Watermark ქართული ფოტო-ვიდეო სტუდიაა, რომელიც ელ. კომერციის მიმართულებით მომუშავე კომპანიებს პროდუქციის 360 გრადუსით გადაღებას სთავაზობს, მეორე მხრივ კი, სტოკ მედიის პლატფორმებზე ყიდის ფოტოებს (მაგ. Shutterstock-ზე). სტოკ პლატფორმები სხვადასხვა ტიპის ვიზუალურ კონტენტს აერთიანებს, საიდანაც მსოფლიო მედია, თუ სარეკლამო სააგენტოები საჭირო ვიზუალებით „მარაგდებიან“. 2017 წლიდან დღემდე, სტარტაპის პროდუქცია 40-მდე ქვეყანაში გაყიდა და ის დღესაც განაგრძობს საერთაშორისო თუ ადგილობრივი კომპანიებისთვის საინტერესო ვიზუალური კონტენტის შექმნას. რა მნიშვნელობა აქვს 360 გრადუსით გადაღებას ელექტრონული კომერციისთვის და რა სიახლე შემოაქვს სტარტაპს ქართულ ბაზარზე – ამ კითხვებზე Watermark-ისა და ასევე, ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია KAUFMANN-ის დამფუძნებელმა – ოთო შამუგიამ გვიპასუხა:

M: როგორ გაჩნდა Watermark-ის შექმნის იდეა და რა გამოცდილება გქონდათ ფოტო-ვიდეო გადაღების კუთხით?
რომ ვიწყებდით გამოცდილება თითქმის არ გვქონია ენთუზიაზმის და ინდუსტრიისადმი ინტერესის გარდა. საქმის საფუძვლიანად შესწავლის მიზნით, ყველაფერს მივედ-მოვედებოდით. იდეა იმის, რომ შევსულიყავით სტოკ-კონტენტის წარმოების ბაზარზე მარტივად გაჩნდა. ჩემი ბიზნეს პარტნიორი, ჯაბა ჩიქობავა, მრავალი წელი გრაფიკულ დიზაინში მოღვაწეობდა და პარალელურად ქმნიდა ვექტორულ ფაილებს სტოკებზე გასაყიდად, საკმაოდ წარმატებითაც, თუმცა ამას არ ჰქონდა სისტემური და კომპლექსური ხასიათი, ამიტომ პირველი მიზანი რაც დავისახეთ, შესაფერისი ბიზნეს მოდელის შემუშავება იყო.
M: როგორია ვიზუალური კონტენტის შექმნის, ან 360 გრადუსით გადაღების გამოცდილება საქართველოში და თქვენ რა სიახლე შემოგაქვთ ბაზარზე?
საქართველოში საკმაოდ მაღალი დონის კონტენტი იქმნება, განსაკუთრებით ტურისტული ხასიათის, რადგან ჩვენი ქვეყანა უპრეტენზიო და ვიზუალურად ეფექტური მოდელია. გვყავს საერთაშორისო დონეზე აღიარებული ფოტოგრაფები და ვიდეოგრაფებიც, თუმცა ამ სეგმენტში ჩვენთვის მოღვაწეობა გაუმართლებელი იქნებოდა, მრავალი წელი და ათეულობით ათასი ფოტო არის საჭირო იმისთვის, რომ საკუთარი საავტორო სტილი და ხედვა ჩამოუყალიბდეს ფოტოგრაფს. ჩვენ ტექნიკური მიმართულება ავირჩიეთ, ვითვისებთ ყველაფერ იმას, რისი ათვისებაც თეორიულად შეიძლება. ამ ტექნიკური ნიუანსების შესწავლასთან ერთად, ტრენდებსაც ვსწავლობდით და შევამჩნიეთ, რომ 360 გრადუსიან ფოტოგრაფიას ქართულ ბაზარზე მხოლოდ გარემოს (VR) ჭრილში იცნობენ და არა ობიექტების.

M: რა მნიშვნელობა აქვს ელ. კომერციისთვის 360 გრადუსით გადაღებას?
ევროპაში მუდმივად იმაზე ფიქრობენ, როგორ გააუმჯობესონ ონლაინ ვიზიტორის გამოცდილება (UX) ვიზუალური კონტენტის მიმზიდველობის გაზრდის გზით. ჩვენც შევისწავლეთ ტექნოლოგია, დიდი ხანი ვაოპტიმიზირეთ, მინიმუმამდე დავიყვანეთ ფოტოსესიის და ფოტომონტაჟის პროცესში ადამიანის ფაქტორი. მივიღეთ სერვისი, რომელიც სწრაფია, იაფია და შედეგად, ფოტოს ინტერაქტიულს ხდის, პროდუქტს კი „აცოცხლებს“. მომხმარებელზე შთაბეჭდილების მოხდენა, ალბათ, ნებისმიერი მარკეტერისთვის მთავარი პრიორიტეტია.

M: ფოტოების სტოკ პლატფორმებზე გაყიდვის შესახებ მოგვიყევით… როგორ განვითარდით, ან რა შედეგები გაქვთ ამ მიმართულებით?
თავდაპირველად, საკმაოდ სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი სტოკერობის მიმართ, რადგან ერთი მედია ფაილის გაყიდვა ხშირ შემთხვევაში 1 დოლარზე ნაკლებია, მაგრამ დიდი სტიმული გვიჩნდებოდა, როდესაც ვხედავდით როგორ იყიდება ჩვენი მასალები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. დღეს თითქმის 40 ქვეყანაში გვაქვს გაყიდვა დაფიქსირებული. ზოგიერთი 5-10 წამიანი ვიდეო მასალა $99-ად იყიდება. აქ ძალიან მნიშვნელოვანია ფოტოების/ვიდეოების პოპულარობა, რასაც ბაზარი არეგულირებს. ჩვენს პორტფელში გამოიკვეთა რამდენიმე ისეთი ბესტსელერი, რომელიც იმდენად მოედო უკვე მსოფლიოს, რომ გვხვდება ხოლმე სხვადასხვა უცხოურ მარკეტინგულ მასალაში. მაგალითად, Amazon Echo-ს პოსტებში.

M: რა უფრო მთავარია Watermark-ის გუნდისთვის, როცა კონტენტს ქმნით – ვიზუალი, თუ იდეა?
ჯერ იდეა, შემდეგ ვიზუალი, როდესაც ვქმნით კონტენტს ჩართულობისთვის (engagement). ჯერ ვიზუალი და შემდეგ მარკეტინგი, როდესაც ვქმნით მას-კონტენტს გაყიდვებისთვის (sales/conversion), მაგალითად სტოკს. სტოკი არ არის ხელოვნება, ის უფრო ტექნიკური და მარკეტინგული პროდუქტია, რომელსაც სწორი კატეგორიზაცია და საძიებო სიტყვების (keywords) მინიჭება სჭირდება. მნიშვნელოვანია ხარისხიც, რადგან უხარისხო მასალები მომენტალურად იბლოკება.

M: ვინ შეიძლება იყოს თქვენი მომხმარებელი ქართულ, თუ გლობალურ ბაზარზე?
პროდუქციის 360 გრადუსიანი ფოტოგრაფიისთვის და მოძრავი კადრის (stop motion) წარმოების ნაწილში ჩვენი პოტენციური მომხმარებელია ნებისმიერი მწარმოებელი და/ან გადამყიდველი, რომელსაც გააჩნია ონლაინ მაღაზია, სადაც პროდუქტს საჩვენებელი ბევრი აქვს, რისთვისაც არ არის სამკარისი მხოლოდ ერთი-ორი რაკურსი. სტოკების ნაწილში კი გლობალურად მედია და სარეკლამო სააგენტოები ყიდულობენ ჩვენს მასალებს. ლოკალურად, არაერთ საერთაშორისო დონორს მოვემსახურეთ ინფორმატიული და ნახევრად-დოკუმენტური ვიდეო მასალის გადაღებაში. ასევე, ვავითარებთ მოქაფების კრებულებს, ბრენდინგის ექსპერტებისა და გრაფიკოსებისთვის. მოკლედ, დაქსაქსულები ვართ, კარგი გაგებით.

M: როგორია Watermark-ის გეგმები და მოლოდინები?
გვაქვს ამბიცია სამი მიმართულებით განვვითარდეთ: 1. ფოტოგრაფიაში მაღალი ტექნოლოგიების ინტეგრირების, პროცესების გამარტივების და ავტომატიზაციის განხრით; 2. მოკლემეტრაჟიანი, დოკუმენტური და სრულმეტრაჟიანი ფილმების წარმოების განხრით, რადგან ერთ წელზე მეტია 24/7-ზე სხვადასხვა კამერის სხვადასხვა ფორმის და ზომის ობიექტივში ვიყურებით, ბევრი ვნახეთ და სათქმელიც ბევრი დაგვიგროვდა; 3. საკუთარი სტოკ-პლატფორმის განვითარების განხრით და ამისთვის სულ მალე აქტიურ კამპანიას დავიწყებთ მოყვარული ფოტოგრაფების მოზიდვის და კონტენტის მას-წარმოებაში ჩართვის მიზნით.