ქალები ხვდებიან გენდერულ სტერეოტიპებს ნებისმიერ სამსახურში. ისინი, შესაძლოა აცნობიერებენ ამას და უკუკავშირსაც ავლენენ, თუმცა, ხშირ შემთხვევაში, ეს აფერხებს მათ კარიერულ მიზნებს და აგრძნობინებს თავს უმწეოდ, არსებული, უსიამოვნო რეალობის შეცვლის საკითხში. აღსანიშნავია, რომ ეს მოქმედებს არა მხოლოდ ქალებზე, არამედ კომპანიებზეც, რომლებშიც ისინი არიან დასაქმებულები. გარდა ხელშესახები და ცხადი დისკრიმინაციისა, არსებობს ერთი შეხედვით, წვრილმანი, თუმცა საბოლოო ჯამში, საკმაოდ საზიანო „ნორმები“, რომლებიც სამუშაო სივრცეში ქალის, როგორც მეორეხარისხოვანი საქმის შემსრულებლის როლს უკავშირდება.
თუ მამაკაცი ხართ, შეგიძლიათ იყიდოთ საჩუქარი თქვენი კოლეგის ახალშობილისთვის? იმ შემთხვევაშიც, თუ ეს იქნება ჰიგიენური საშუალება? გარეცხოთ საკუთარი ჭურჭელი სამსახურში და სხვების ნაცვლადაც მოადუღოთ ყავა? დაგეგმოთ სიურპრიზი თანამშრომლისთვის, რომელსაც დაბადების დღე აქვს ან იყოთ კორპორატიული, გასართობი ღონისძიების ორგანიზატორი?
მეორეხარისხოვანი საქმე – სამუშაო, რომელიც კომპანიის ძირითად მიზნებს პირდაპირ არ უკავშირდება და რომლისთვისაც არავინაა მადლიერი. ერთგვარი, ოფისის უხილავი შრომა, რომელსაც მამაკაცები ნაკლებად ასრულებენ. ყველაზე ხშირად, ქალი არის ის, ვინც ამ საქმეს უმკლავდება. კვლევების თანახმად, მსგავსი მოვალეობები გაცილებით ხშირად ეკისრებათ ქალებს, ვიდრე მამაკაცებს, ხოლო როდესაც მამაკაცი ასრულებს ამგვარ საქმეს, მისი ქმედება 14%-ით უფრო შესამჩნევი და მოსაწონია, ვიდრე მდედრობითი სქესის კოლეგის. (ნიუ-იორკის უნივერსიტეტის კვლევა).
რა თქმა უნდა, ეს უსამართლობაა და ერთ-ერთი სახე, საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპული შეთანხმებებისა. ეს არ არის მხოლოდ ყავის მომზადება შეხვედრისას, ოფისის საშინაო შრომას მიაქვს დრო კარიერული, საჭირო საქმიანობიდან. ოფისის საშინაო საქმის ამგვარი გადანაწილება უკავშირდება სტერეოტიპულ შეხედულებას, რომ ქალები არიან აღმზრდელები, ხოლო მამაკაცები ისინი, ვინც საჭიროებენ ზრუნვას/მოვლას. ეს ცხადს ხდის იმას, რომ ქალი აღიქმება კაცის დამატებად, ინსტრუმენტად, ფუნქციად. თუნდაც, სამსახურში, სადაც ჩვენ ყველა, შესაძლოა, ვისაზღვრებით ერთი და იმავე საზომით და მოგვეთხოვება ერთი და იმავე სტანდარტები თუ ქცევა.
აღსანიშნავია, რომ ქალისთვის უფრო რთულია ოფისის საშინაო საქმეზე უარის თქმა, ვიდრე კაცისთვის. მაგალითად, მამაკაცი დაბადების დღის წვეულების ორგანიზებას არ იღებს საკუთარ თავზე, რადგან შეუძლია თქვას, რომ ის დაკავებულია, ან უფრო უხეშად – მას აქვს უფრო მნიშვნელოვანი საქმეები. ქალს კი, რომელიც უარს ამბობს მსგავს დავალებაზე, ბრალად ედება არაგუნდურობა, ეგოისტობა. საგულისხმოა თვითონ ქალების შემგუებლობაც, ამ უხილავი ფუნქციების მიმართ.
და ბოლოს, რა უნდა ვქნათ პრობლემის გადასაჭრელად? ქალებმა უნდა შეწყვიტონ მოქმედება თუ კაცებმა უნდა დაიწყონ მსგავსი, მეორეხარისხოვანი საქმის შესრულება? ამ ეტაპზე, მამაკაცებს გთავაზობთ მოქმედებას, ერთი შეხედვით წვრილმანი და არამნიშვნელოვანი საქმეების თვითონ შესრულების გზით.
- თვითონ ჩაინიშნეთ მნიშვნელოვანი შეხვედრები და დეტალები;
- საჭიროებისას, მოიძიეთ და დაჯავშნეთ ფართი კონფერენციისთვის;
- მიიღეთ კონფერენციის მონაწილეები პირადად;
- დაგეგმეთ წვეულება;
- იყიდეთ საჩუქრები დაბადების დღეებისთვის, თანამშრომლის ახალშობილისთვის, თუნდაც, ჰიგიენური საშუალებები;
- თვითონ გარეცხეთ საკუთარი ჭურჭელი სამსახურში;
- ორგანიზება გაუწიეთ დაბალი საფეხურის თანამშრომლებთან ურთიერთობას;
- თვითონ დაგეგმეთ სასწავლო ღონისძიებები;
- იმუშავეთ ნაკლებად გავლენიან კლიენტებთანაც;
- მართეთ ადამიანების მენეჯმენტთან დაკავშირებული საკითხები;
- შეასრულეთ რუტინული სამუშაოც, რომელიც არ არის ცენტრალური ბიზნესის სტრატეგიისთვის;
- ორგანიზება გაუწიეთ ოფისის ღონისძიებებს.
არც ერთი ჩამოთვლილი შეთავაზება არ გამოიყურება მიმზიდველად, თუმცა, ეს არის აუცილებლობა, რომელიც გენდერული სიბრმავის წინააღმდეგ შეიძლება გამოგადგეთ.