მთვარიდან აღებული მტვრის ახალი ანალიზი ამბობს, რომ შეიძლება, მის ზედაპირზე წყალი მზისგან წარმოშობილიყო. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, შესაძლოა, ეს მზის ქარებისგან მიღებული წყალბადის იონების შეტევის, მთვარის ზედაპირთან შეჯახების, მინერალურ ოქსიდებთან ურთიერთქმედებისა და ჟანგბადთან კავშირის შედეგი იყო — წყალი, რომელიც, სავარაუდოდ, მთვარის რეგოლითში იმალება, თანაც, მნიშვნელოვანი რაოდენობებით შუა და მაღალ განედებზე.
გამოდის, ამას მნიშვნელოვანი გავლენა ექნება იმაზე, რაც ჩვენ მთვარეზე წყლის წარმოშობისა და განაწილების შესახებ ვიცით. შესაძლოა, ეს დედამიწაზე წყლის წარმოშობის საკითხსაც ეხებოდეს.
მართალია, მთვარე საკმაოდ მშრალ მტვრის ბურთს ჰგავს, მაგრამ უახლესმა კვლევებმა აჩვენა, რომ იქ იმაზე გაცილებით მეტი წყალია, ვიდრე ვინმეს წარმოედგინა. ბუნებრივია, აქ ტბებსა და ლაგუნებზე არ ვსაუბრობთ, მაგრამ წყალი ყინულის სახით დაფარულ კრატერებში ნამდვილად შეიძლება იმალებოდეს. ეს კი წარმოშობს ისეთ კითხვებს, როგორებიცაა: ზუსტად რამდენი წყალია იქ? როგორ არის განაწილებული ან საერთოდ საიდან გაჩნდა? ბოლო კითხვას, ალბათ, რამდენიმე პასუხიც აქვს. შესაძლოა, მიზეზი ასტეროიდების ზემოქმედება იყოს, ზოგიერთი შეიძლება დედამიწას უკავშირდებოდეს, მესამე წყარო კი — „კოსმოსურ წვიმებს“.
სიმართლე რომ ვთქვათ, მზე მას არ ატენიანებს, მაგრამ მისი ქარები მაღალსიჩქარიანი წყალბადის იონების საიმედო წყარო ნამდვილად არის. აპოლოს მისიების ანალიზიც ზუსტად ამას ამბობდა, ახლა კი მკვლევართა ჯგუფმა ქიმია იმ მარცვლებში აღმოაჩინა, რომლებიც Chang’e-5 მისიის დროს მიიღეს, რაც კვლავ მზის წყაროს არსებობას ადასტურებს.
საინტერესოა ისიც, რომ მეცნიერებმა 17 მარცვალი შეისწავლეს — 7 ოლივინი, 1 პიროქსენი, 4 პლაგიოკლაზა და 5 მინა. Raman-ის სპექტოგრაფიისა და ენერგიის დისპერსიული რენტგენის სპექტროსკოპიის გამოყენებით კი, მათ ამ მარცვლების რგოლების ქიმიური შემადგენლობა შეისწავლეს. აქ წყალბადის ძალიან მაღალი კონცენტრაცია და წყალბადის იზოტოპის თანაფარდობა დააფიქსირეს. კონკრეტული მაჩვენებლები კი მზის ქარებში არსებულ მაჩვენებლებს შეესაბამებოდა.
ხოლო იმის დასადგენად, შეიძლებოდა თუ არა წყალბადის შენარჩუნება მთვარის მინერალებში, მკვლევრებმა მარცვლებზე გათბობის ექსპერიმენტები ჩაატარეს. აღმოაჩინეს, რომ დამარხვის შემდეგ მარცვლებს წყალბადის შენარჩუნება შეუძლია. ბოლოს კი სიმულაციები, მთვარის ნიადაგში წყალბადის შენარჩუნების შესახებ სხვადასხვა ტემპერატურაზე ჩაატარეს. გამოვლინდა, რომ ტემპერატურას წყალბადის განაწილებაზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სადაც ტემპერატურა უფრო ცივია, იქ უფრო მეტი წყალიც შეიძლება შენარჩუნდეს.
„პოლარული მთვარის ნიადაგები იმაზე უფრო მეტ წყალს შეიძლება შეიცავდეს, ვიდრე Chang’e-5-ის ნიმუშები და ამ აღმოჩენას დიდი მნიშვნელობა აქვს მთვარეზე წყლის რესურსების სამომავლო ათვისებისთვის“, — აცხადებს იანტინგ ლინი, კოსმოქიმიკოსი.