27
Dec
2019

watergunz-ის 2019 წელი – ელენე გუგუშვილის #აზრები

27 Dec 2019

M2


2019 წელი, watergunz-ისთვის, პირველი საერთაშორისო ჯილდოების წელი იყო. წელი, რომელიც 1-წლიანი მოსამზადებელი პერიოდის შემდეგ, ჩვენთვის უკიდურესად მნიშვნელოვანი სოციალური კამპანიის – „გულგრილობის ხმა” – გაშვებით დაიწყო. ჩვენი პროექტი KIAF-ის, AD BLACK SEA-სა და CLIO-ს ჯილდოების მფლობელი გახდა. პირველად საქართველოში ჩამოვიტანეთ ისეთი პრესტიჟული ჯილდო, როგორიც CLIO AWARDS-ია. ჩამოთვლილი ჯილდოების მიღების გარდა, გვეამაყება ამ პროექტის შედეგები – სულ მალე, ცივი იარაღის გაყიდვის წერტილები შეიზღუდება, მოხდება ობიექტების მოდიფიკაცია და გამკაცრდება მათ საქმიანობაზე კონტროლი.

 

გვინდა, გამოვყოთ Wendy’s Georgia-სთვის შექმნილი რგოლი, რომელმაც, ასევე, არაერთი ჯილდო მოიპოვა საერთაშორისო ფესტივალებზე და ჩვენთვის, მასშტაბური ბრენდისთვის შექმნილი, პირველი პროექტი იყო. მიუხედავად მკაცრი „გაიდლაინისა“, მოვახერხეთ, შეგვექმნა 2019 წლის „ყველაზე გემრიელი რგოლი”.

 

ცოტა ხნის წინ, „ფარმადეპოსთან” ერთად ვიმუშავებთ გარემოსდაცვით პროექტზე, რომლის მიზანიც პოლიეთილენით გარემოს დაბინძურების შემცირება და საზოგადოებაში ნაჭრის ჩანთების გამოყენების პოპულარიზაციაა. ამ კამპანიით ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ ცნობიერების ამაღლებას და ადამიანები დავაფიქროთ იმ ზიანზე, რომელიც, ერთი შეხედვით, უბრალო პოლიეთილენის პარკის გამოყენებას მოაქვს.

 

watergunz-ის მამოძრავებელი იდეა ჩვენი საქმიანობით საზოგადოებრივი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლაა. ვგრძნობთ ჩვენ წილ პასუხისმგებლობას და ვაპირებთ, ჩვენი მოკრძალებული წვლილი შევიტანოთ სოციალური პრობლემების აღმოფხვრაში. მთელი გულით გვინდა, ჩვენი შემოქმედებითი ენერგია სოციალური თემატიკის პროექტების განხორციელებაში დავხარჯოთ, ვაკეთოთ საქმე, რომლის მიზანიც კონკრეტული პრობლემების გამოსწორებაა.

2019 წელი მთელი ქართული შემოქმედებითი ინდუსტრიისთვის ძალიან წარმატებული იყო, რასაც მოწმობს რეიტინგული ფესტივალების ჯილდოები, რომელიც სააგენტოებმა ჩამოიტანეს. ეს ფაქტიც კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ საქართველოში ეს სფერო სწრაფად ვითარდება და უცხოური ანალოგების ტემპს არ ჩამორჩება.

ეს ფოტო AD Black Sea 2019-ზეა გადაღებული. ვინც ღონისძიებას დაესწრო, ყველა მოხვდა ობიექტივში. ვინც არა, ფოტოზე მაინც „აღმოჩნდა“

განვითარებასთან ერთად, იზრდება კლიენტების რიცხვიც. დღეს, უფრო მეტი კომპანია აცნობიერებს, რომ ბაზარზე ადგილის დასამკვიდრებლად აქტიური და განსხვავებული კომუნიკაციაა საჭირო. იქმნება ახალი და საინტერესო ქართული პროდუქტები, რაც გვაძლევს მოტივაციას, რომ ქვეყანაში წარმოებული პროდუქციის მარკეტინგიც გამორჩეული და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი იყოს.

იმედი გვაქვს, მომავალი წელი დატვირთული იქნება საინტერესო პროექტებით. შემოქმედებით ინდუსტრიაში კი, უფრო მეტ გამოწვევას და წარმატებებს ველოდებით. გვინდა, 2020 იყოს ცვლილებების და ზოგადად,  მთელი ქვეყნისთვის გამოცოცხლებისა და ახალი სუნთქვის გახსნის წელი.

ელენე გუგუშვილი, watergunz-ის სტრატეგი 

განხილვა