კანადის შერბროკის უნივერსიტეტის მკვლევარებმა რობოკიდური შექმნეს, რომელიც ადამიანის სხეულზე მაგრდება და ფაქტობრივად, მისი მესამე ხელის ფუნქციას ასრულებს. სამი „თითისგან“ შემდგარი ხელის მტევნით რობოტს სხვადასხვა ტიპის სამუშაოს შესრულება შეუძლია, მაგალითად, აწიოს 5 კილოგრამამდე წონის ნივთი. გარდა ამისა, მას გარე მანიპულაციაზე დაყრნობით, შეუძლია ადამიანს ხილის მოკრეფაში, ან კედლების შეღებვაში დაეხმაროს. ასე ვთქვათ, რობოკიდური თქვენი ასისტენტია, რომელიც სხვადასხვა, ხელით შესასრულებელი სამუშაოს მიმდინარეობისას გეხმარებათ. ქვემოთ წარმოდგენილ ვიდეოში წარმოჩენილია სხვადასხვა სიტუაციები, რომლის ფარგლებშიც ამ რობოტს შეუძლია გამოსადეგი დამხმარე იყოს.
რობოკიდურის სამართავად სპეციალური მოწყობილობაა საჭირო. ეს არის რობოტის პატარა მოდელი, რომლის მოძრაობითაც რობოხელის შესაბამისი მოქმედების მიღწევა შეგვიძლია.
როგორც IEEE Spectrum აღნიშნავს, რობოკიდურს მაქსიმუმ 3.4 მეტრი წამში სიჩქარით მოძრაობა შეუძლია, რაც ნიშნავს, რომ ის სწრაფად რეაგირებს დავალებებზე (მაგალითად, ფორთოხლის მოწყვეტა). რობოტის წონა ოთხი კილოგრამია – დაახლოებით იმდენი, რამდენსაც საშუალოდ, ადამიანის მკლავი იწონის. თუმცა, ენერგიისთვის ის გარე, სპეციალური ბორბლებით გადაადგილებად წყაროს იყენებს (როგორც ვიდეოში ხედავთ, ეს მობილობასთან დაკავშირებულ პრობლემას ქმნის, თუმცა, სავარაუდოა, რომ დროთა განმავლობაში, რობოტი ამ მიმართულებითაც დაიხვეწება).
მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ტექნოლოგია ჯერ კიდევ ჰიპოთეტურია. მიუხედავად იმისა, რა შედეგებს გვიჩვენებს ის ტესტირებისას, მისი დახვეწა ჯერ კიდევ საჭიროა. ტექნოლოგია უკვე მზადაა იმისათვის, რომ ქარხნებში დასაქმებულ ადამიანებს ხელით შესასრულებელ საქმეებში დაეხმაროს, თუმცა, მას ჯერ კიდევ ბევრი შეზღუდვა აქვს. რობოკიდური თვითონ არ აზროვნებს. როგორც ვიდეოში ვხედავთ, ის, ჯერჯერობით, სხვის მიერაა მანიპულირებული. ადამიანის ინსტრუქციების გარეშე მოქმედი რობოკიდურის შექმნა კი გაცილებით რთული მისიაა და აქამდე ჯერ კიდევ ბევრი კვლევა და ექსპერიმენტი გვაქვს გასავლელი.