14
Dec
2018

„ვისქი ჯორჯია“ – არაფორმალური განათლების ცენტრი მოზარდებისთვის

14 Dec 2018

Startauperi
Startauperi


არაფორმალური განათლების ცენტრი „ვისქი ჯორჯია“ 2018 წელს შეიქმნა. როგორც ერთ-ერთი დამფუძნებელი და დირექტორი სოფიო ბურნაძე ამბობს, ორგანიზაცია, საერთაშორისო გამოცდილების მქონე ახალგაზრდა ინსტრუქტორებმა ჩამოაყალიბეს, რომ მოზარდებს სხვადასხვა აქტივობის ინტერესი გაუჩინონ და ხელი შეუწყონ მათ ფიზიკურ თუ ფსიქიკურ გაჯანსაღებას.

მისივე თქმით, გუნდის ლიდერები ჰოლანდიის, დიდი ბრიტანეთის და შვეიცარიის ახალგაზრდულ ცენტრებში კლდეზე ცოცვის, მშვილდოსნობის, „ზიპ ლაინის“, თავისუფალი ვარდნის კუთხით მუშაობდნენ, რისთვისაც ჯერ სერტიფიცირება გაიარეს, შემდეგ კი ლიცენზია მოიპოვეს.

სოფო ბურნაძე: ორგანიზაციის შექმნის მოტივაცია მოგვცა დღევანდელმა რეალობამ. მოზარდების ყოველდღიურობა საკმაოდ დატვირთულია და ხშირად დიდ სტრესთანაც ასოცირდება. ზოგად საგანმანათლებლო პოლიტიკაში საკმარისი ადგილი არ უჭირავს არაფორმალურ განათლებას, რაც საშუალებას მისცემს მოზარდს, იყოს ინიციატორი – განახორციელოს საკუთარი ინტერესების შესაბამისი აქტივობა. ამიტომ, ახალგაზრდებში აშკარად იკვეთება ისეთი პრობლემები როგორიცაა: აგრესია, თვითრეალიზაციისა და ინტერესთა სფეროს ნაკლებობა, არაფორმალური განათლების მიღების დეფიციტი, საზოგადოებასთან გაუცხოება, არასწორი ავტორიტეტებისადმი მიმბაძველობა, ძალადობა, სტერეოტიპების არსებობა. არა და, ფიზიკური აქტივობა ახალგაზრდების გაზრდის განუყოფელი ნაწილია. ეს ადამიანის ფიზიკურ, სოციალურ და ფსიქიკურ განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა მჭიდროდაა დაკავშირებული და ერთმანეთზე დიდ გავლენას ახდენს.

M: რა არის თქვენი ორგანიზაციის მიზანი?

ს. ბ. : ვისქი ჯორჯიას“ მიზანია, სხვადასხვა აქტივობის მეშვეობით, ხელი შეუწყოს არაფორმალურ განათლებას. ასწავლოს მათ გუნდურობა, ლიდერობა, კომუნიკაცია, პირველადი დახმარება, საზღვაო კვანძები, ბუნებაში ორიენტირება და თავშესაფრის აშენება. გვინდა, დავეხმაროთ მოზარდებს, მეგობრებთან ერთად, შეისწავლონ საკუთარი შესაძლებლობები სწორად, დაუახლოვდნენ ერთმანეთს, გამოიმუშაონ ის უნარ – ჩვევები, რომლებიც შემდგომში დაეხმარებათ თავი დაიმკვიდრონ საზოგადოებაში. ასევე, გვსურს, გაითავისონ ღირებულებები: ინდივიდუალური პასუხიმგებლობა, დამოუკიდებლობა, ზრუნვა, რწმენა, მთლიანობა, თანასწორობა, თანამშრომლობა, სამოქალაქო აქტივიზმი, სხვისი აზრის პატივისცემა. არაფორმალურ გარემოში, სადაც მოსწავლეები ამჟღავნებენ შინაგან სამყაროს და თავისუფლად გრძნობენ თავს, ვაკვირდებით და ვქმნით მოზარდების ფსიქოლოგიურ პორტრეტს. შემდეგ კი, ფსიქოლოგთან და მასწავლებლებთან ერთად, ვმუშაობთ მათთან და ვეხმარებით ასაკობრივი სიძნელეების დაძლევაში. სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს 6-დან 18 წლამდე ყველა მოზარდი. ჩვენი მიზანია, შევქმნათ პირველი სერტიფიცირებული ლიდერების და ტრენერების პლატფორმა/ბაზა და საერთაშორისო გამოცდილების  მქონე გუნდის დახმარებით, მოზარდებს გავუჩინოთ ფიზიკურ აქტივობებისადმი ინტერესი, რაც ხელს შეუწყობს მათ როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქიკურ გაჯანსაღებას. გვსურს, დავეხმაროთ იყვნენ უფრო ახლოს ბუნებასთან, მიიღონ მონაწილეობა ლაშქრობებში, ბანაკებში, დაკავდნენ ზამთრის სპორტით და გამოიმუშაონ ამისთვის საჭირო უნარ – ჩვევები.

M: რაც შეეხება კონკრეტულ პროექტებს . . .

ს. ბ. ვისქი ჯორჯია“, სხვადასხვა სკოლებთან ერთად, ამ ეტაპზე, ორ მაშტაბურ პროექტს ახორციელებს. პირველი არის უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების დაცვით სამთო – სათხილამურო ბანაკი მესტიაში. რეგიონში ასეთი რამ ჯერ არ ყოფილა. ბანაკის სახელია WeSkiMestia და მასში მონაწილეობას მიიღებენ 10 – დან 17-წლამდე მოზარდები. დღის პირველ ნახევარში ისრიალებენ კურორტ თეთნულდის სათხილამურო ტრასაზე. დღის მეორე ნახევარში დაკავდებიან სხვადასხვა გასართობ – შემეცნებითი აქტივობებით და გაეცნობიან სვანეთის ღირსშესანიშნაობებს, ითამაშებენ „სითი გეიმს“, ააშენებენ თოვლში თავშესაფარს, ისწავლიან ბუნებაში ორიენტირებას, საკვების  მომზადებას, ცეცხლის დანთებას და ა.შ.  მეორე მიმდინარე პროექტია ტრენინგების კურსი, რასაც მოზარდებს ვუტარებთ როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში: თამაშობენ გუნდურ თამაშებს, იძენენ პრაქტიკულ ცოდნას სალაშქრო აღჭურვილობის გამოყენებაზე, პირველად დახმარებაზე კომპასის გამოყენებაზე და ა.შ.

M: რამდენად მნიშვნელოვანია დღეს არაფორმალური განათლება?

ს. ბ. არაფორმალურ განათლებას დიდი როლი აქვს ბავშვის განვითარებაში და სწორედ ამიტომ, ევროპის ყველა ქვეყანაში შეხვდებით ისეთ აქტივობების ცენტრებს, სადაც ბავშვები, ადრეული ასაკიდან, დადიან ბანაკებში, ლაშქრობებში, არიან ბუნებასთან უფრო ახლოს და მუშაობენ საჭირო უნარ-ჩვევების შეძენაზე.

M: რას ნიშნავს საბანაკე ცხოვრება, რა სარგებელს მოუტანს მოზარდებს ეს პროექტები?

ს. ბ. : საბანაკე ცხოვრება არ არის მხოლოდ გართობა და დასვენება. ეს  არის არაფორმალური განათლების ერთ-ერთი ფორმა. სწორად დაგეგმილი ბანაკის პროგრამა  მოზარდს შესაძლებლობას აძლევს, აღმოაჩინოს საკუთარ თავში უამრავი რესურსი, მოირგოს სოციალური როლი და წარმოაჩინოს საკუთარი თავი ისე, როგორც მას სურს. ამიტომაც, ყველა აქტივობას თავისი მნიშვნელობა აქვს – თავისუფალი დრო, ფიზიკური და შემეცნებითი აქტივობა ერთ მთლიანობას ქმნის და მიზნად ისახავს ბავშვის სწორ განვითარებას. ბანაკი ყოველთვის უკავშირდება დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს, მაგრამ ეს მხოლოდ გართობიდან არ გამომდინარეობს. ბანაკის შემდეგ ბავშვები არიან უფრო ლაღები, დამოუკიდებლები, თავდაჯერებულები, რჩებათ უამრავი მეგობრები და ნაცნობები.

M: რაც შეეხება თქვენ სამომავლო გეგმებს . . .

ს. ბ. ვისქი ჯორჯიას“ მთავარი მიზანია, ჩამოაყალიბოს ახალგაზრდული აქტივობების ცენტრი, რომელიც მოზარდების ინტერესებზე იქნება მორგებული. ასევე, ვაგრძელებთ და თანამშრომლობას სხვადასხვა სკოლებთან და ვიწყებთ 2019 წლის საზაფხულო ბანაკებზე მუშაობას. ყოველ წელს, ჩვენ ყველა დაინტერესებულ მოზარდს შევთავაზებთ ინოვაციურ და უსაფრთხო ბანაკებს, სადაც მათ უამრავი თავგადასავალი ელოდება.

განხილვა