5
Sep
2019

WATERGUNZ-მა სარეკლამო ინდუსტრიის პრესტიჟული ჯილდო CLIO Awards მოიგო

5 Sep 2019

WATERGUNZ-ის პროექტმა „გულგრილობის ხმა“ CLIO Awards-ზე ბრინჯაოს პრიზი მოიგო. სოციალურ კამპანიას ჯილდო Sound Design-ის კატეგორიაში გადაეცა.

Clio Awards პრიზებს, რეკლამის, დიზაინისა და კომუნიკაციის სფეროში მოღვაწე კომპანიებს, ინოვაციური იდეებისთვის, რამდენიმე კატეგორიაში,  გადასცემს. დაჯილდოება პირველად, ამერიკაში, 1959 წელს გაიმართა და მას შემდეგ, ყოველწლიურად, ნიუ-იორკში ტარდება. WATERGUNZ ერთადერთი ქართული სააგენტოა, მინიმუმ, ბოლო 10 წლის მანძილზე, რომელმაც მსოფლიო სარეკლამო ინდუსტრიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და პრესტიჟული Clio Awards-ის პრიზი მოიგო.

რაც შეეხება კამპანიას „გულგრილობის ხმა“, არასრულწლოვანთათვის ცივი იარაღის მარტივად ხელმისაწვდომობის პრობლემას ეხება. WATERGUNZ-ის ეს პროექტი რამდენიმე საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულია.

2019 წელს, Clio Awards-ის დაჯილდოების ცერემონია 26 სექტემბერს გაიმართება.

როგორც WATERGUNZ-ის დამფუძნებელი ბაჩო მებურიშვილი ამბობს, ეს რეკლამო ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და შესავამისად, მათთვის საამაყო ჯილდოა.

„Clio Awards ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდოა ჩვენს ინდუსტრიაში. აქ გამარჯვება ძალიან სასიამოვნო და საამაყოა. მნიშვნელოვანია, რომ კონკურსში ისეთი სოციალური პროექტით გავიმარჯვეთ, რომელსაც, რეალური ცვლილებები მოჰყვა. ჩვენი გუნდისთვის, ეს დამატებითი მოტივაციაა – ერთი, რომ შეგიძლია, შეცვალო ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი და ფასეულია და მეორე – გაძლევს სტიმულს, კიდევ მეტი სოციალური პროექტი გააკეთო. საკმაოდ დიდი კონკურენცია იყო. რეალურად, შარშან და წელს, თუ რაიმე მნიშვნელოვანი სოციალური პროექტი შექმნილა ან CSR-ის მიმართულებით კამპანიები გაკეთებულა, ყველა წარდგენილი იყო Clio Awards-ზე. ზოგადად, ერთ-ერთი ყველაზე რთული კონკურსია, ჩვენს ინდუსტრიაში. ამიტომ, მთელი მსოფლიოდან, გაფილტრულ, მხოლოდ ძალიან მაღალი დონის ნამუშევრებს აგზავნიან“.

განხილვა