რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, საქართველოში ჩამოსული ათასობით უკრაინელი სხვადასხვა გამოწვევის წინაშე დადგა. ბევრი მათგანი საჭიროებდა საცხოვრებელ ადგილს, სამსახურს ან სხვა სახის ხელშეწყობას. საქართველოში, მათი დახმარების სურვილი უამრავმა ადამიანმა გამოთქვა – ისინი ეძებდნენ გზებს, როგორ მიეწვდინათ ხმა უკრაინელ ოჯახებამდე და ეცნობებინათ, რომ დაუთმობდნენ საკუთარ სახლს/ბინას, დაასაქმებდნენ ან სხვა სახის დახმარებას გაუწევდნენ. არსებულმა რეალობამ Arttteo-ს ვებდეველოპერები მიიყვანა ინიციატივამდე, შეექმნათ პლატფორმა We4Ukraine, რომლით სარგებლობაც დახმარების გაწევისა და მისი მიღების მსურველებს მარტივად შეუძლიათ. იდეის განხორციელებაში, Arttteo-ს სააგენტო Leavingstone დაეხმარა. პლატფორმა სულ ახლახან გაეშვა და იმ მომენტისთვის, როდესაც ეს სტატია იწერება, დახმარების გაწევა უკვე 86-მა ადამიანმა შეძლო. ვებგვერდზე მითითებული სამი განყოფილებიდან ნებისმიერ მსურველს შეუძლია უკრაინელებს საცხოვრებელი, სამსახური ან სხვა ტიპის დახმარება შესთავაზოს. პლატფორმის შესახებ ჩვენს კითხვებს Leavingstone-ის თანადამფუძნებელმა, ლევან ლეფსვერიძემ უპასუხა.
M: ჩანაფიქრის მიხედვით, რა უნდა ყოფილიყო პლატფორმის მთავარი ფუნქცია?
როცა რუსეთმა ომი დაიწყო და საქართველოში ჩამოსულ უკრაინელებს დახმარება დასჭირდათ, ბევრ ინდივიდსა და კომპანიას გაუჩნდა დახმარების სურვილი – ზოგმა საკუთარი სახლის დათმობა გადაწყვიტა, სხვებმა – დასაქმება ან სხვა სახის ხელშეწყობა. თუმცა, ეს ყველაფერი გაბნეულად ხდებოდა. ამიტომ, გადავწყვიტეთ შეგვექმნა ერთიანი პლატფორმა, სადაც ქართველების უკრაინელებისათვის დახმარების ინიციატივებს გავაერთიანებდით.
M: რა იყო ამოსავალი წერტილი კონცეფციის შექმნისას?
კონცეფციის ამოსავალი წერტილია ის, რომ ქართველი ხალხი ეხმარება უკრაინელ ხალხს. აქ არაა საუბარი რომელიმე ცალკეულ პიროვნებაზე ან ბიზნესზე. ესაა ქართველი ხალხის ერთიანი კეთილი ნება. პლატფორმა არის განურჩევლად ყველასთვის, ვინც მასში ჩაერთვება. ესაა რამდენიმე კარგი ადამიანის ინიციატივა, რომელშიც ჩვენ დავეხმარეთ.
M: რა სერვისებია გათვალისწინებული We4Ukraine-ზე?
პლატფორმაზე მარტივადაა წარმოდგენილი სერვისები – მათთვის, ვისაც ეს დახმარება სჭირდება და მათთვის, ვისაც ამ დახმარების გაწევა შეუძლია. სერვისები დაყოფილია სამ ნაწილად: დაბინავება – ვისაც შეუძლია დაუთმოს ბინა და მეორე მხრივ, ვისაც საცხოვრებელი სჭირდება, დასაქმება – დამსაქმებლებისა და სამსახურის მაძიებლებისთვის და ზოგადი – ამ კატეგორიაში დანარჩენი სხვადასხვა სახის საჭიროების შესახებ ვრცელდება ინფორმაცია.
M: ვინ გაერთიანდით პლატფორმის შექმნის იდეის გარშემო?
პლატფორმა ღიაა ნებისმიერი ინიციატივისთვის. პლატფორმა ტექნიკურად Arttteo-მ შექმნა, Leavingstone დავეხმარეთ კონცეფციის ჩამოყალიბებაში, საიტის დიზაინში, პროექტ მენეჯმენტსა და პოპულარიზაციაში.
პლატფორმა სულ ახლახან გაეშვა და ჯერ კიდევ, დახვეწის პროცესშია. ჩვენი მიზანია, ადამიანებს დავეხმაროთ, უკრაინელი ხალხის დახმარების ცალკეული სურვილები ერთ სივრცეში მოათავსონ.
ავტორი: თამარ მეფარიშვილი