Watergunz-ის არსებობა საკმაო ხანია ცნობილია კრეატიული ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის, თუმცა, საზოგადოების წინაშე წარსადგენად ისინი განსაკუთრებულ მომენტს ელოდნენ. ეს მომენტი მაისში, Young Lions Georgia 2018-ში, Print-ის კატეგორიაში მოპოვებული ოქრო აღმოჩნდა. პირველი და მნიშვნელოვან დროს მოპოვებული გამარჯვება Watergunz-ის გუნდისთვის დიდ სტიმულად იქცა და როგორც ამბობენ, ყოველთვის ყველაზე ძვირფასი იქნება. როგორი ადგილია Watergunz, ვისგან შედგება მისი გუნდი და რა არის მთავარი მიმართულებები, თუ ღირებულებები, რომლის გარშემოც სარეკლამო სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე გუნდი შეიკრიბა. ამ საკითხებზე უფრო ვრცლად, Watergunz-ის თანადამფუძნებელ – ბაჩო მებურიშვილთან ინტერვიუს გზით მოგიყვებით:

M: რა არის Watergunz და რა მიმართულებებით მუშაობს ის?
სინამდვილეში, Watergunz არის ადგილი, სადაც შეგიძლია შენი საყვარელი საქმის კეთებით იყო ბედნიერი. ისე, ოფიციალურად კი, ეს კრეატიული სააგენტოა. ძირითადი მიმართულებებია: კრეატივი, არტ დაირექშენი, სტრატეგია და დიჯითალი… ჩვენი სტრუქტურა მიმართულია იქით, რომ შემოქმედებით გადაწყვეტებს კონკრეტული რიცხვებში ასახული შედეგი მოქონდეს დამკვეთი კომპანიისთვის… ჩვენთვის მთავარი გამოწვევაა, რომ მარკეტინგული და კრეატიული ამოცანები ერთ მიზანს ემსახურებოდეს. შიდა სისტემაც და მოქმედების პროცესიც, სწორედ ამ მიზნებზეა მორგებული.

M: რა არის მიზანი, რომელსაც ქართულმა სარეკლამო ინდუსტრიამ თქვენი დახმარებით უნდა მიაღწიოს?
არ ვიცი, ასეთი მიზანი არ გვაქვს. უფრო თითოეულ პროექტზე ვკონცენტრირდებით და ეს მიზნებია უფრო მნიშვნელოვანი. ამ მიზნებში, რამდენად მოვახერხებთ პრაქტიკული და შემოქმედებითი ნაწილის გაერთიანებას, უფრო ამაზეა დამოკიდებული, როგორ განვითარდებით ჩვენც და ინდუსტრიაც. ხშირ შემთხვევაში, ეს არის პრობლემა – კრეატიული და მარკეტინგული მიზნები ერთმანეთს არ ემთხვევა, არადა, სააგენტოს მთავარი ფუნქციაც სწორედ ეს არის – შემოქმედებითი გზით გადაჭრას მარკეტინგული ამოცანები.
M: ვისგან შედგება Watergunz?
უკვე 22 ვართ… სხვადასხვა სააგენტოებში მუშაობისას, სულ განვიხილავდით იმ ხარვეზებს, რომელიც ჩვენ გარშემო იყო, ამიტომ, როდესაც გადავწყვიტეთ ახალი სააგენტოს ჩამოყალიბება, დიდი ხანი ვიმუშავეთ სტრუქტურაზე, რომელიც განსხვავებული უნდა ყოფილიყო და გაეთვალისწინებინა ყველა ის ხარვეზი, რომელიც ეფექტურ მუშაობაში გვიშლის ხელს… თუმცა, რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანებია, რაც არ უნდა გამართული სისტემა გქონდეს, მთავარი მაინც ადამიანების გუნდია. ამ მხრივ, ძალიან კარგად ვიმუშავეთ და ძალიან, ძალიან, ძალიან კარგი გუნდი შევკრიბეთ, ყველა მიმართულებით. შემოვიერთეთ სხვადასხვა სააგენტოსა და კომპანიაში მომუშავე პროფესიონალები, დავიმატეთ რამდენიმე საუკეთესო „ფრილანსერი“ და ასევე, სამშობლოში დავაბრუნეთ სხვა ქვეყანაში მოღვაწე მშვენიერზე მშვენიერი ადამიანები.

M: რამდენი ხანია, რაც აქტიურად მუშაობთ და ფუნქციონირების განმავლობაში, რა პროექტები გაქვთ შესრულებული?
აქტიურად სულ 8 თვეა, რაც ვმუშაობთ. ამ მცირე პერიოდში, საკმაოდ ბევრი პროექტი გაკეთდა. მათგან ყველაზე მოზრდილი გალერია თბილისის „ზაფხულის გულის“ გათამაშება იყო. თუმცა, ეს პერიოდი სხვა დიდი პროექტების მომზადებისთვის უფრო გამოვიყენეთ, ამ ეტაპზე, რამდენიმე მნიშვნელოვანი და ძალიან საინტერესო პროექტი მზადდება.
[fbvideo link=”https://www.facebook.com/wtrgnz/videos/319968692087599/?q=watergunz” width=”720″ height=”405″ onlyvideo=”1″]
M: როგორია თქვენი სამომავლო ხედვა და მიმართულებები, რომლებიც პრიორიტეტული იქნება სააგენტოსთვის მომავალშიც?
მომავალში, სააგენტოსთვის მარკეტინგული პროექტების და მიდგომების გარდა, რომლებზეც უკვე ვისაუბრეთ, სოციალური თემატიკის პროექტები იქნება მთავარი პრიორიტეტი. ეს ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ, ჩვენ გარშემო ბევრი პრობლემა და სტერეოტიპია, რომლებსაც არ ვეთანხმებით. კი, ხან წავიწუწუნებთ ამ პრობლემებზე, ვისაუბრებთ ბევრს მაგრამ შემდეგ, ასევე ბევრს არაფერს ვაკეთებთ. ეს პრობლემები და სტერეოტიპები კი უფრო ძლიერდება. ამიტომ, შემოვიღეთ წესი: მიუხედავად იმისა, გვაქვს, თუ არა სოციალური თემატიკის დაკვეთა, თვის განმავლობაში, ერთ ასეთ პროექტს მაინც ვამუშავებთ. პროექტი გადის ყველა ეტაპს, სტრატეგიიდან კრეატივამდე და ახლა უკვე სამი ასეთი პროექტი გვაქვს რომლიც უკვე განხორციელების ფაზაშია. მათ შორის, პირველი სექტემბრის დასაწყისში განხორციელდება დანარჩენი ორი კი ოქტომბერში.














