19
მარ
2018

როგორ გავიტანოთ ჩვენი ბრენდი საერთაშორისო ბაზარზე?!

19 მარ 2018

საერთაშორისო ბაზარზე გასვლა, დღეს, თითქოს, ისეთი რთული აღარ არის, როგორც წლების წინ. ამერიკაში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ერთი წლის მანძილზე, მომხმარებელთა 82%-ს ერთხელ მაინც აქვს შეძენილი საერთაშორისო ბრენდის პროდუქტი. და ეს მაშინ, როდესაც აშშ-დან საშუალო ბიზნესის მწარმოებლების მხოლოდ 1%-ს გააქვს საკუთარი პროდუქცია ექსპორტზე.

statiebi-bog
statiebi-bog

ცხადია, ამერიკის მაგალითი ვერ იქნება კლასიკური მოდელი ევროპისა და აზიის ქვეყნებისთვის. ყველა ბაზარს თავისი, უნიკალური მოთხოვნები აქვს. თუმცა, არის რამდენიმე ფაქტორი, რომელიც, თითქმის, ყველგან უნდა გავითვალისწინოთ. მაგალითად, ახალი ბაზრის ასათვისებლად, აუცილებელია, ვიცოდეთ ადგილობრივი მომხმარებლის უნიკალური მოთხოვნები და კანონები. ასევე, უნდა განვსაზღვროთ მარკეტინგული სტრატეგია კონკრეტულად ამ ბაზრისთვის.

საერთაშორისო ასპარეზზე ბიზნესის წარდგენისას, ყველაფერი ჩვენს პროდუქტსა და საექსპორტო ბაზრის მოთხოვნებს უნდა მოვარგოთ. ასევე, შეგვიძლია, სხვა კომპანიების გამოცდილებაც გავითვალისწინოთ, რადგან არსებობს ნიუანსები, რომლებიც უცვლელია ნებისმიერი ბიზნესისა და ბაზრისთვის.

აუცილებელია ადგილობრივი ბაზრის კვლევა! 

ყოველ ახალ ბაზარზე თავის დასამკვიდრებლად კვლევა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია. შედეგად, დასაწყისშივე გვეცოდინება, კანონით გათვალისწინებული რაიმე შეზღუდვა ხომ არ ეხება ჩვენს ბიზნესს, არის თუ არა ინტერესი ჩვენი პროდუქტისადმი და საერთოდ, ღირს თუ არა ამ კონკრეტულ ბაზარზე შესვლა.

საჭიროა, ვითანამშრომლოთ „სწორ“ ადამიანებთან! 

ახალ ბაზარზე კომპანიისთვის ოფისისა და წარმომადგენლობის გახსნა საჭირო არ არის. თუმცა, აუცილებელია ადგილობრივი თანამშრომელი, რომელიც იცნობს მომხმარებლის კულტურას, იცის რა მოთხოვნები და საჭიროებებია ლოკალურ ბაზარზე.

ყველაფერი ადგილობრივი მარკეტინგია! 

საერთაშორისო ბაზარზე თავის დამკვიდრება წარმოუდგენელია ლოკალური მარკეტინგული სტრატეგიის გარეშე. ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია ყველაფერი: კომპანიის წარმომადგენლობის დასახელება, სწორი დომენის შერჩევა, თითოეული მარკეტინგული სვლა. თუ შევძლებთ, შევქმნათ ადგილობრივი ბაზრისთვის საინტერესო და მოთხოვნადი ბრენდი, გრძელვადიან პერსპექტივაში, ეს ჩვენს წარმატებას უზრუნველყოფს.

თითოეული დეტალი მნიშვნელოვანია! 

როგორც წესი, ახალ ბაზარზე სამოქმედო სტრატეგიის განსაზღვრისას,  ადგილობრივი ექსპერტებისა და პარტნიორების რჩევებს ვითვალისწინებთ, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ის ელემენტები, რაც თითოეულ ქვეყანას უნიკალურობას სძენს და მხოლოდ მისთვისაა დამახასიათებელი. აუცილებელია, გავითვალისწინოთ, რა მოთხოვნებია იმ კონკრეტულ ბაზარზე მონაცემთა დამუშავებისა და შენახვის კუთხით. ასევე, უნდა გვქონდეს პოტენციური კლიენტებისა და მომხმარებლების სია და ა.შ.

წყარო: www.entrepreneur.com



განხილვა