in

შოპინგი ბეტმენის სახლში?! — Wayne Enterprises Experience

მანჰეტენის ერთ-ერთ უბანში ბრიუს ვეინის ცხოვრება იყიდება — ავტოფარეხში 5.2-მილიონიანი მანქანა დგას, მისაღებში 750 000-დოლარიანი McIntosh-ის ხმის სისტემა, მეორე სართულის აივანზე მაგიდაზე 55 000-დოლარიანი კონიაკის ბოთლი დევს… ეს ყველაფერი Wayne Enterprises Experience-ის ნაწილია, ერთკვირიანი მდიდრული ვაჭრობის ინტერაქციული გამოცდილების, რომელიც ბეტმენის კომიქსს ძალიან მდიდარი მომხმარებლებისთვის აცოცხლებს. 

ვეინის გამოგონილ სასახლეში მომხმარებლების მცირე ჯგუფებს ის მსახიობები უძღვებიან, რომლებიც ლუციუს ფოქსის და ალფრედ პენივორტის როლებს თამაშობენ. ისინი სტუმრებს ოთახებში დაატარებენ, რომლებშიც გასაყიდი ნივთებია განთავსებული ძალიან მაღალი ფასებით. მთავარს კი ახლა გეტყვით, ისინი გზად თეატრალური მომენტების მომსწრენიც ხდებიან, მათ შორისაა რიდლერის სტუმრობა, რომელიც მათ აცნობებს, რომ მატყუარა სწორედ მათ რიგებშია…

სწორედ ამიტომ, ფიქრობენ, რომ Warner Brothers Discovery Global Consumer Products and Relevance International-ის მიერ შექმნილი Wayne Enterprises Experience საცალო ვაჭრობის მომავალზე მიგვითითებს, რომელშიც თეატრალური დადგმები ტრადიციული ვაჭრობის გამოცდილებას ერწყმის.

ბევრი ბრენდისთვის ეს უჩვეულო პარტნიორობას ჰგავდა, ბევრს აშინებდა ეს სიახლე, ბევრიც კი ამაში შესაძლებლობას ხედავდა… თუმცა გადაწყვიტეს, რომ აქ Rolex-ის ან Hublot-ის საათები კი არა, Kross Studio-ს საათი განეთავსებინათ, პატარა დამოუკიდებელი შვეიცარიული სტუდიის, რომლის ფასიც 78 300 ევროს შეადგენს. არც ვეინის ქურთუკებია Brioni-ს ან Zegna-ს, აქ მილანური Eleventy-ის 795-დოლარიან მოსაცმელს სთავაზობენ მომხმარებლებს. 

გამოცდილების ბოლოს კი მომხმარებლები თავს აღმოაჩენდნენ Batcave-თან, როცა ზემოთხსენებული მატყუარა თავს გამოამჟღავნებდა — ეს Catwoman გახლავთ — რომელმაც წარმატებით მოიპარა ძვირადღირებული კრიპტონიტის ბეჭედი? არა, უბრალოდ ჯიბეში უსაფრთხოდ შეინახა და ახლა მისი ყიდვა 800 400 დოლარად შეიძლება. Gotham Blue ან Joker Purple-ის ბეჭდების ფასი კი ბევრად ძვირი დაუჯდება მსურველს, ისინი 11.2 და 9.3 მილიონადაა შეფასებული.

ეს პირველი შემთხვევაა, როცა საცალო ვაჭრობა თეატრთან გავაერთიანეთ. საცალო ვაჭრობის ინდუსტრიას ნამდვილად სჭირდებოდა ხელახალი წარმოდგენა და იმ პასუხებიდან გამომდინარე, რომლებსაც ვიღებთ, ვფიქრობთ, სწორ გზაზე ვდგავართ, — აცხადებს სუზან როსნოვსკი, Relevance International-ის CEO, რომელიც ამ იმერსიული გამოცდილების კურირებაზე იყო პასუხისმგებელი. 

თუმცა არ ამბობენ, რამდენი პროდუქტი გაიყიდა ამ გამოცდილებით, ერთი ის ვიცით, რომ ზოგიერთმა მომხმარებელმა ნივთები პირდაპირ QR კოდებიდან შეიძინა, რომლებიც თითოეულ ნივთზე იყო დატანილი. ხოლო მათ, ვისაც არ შეეძლო ღონისძიებაზე ლაივში დასწრება, შესაძლებლობა ჰქონდა, კოლექცია ონლაინ შეეძინა…

როგორ წერს AI ზღაპრებს?

Sidekick – ქართული სტარტაპი, რომელმაც კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია გააციფრულა