2
Sep
2019

“გაატარე ოთხივე სეზონი საქართველოში” – WDS-ის ღვინის ელჩები უკრაინაში

2 Sep 2019

ტურისტული ემბარგოს შემდეგ, ქართული ტურიზმის მხარდასაჭერის სურვილი არაერთმა ქართულმა კომპანიამ თუ ცალკეულმა პიროვნებამ გამოთქვა. “გაატარე ზაფხული საქართველოში” – ფრაზა, რომლითაც ასობით ათასი ქართველი და უცხოელი ერთმანეთს საქართველოში ეპატიჟება, უამრავ კამპანიას დაედო საფუძვლად. საყოველთაო ინიციატივას შეუერთდა ქართული კომპანია Wine Discovery Selection (WDS), რომელიც საგანგებოდ შერჩეული ქართული ღვინითა და ჭაჭით, უკრაინის 500-ზე მეტ ობიექტს ამარაგებს. ქართული ტურიზმის მხარდასაჭერად, WDS-მა გადაწყვიტა უკრაინელი მომხმარებლისთვის მიეცა ბიძგი, აქტიურად ჩამოსულიყვნენ დასასვენებლად საქართველოში. სწორედ ამიტომ, შეიქმნა სპეციალური დიზაინის Check-In-ის ფორმის ბროშურა, წარწერით Spend Your Summer In Georgia. კომპანიის ცნობით, ბროშურა მიმაგრებული აქვს სასმელის ყველა ბოთლს, რომელსაც WDS უკრაინის ხუთ ქალაქს, კიევს, ოდესას, ხარკოვს, ლვოვსა და დნეპრს აწვდის. სწორედ ამ სახით,  კამპანია ივლისის თვეში დაიწყო და ზაფხულის ბოლომდე გაგრძელდა. სეზონის დასრულებასთან ერთად, კომპანია გეგმავს ოთხივე სეზონზე მოიპატიჟოს ტურისტები საქართველოში. შესაბამისად, წარწერას Spend Your Summer In Georgia, თაგებზე, შეცვლის ფრაზა Spend 4 Seasons In Georgia. ამას გარდა, WDS, ჰორეკა სექტორის წარმომადგენლებისთვის, სამოტივაციო პროგრამის დაწყებას გეგმავს.

“შემოდგომის მეორე ნახევარში, დავიწყებთ სამოტივაციო პროგრამას. გვსურს კამპანიაში ჩავრთოთ ჰორეკა სექტორის წარმომადგენლები – წამყვანი რესტორნების სომელიეები და ხელმძღვანელები საქართველოში ჩამოვიყვანოთ. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც უკრაინულ ბაზარზე საქართველოს პოპულარიზაციას ეწევიან და აინტერესებთ უფრო მეტის გაგება ჩვენს ქვეყანაზე. უკრაინაში საქართველო ბევრს ძალიან უყვარს. ამ ადამიანებს უფრო ახლოდან გავაცნობთ ქართულ კულტურას, ღვინოს, ადამიანებს. რაც შეეხება უკრაინული რესტორნების წარმომადგენლებს, ისინი საქართველოს სტუმრობენ, თუმცა, ასეთი კოლექტიური მოგზაურობა პირველი იქნება, ქართული კომპანიის მხრიდან. დაათვალიერებენ თბილისს, ქართულ მეღვინეობას გაეცნობიან. უფრო მეტად შევაყვარებთ აქაურობას და შემდეგ, ისინი თავად გახდებიან საქართველოს ელჩები უკრაინაში, თავიანთ მომხმარებლებთან,” – ამბობს კომპანიის დამფუძნებელი, ბესო ჩიხრაძე.

WDS ბიზნესმენმა ბესო ჩიხრაძემ ორი წლის წინ დააარსა. იქამდე უკრაინის ბაზარზე ისეთი ბრენდების განვითარებაში იღებდა მონაწილეობას, როგორებიცაა “ბორჯომი”, “ქართული ვაზი”, “სარაჯიშვილი”, “მარანი”, Silver Breeze. საქართველოში კი Nemiroff-ის, Sandora-ს, Red Bull-ისა და Khlibnyi Dar-ის პროექტებს ხელმძღვანელობს. ამ დროისათვის, საფეხბურთო კლუბ Gagra-ს პრეზიდენტია და ასევე, სადისტრიბუციო კომპანია “გაგრა +-ის” დამფუძნებელი. კომპანია WDS-მა თავის მისიად უცხოელ მომხმარებელში ღვინის კულტურის პოპულარიზაცია დაისახა. გარშემო შემოიკრიბა სპეციალისტების ჯგუფი, რომელიც ქართველ, ფრანგ, უკრაინელ და ამერიკელ ექსპერტებისა და ენოლოგებს აერთიანებს. კომპანია, ქართულთან ერთად, გერმანულ და სლოვენიურ ღვინოებსაც უწევს პოპულარიზაციას, თუმცა, ძირითადი აქცენტი ქართულ სასმელზე აქვს. ასორტიმენტის ფორმირებისთვის, WDS-ის სპეციალისტებმა 80-მდე ქართული მარანი და ღვინის დიდი საწარმო მოიარეს:

“ჩვენი ექსპერტები ეცნობიან ადგილობრივ მევენახეობას, მეღვინეობის ტექნოლოგიებს, ატარებენ დეგუსტაციებს და მხოლოდ ამის შემდეგ ვირჩევთ თანამედროვე მეღვინეობის მხოლოდ ყველაზე ნათელ, სრულყოფილ და ჰარმონიულ ნიმუშებს. სწორედ ამიტომ, ჩვენი ღვინის თითოეული კოლექცია თანამედროვე მეღვინეობის ყველაზე ნათელი მაგალითია. ხარისხი უკომპრომისოა, ამას ადასტურებს ჩვენ მიერ შერჩეული მარნების წარმატება საერთაშორისო კონკურსებში. ამას გარდა, ვეყრდნობით ისეთ ავტორიტეტულ წყაროებს, როგორებიცაა: Decanter World Wine Awards, ჟურნალი Wine and Spirits, Wine Enthusiast და საერთაშორისო ქვევრის ღვინის კონკურსი, სადაც  რეიტინგში WDS-ის ღვინოები მოწინავე პოზიციებზეა.”

 

[R]

განხილვა