6-დან 9 ოქტომბრამდე, ერევანი მსოფლიოს ინფორმაციული ტექნოლოგიების ეპიცენტრად იქცევა. ეს იქნება 23-ე ღონისძიება, რომელსაც მსოფლიოს ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სერვისების ალიანსი (WITSA) ჩაატარებს. ღონისძიება WCIT-ს, სხვაგვარად ინფორმაციული ტექნოლოგიების მსოფლიო კონგრესს, ტექნოლოგიური წინამძღვრების გარდა, აქვს დეცენტრალიზაციის მიზანიც. სწორედ ამ მიზნის კვალდაკვალ, ღონისძიება 1978 წლიდან დღემდე, ყოველ წელს, სხვადასხვა ქვეყანასა და ქალაქში იმართება. იაპონიის, ავსტრალიის, აშშ-ის, მექსიკის, კანადის, ინდოეთის, ტაივანისა თუ ბრაზილიის შემდეგ, WCIT 23-ედ, სომხეთში გაიმართება.
WCIT 2019-ზე აქცენტი კეთდება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის გავლენა ინდივიდებზე, ცხოვრების ხარისხზე, კომერციულ სფეროებზე, დემოკრატიაზე, დაცულობაზე და ზოგადად, კაცობრიობის განვითარებაზე. გარდა ამისა, ღონისძიება ფარავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა განათლება, კლიმატის ცვლილებები, ინკლუზია, ხელოვნური ინტელექტი და ჯანმრთელობა. WCIT-ის მიზანია გამოიწვიოს დისკუსია, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა პროფესიონალის ჩართულობით. ჩავიდეს ამა თუ იმ აქტუალური საკითხის სიღრმეებში და ისაუბროს აღმოჩენებზე, ხმამაღლა.
წელს, WCIT 2500-ზე მეტ დელეგატს უმასპინძლებს, რომლებიც 60-ზე მეტ ქვეყანას წარმოადგენენ, მათ შორის, ტექნოლოგიური ინდუსტრიის ლიდერებს, სახელმწიფო მოხელეებს, აკადემიკოსებს, ანტრეპრენუარებსა თუ ექსპერტებს. იმ იდეების ავტორებს, რომლებმაც თანამედროვე, ტექნოლოგიური ეპოქა შექმნეს. ღონისძიების სპიკერები სხვადასხვა დროს იყვნენ ბილ გეითსი, ბილ კლინტონი თუ ჯინი რომეტი. წელს ღონისძიების სპიკერები იქნებიან – გარი ვაინერჩუკი (VaynerX-ის დამფუძნებელი, ცნობილი ანტრეპრენერი), კიმ კარდაშიანი (KKW Beauty-ს დამფუძნებელი და ერთ-ერთი უდიდესი ინფლუენსერი), ვაჰე ტოროსიანი (Microsoft-ის კორპორატიული ვიცე-პრეზიდენტი), სტენ ში (Acer-ის დამფუძნებელი), ჯეიმი მეტსელი (გეოპოლიტიკის ექსპერტი), ალექსის ოჰანიანი (Reddit-ის თანადამფუძნებელი), ნარაიანა მურთი (Infosys-ის დამფუძნებელი), კატერინე სარაფიანი (Pixar Animation Studio-ს უფროსი ვიცე-პრეზიდენტი) და სხვები.
WCIT 2019-ის გახსნის ღონისძიება 6 ოქტომბერს გაიმართება და დამსწრეებს საშუალება ექნებათ მოისმინონ ხელოვნური ინტელექტის მიერ, ადგილზე დაწერილი კომპოზიცია, რომელსაც ორკესტრი შეასრულებს. თავის მხრივ, ორკესტრი აერთიანებს 100 მუსიკოსს 15 ქვეყნიდან. გახსნის ღონისძიების დასკვნით ნაწილში კი ფსიქოდელიური ვიზუალური ეფექტების თანხლებით, დაუკრავს სპეციალური სტუმარი, გრემის მდლობელი და მსოფლიო დონის ინოვატორი DJ Armin Van Buuren. 7 ოქტომბერს კი დაიწყება WCIT 2019-ის ძირითადი ნაწილი, რომელიც სხვადასხვა მნიშვნელოვან, ტექნოლოგიურ საკითხზე დისკუსიებს, გამოსვლებსა თუ შოუებს მოიცავს.
აღსანიშნავია, რომ WCIT წელს ჯ. დერიდას დეკონსტრუქციის თეორიას ეყრდნობა, რაც ღონისძიების სახელში – ცენტრის გადააზრება (Rethinking the Center) გამოიხატება. ორგანიზატორები, WCIT 2019-ით მოგვიწოდებენ, გადავიაზროთ ცენტრის მნიშვნელობა, დავამსხრიოთ სტერეოტიპები და გავიფართოვოთ აღქმის საზღვრები. მსგავს ნარატივს იმეორებს ღონისძიების სლოგანიც და დეცენტრალიზაციის ძალაზე და საჭიროებაზე მიგვითითებს (The Power of Decentralization).
საქართველოდან, ღონისძიების ექსკლუზიური მედიაპარტნიორია Marketer.ge. მარკეტერის მკითხველისთვის, ღონისძიებაზე დასასწრებ ბილეთებზე 20%-იანი ფასდაკლება მოქმედებს. ფასდაკლების მიღების მსურველები გადადით ბმულზე.