თითქმის ერთი საუკუნის შემდეგ, რაც კლოდ მონემ იმპრესიონისტულ ნახატში წყლის შროშანების სილამაზე ასახა, თანამედროვე ჩინელმა ხელოვანმა აი ვეივეიმ იგი სრულიად ახლებური გზით წარმოგვიდგინა — 22 სხვადასხვა ფერის LEGO-ს 650 000 კუბიკი გამოიყენა, რათა გამოსახულება ჩვენთვის მასობრივ ფორმატში ეჩვენებინა.
Water Lilies #1-ში მონეს ფუნჯი გეომეტრიული ფიგურებით არის ჩანაცვლებული და თითქოს პიქსელურ გამოსახულებას გვთავაზობს. მისი სიგრძე 15 მეტრია, რაც მას ვეივეისთვის LEGO-ს უდიდეს ნამუშევრადაც აქცევს. თუმცა თუ კარგად დააკვირდებით, აქ ერთ მთავარ სხვაობასაც დაინახავთ — ვეივეიმ მას მარჯვენა მხარეს ბნელი პორტალი დაამატა, რომელიც სინძიანის უდაბნოს კარიბჭის სიმბოლოს წარმოადგენს, სადაც ხელოვანი მამასთან ერთად ემიგრაციაში ცხოვრობდა.
„Water Lilies #1-ში ციფრული და პიქსელური ენით მონეს იმპრესიონისტულ ნახატს ჩემს გამოცდილებასთან ვაერთიანებ“, — განმარტავს ვეივეი.
ნამუშევარი Ai Weiwei: Making Sense გამოფენის ნაწილი იქნება, რომლის ნახვასაც ხელოვნების მოყვარულები 7-30 აპრილს ლონდონის დიზაინის მუზეუმში შეძლებენ.
„ერთი მხრივ, მან უდაბნოს ბავშვობის სახლის კარების ჩასმით ნამუშევრის პერსონალიზება მოახდინა, მეორე მხრივ კი, დეპერსონალიზება მოდულარული LEGO-ს კუბიკის ინდუსტრიული ენის გამოყენებით. ეს მონუმენტური, რთული და ძლიერი ნამუშევარია და ჩვენ ამაყები ვართ, რომ პირველი მუზეუმი ვიქნებით, რომელიც ამას დამთვალიერებლებს აჩვენებს“, — აცხადებს ჯასტინ მაკგირკი, მუზეუმის მთავარი კურატორი.