15
Mar
2017

Wearart – ქართველი არტისტების ხელნაკეთი ნამუშევრების ონლაინ მაღაზია

15 Mar 2017

Startauperi
Startauperi


 „ჩვენი აზრით, თითოეული ნივთი, რომელიც ხელით არის გაკეთებული და მის კონცეფციაზე სათითაოდ არის ნაფიქრი, არის არტი“. Wearart ქართული ხელნაკეთი ნივთების ონლაინ მაღაზიაა, რომელიც აქტიურ ფუნქციონირებაზე, სულ რაღაც ერთი თვეა, გადავიდა. იდეა, დაახლოებით, 1 წლის წინ გაუჩნდათ თათია კარიაულსა და ქეთა ყავლაშვილს და პირველი გამოწვევა ხელოვანი ადამიანების წახალისება და მათი, რაც შეიძლება, ფართო აუდიტორიისთვის წარდგენა გახდა. მარკეტერი ესაუბრა თათია კარიაულს Wearart-ის იდეის არსზე, საქმიანობის თავისებურებებსა და მომსახურების უპირატესობებზე.

M: თათია, რა არის Wearart-ის იდეის მთავარი არსი? 
პროექტის მთავარი არსი საინტერესო, უნიკალური და, რაც მთავარია, ხელნაკეთი აქსესუარებისა და ნივთების კომფორტულ და ხელმისაწვდომ სივრცეში თავმოყრა იყო, საიდანაც  ადამიანს, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შეეძლებოდა მისი მარტივად შეძენა. ჩვენც, პირადად, დატვირთული ცხოვრების სტილის გამო, ყოველთვის გვიჭირდა სხვადასხვა ადგილას სიარული აქსესუარების ან საჩუქრების საყიდლად, თან თბილისში ხელნაკეთი ნივთები გაფანტულად იყიდებოდა… გადავწყვიტეთ, შეგვექმნა ონლაინ სივრცე, სადაც ჩვენნაირ დაკავებულ ადამიანებს შეეძლებოდათ, შეერჩიათ ნიჭიერი არტისტების ხელნაკეთი აქსესუარები, ხოლო არტისტებისთვის ეს იქნებოდა დამატებითი სივრცე, სადაც შეძლებდნენ თავიანთი ნამუშევრების აუდიტორიისთვის ჩვენებას.

M: რა ფორმით პარტნიორობთ იმ სტარტაპებთან, რომლებიც ხელნაკეთ ნივთებს აკეთებენ?
არტისტებსა და დიზაინერებს სხვადასხვა გზით ვპოულობთ, დავდივართ გამოფენებზე, მაგალითად, startup market-ზე ჩვენი სტენდი გვქონდა და იქვე გავიცანით ბევრი საინტერესო დიზაინერი. ასევე, სოციალურ ქსელსა და თბილისში მარტივად ვპოულობთ. კონკრეტულ შემთხვევებში, თვითონაც გვიკავშირდებიან არტისტები. მაქსიმალურად გვინდა, წავახალისოთ მსგავსი ინიციატივები და ძალიან გვიხარია, როდესაც ვინმე გვიკავშირდება და გამოხატავს დაინტერესებას.

M: რის მიხედვით არჩევთ ნამუშევრებს?
ჩვენ გვაქვს კონკრეტული კონცეფცია, რის მიხედვითაც ვარჩევთ ნამუშევრებს, თუმცა გვინდა, რომ მაქსიმალურად ბევრ არტისტთან ვითანამშრომლოთ და ყოველთვის ღია ვართ საუბრისთვის. თანამშრომლობის შემთხვევაში, არტისტების ნამუშევრებს ჩვენ ვაქვეყნებთ როგორც საიტზე სტუდიური ფოტოებით, ასევე ლუქბუქებით და ა.შ.  

M: ვებგვერდი მხოლოდ ინგლისურად რატომ გაქვთ?
საიტზე ჯერ კიდევ ყველაფერი არ არის დამატებული. მომავალში ქართული ენაც იქნება. თუმცა სიმარტივის კუთხით, თავიდან ინგლისური, როგორც საერთაშორისო ენა ავირჩიეთ, რადგან ვებგვერდი არა მხოლოდ საქართველოს, არამედ საერთაშორისო ბაზარზეც არის გათვლილი და ჩვენი დიდი სურვილია, ქართველი ხელნაკეთი არტისტები საზღვარგარეთ გავიტანოთ.

M: ამჟამად, რომელ ბრენდებთან თანამშრომლობთ?
დაახლოებით, 30-მდე არტისტსა და დიზაინერთან ვთანამშრომლობთ, მათ შორის არიან: მუსია ქებურია, თამრი ბოლქვაძე, humanoid, blush. ასევე, კერამიკის სტუდიებთან ვთანამშრომლობთ და ისინი ჩვენთვის იფიქრებენ განსხვავებული კერამიკის სამკაულებს – whitestudio და red ceramics. ჩვენთან არიან ისეთი არტისტებიც, რომლებიც შედარებით ახლები არიან, ფართო აუდიტორია მათ არ იცნობს და კონკრეტულად ჩვენთვის შექმნეს ნამუშევრები.

M: მომსახურების მხრივ, რა უპირატესობა გაქვთ?
ჩვენი პროექტის მთავარ ამოსავალ წერტილად ხელნაკეთი ნივთების უნიკალურობა რჩება. ჩვენს საიტზე განთავსებული პროდუქტების უმრავლესობას საკუთარი ისტორია აქვს, ან კონკრეტული ინსპირაციით არის შექმნილი. მათში კარგად ჩანს დიზაინერების ხედვა და სტილი. ამ ყველაფრის ერთ პლატფორმაზე განთავსება კი თავისთავად ამარტივებს  ამ მთლიანობისა თუ განსხვავებული პერსპექტივების აღქმას. მატერიალურ დონეზე ჩვენი საიტი მომხმარებელს პროდუქტის სახლიდან გაუსვლელად შეძენის საშუალებას აძლევს. ვებგვერდზე  www.wearart.me პირდაპირ არის შესაძელებელი ყველა განთავსებული ნივთის შეძენა, თანხის გადახდაც ონლაინ ხდება და ადგილზე მიწოდების სერვისიც გვაქვს: საქართველოში მცხოვრები ადამიანისთვის, სასურველი ნივთის მიღება 2 დღეშია შესაძლებელი, ხოლო საზღვარგარეთ – მაქსიმუმ, 5 დღეში.

 

განხილვა