულებით ეკონომიკის განვითარებას ევრო ინტეგრაციის გზაზე. 

[R]

Adobe-ის ახალი ხელსაწყო ცუდი ხარისხის ვიდეოებს გააუმჯობესებს

პროგრამის „კოდინგის სკოლა 1500 ქალისთვის“ მეორე ეტაპი წარმატებით დასრულდა!