in

Web2-დან Web3-მდე: ინტერნეტის კულტურული რევოლუცია

Web3 ახალი ტექნოლოგიური და კულტურული ფენომენია. მიუხედავად იმისა, რომ განვითარების საწყის ეტაპზეა, უკვე გამოიკვეთა საინტერესო თავისებურებები და აშკარა პოტენციალი, რითაც ის უზარმაზარ გარდატეხას მოახდენს.

GM! დილა მშვიდობისა! – კეთილი იყოს თქვენი მობრძანება Web3-ის „გარიჟრაჟზე“. ამ ბლოგში შეიტყობთ Web3-ზე, მის მახასიათებლებზე, სუბკულტურასა და რაც მთავარია, Web3-ის შესაძლებლობების გამოყენებაზე. იმისთვის, რომ გავიგოთ, რა არის Web3, ინტერნეტის ევოლუციას გადავხედოთ.

ინტერნეტის ევოლუცია და Web3

Web1.0 – ინტერნეტის პირველი ფორმა – 90-იან წლებში გამოჩნდა. World Wide Web (WWW) იყო მარტივი ფუნქციონალის მქონე ვებსაიტებისგან შექმნილი ვები, რომლის დანიშნულებაც ინფორმაციის მარტივად მოძიება და მიღება იყო.

Web2.0 ინტერნეტი სოციალური ქსელების განვითარებასთან ერთად გამოჩნდა. შეიქმნა პლატფორმები, სადაც ადამიანებს შეეძლოთ აქტიური ინტერაქცია, კონტენტის შექმნა და გაზიარება. ეს არის ინტერნეტი, რომელსაც დღეს აქტიურად ვიყენებთ და რომლით სარგებლობისთვისაც პერსონალური მონაცემების დათმობა გვიხდება.

შემდეგ მოხდა მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური მოვლენა: შეიქმნა ბლოკჩეინი და კრიპტოვალუტა, რამაც დასაბამი დაუდო Web3.0-ის დეცენტრალიზებულ პროტოკოლს. Web3-ს წინამორბედებისგან ყველაზე მეტად განასხვავებს ის, რომ ციფრული აქტივების საკუთრებაში ფლობა შეგიძლიათ. Web3 თანასწორუფლებიანი (P2P) ქსელია, რომლის შექმნაში, განვითარებასა და აღსრულებაშიც მომხმარებლები – Community წევრები –  მონაწილეობენ, ყოველგვარი შუამავლის გარეშე.

Web3 კულტურის ჩამოყალიბება და მნიშვნელოვანი პროექტები

ალბათ, სწორი იქნება თუ ვიტყვით, რომ Web3 კულტურის ჩამოყალიბებაში უდიდესი როლი NFT-ტექნოლოგიამ ითამაშა. ბლოკჩეინზე შექმნილ პირველ NFT არის კევინ მაკკოის Quantum NFT – პიქსელიზებული რვაკუთხედი, რომელიც 2014 წლის 3 მაისს გაეშვა. თუმცა NFT კულტურულ ფენომენად აქცია ისეთმა გავლენიანმა NFT პროექტებმა (და არა მხოლოდ), როგორებიცაა:

Crypto Punks

Crypto Punks-ის 8-ბიტიანი მინიავატარების პიქსელიზებულმა კოლექციამ პოპულარობა მალევე მოიპოვა და Web3 სამყაროს ერთ-ერთ ყველაზე ეპიკურ და სახასიათო პროექტად იქცა. მეტ ჰოლისა და ჯონ უოტკინსონის (Larva Labs) 10 000-სურათიანი კოლექცია 2017 წლის ივნისში გაეშვა ეთერიუმის ქსელში და 9 000 ერთეული უფასოდ, საკომისიო გადასახადის საფასურად დარიგდა. კოლექციიდან ყველაზე იშვიათი, უცხოპლანეტელების გამოსახულებიანი 9 Crypto Punk ავატარი აუქციონზე $11 მილიონზე მეტად გაიყიდა. კოლექციის ასეთმა წარმატებამ ბიძგი მისცა როგორც NFT კოლექციის განვითარებას, ასევე, ხელი შეუწყო ეთერიუმის ბლოკჩეინის NFT პლატფორმად ჩამოყალიბებასაც.

2022 წელს Lava Labs-ის ამ კოლექციის IP უფლებები შეიძინა Yuga Labs-მა, რომელსაც ეკუთვნის Web3 სამყაროს კიდევ ერთი კულტურული ფენომენი – Bored Ape Yacht Club NFT კოლექცია.

Bored Apes

Yuga Labs-ის Bored Apes კოლექცია, რომელზეც გამოსახული იყო 10 000 უნიკალური მოწყენილი მაიმუნი პირველად 2021 წლის აპრილში გამოვიდა და მისი თავდაპირველი ფასი 0.08 ETH-ს შეადგენდა. ყველაზე ძვირადღირებულია Bored Ape #8817, რომელიც $3.4 მილიონად გაიყიდა. სხვადასხვა დროს კოლექციის არაერთი მაიმუნი გაიყიდა მილიონ დოლარზე მეტად. მაგალითად, 2022 წლის იანვარში ცნობილმა მომღერალმა ჯასტინ ბიბერმა Bored Ape #3001 500 ETH-ად, მაშინდელი კურსით $1.3 მილიონად შეიძინა. მართალია, დღეს კოლექციის ფასმა იკლო და ბიბერის NFT ახლა დაახლოებით $60 000 ღირს, თუმცა Bored Apes კოლექცია ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ, გავლენიან და ძვირადღირებულ პროექტად რჩება.

Azuki

Azuki-ს NFT კოლექცია ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროექტია. ანიმეს სტილში შესრულებული 10 000 NFT პირველად 2022 წლის იანვარში გამოჩნდა და NFT ენთუზიასტების გული მალევე მოიგო. შემქმნელებმა საჯაროდ გასაყიდად გამოუშვეს 8700 NFT, თითო 1 ETH-ად, რაც იმ დროს $ 3 400-ს შეადგენდა. კოლექცია თავიდანვე ძვირად გაეშვა და ექსკლუზიურობის ნიშა დაიკავა. პროექტზე აქტიურად საუბრობდნენ გავლენიანი ინფლუენსერები. Azuki ერთ-ერთ სწრაფმზარდ და ძვირადღირებულ კოლექციად იქცა. მიუხედავად იმისა, რომ პროექტის შემქმნელების სახელები რამდენიმე საეჭვო პროექტთან დაკავშირებული აღმოჩნდა, Azuki-ს პოპულარობას ამ მხრივ დიდი ზიანი არ მისდგომია, მაგრამ ბაზრის მიმდინარე რეცესიული მდგომარეობა Azuki-ს კოლექციის ფასზე მაინც აისახა.

NFT პროექტების გარდა, Web3 სამყაროში აქტიურად არიან ჩართული  ცნობილი ბრენდები და სახეები: Nike, Samsung, Coca-Cola, Balenciaga, Gucci, სერენა უილიამსი, რიზ ვიზერსპუნი, Rihanna, Snoop Dogg და სხვ. Snoop Dogg-მა Sandbox-ის მეტავერსში ვირტუალური Snoopverse შექმნა, სადაც კონცერტებს მართავს.

Web3 საზოგადოება და ენა

როგორც აღვნიშნეთ, Web3 სივრცეს კომუნა – Web3 საზოგადოება – აგებს, ავითარებს და ამოძრავებს. Web3 არქიტექტურა ემყარება DAO-ს – დეცენტრალიზებულ ავტონომიურ ორგანიზაციას, რომელიც ქვემოდან ზემოთ მართვადი სტრუქტურაა. DAO-ს წევრები ფლობენ ციფრულ აქტივებს, აძლევენ ხმას ცვლილებებს და განსაზღვრავენ პოლიტიკას. ეს არის ერთგვარი დემოკრატია ცენტრალიზებული ორგანოს გარეშე.

ცხადია, ისევე როგორც ყველა საზოგადოებას, Web3 კომუნასაც საკუთარი სუბკულტურა და „ენა“ გააჩნია, რომელიც თავიდან უცნაურადაც შეიძლება მოგეჩვენოთ, მაგრამ Web3-ში გათვითცნობიერებასთან ერთად, ორგანული ხდება.

მაგალითად, Web3 სივრცეში შეხვდებით ისეთ ტერმინებსა და აბრევიატურებს, როგორიცაა:

  • GM! (Good Morning!) – ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჰეშთეგი კრიპტო Twitter-ზე.
  • LFG! (Let’s F*ing Go!) – მოტივაციური მოწოდება
  • Mooning – როცა კრიპტოვალუტის ფასი სწრაფად მიიწევს მაღლა. აქვე გამოთქმა „To the Moon“ (მთვარისაკენ!)
  • Shill – კრიპტოაქტივის აქტიური პრომოცია საკუთარი ინტერესებისთვის.
  • BTD (Buy the dip) – კრიპტოვალუტის ან NFT აქტივის ყიდვა მაშინ, როცა მისი ფასი დაცემულია
  • DYOR (Do your own research) – თავად მოიკვლიე ინფორმაცია.

DYOR და ინფორმირებულობა

Web3 გამუდმებით ვითარდება. ის ახალი „მიწაა“, სადაც უამრავი საინტერესო გამოცდილება, შესაძლებლობა და ადამიანი დაგხვდებათ. მაგრამ, რადგანაც ეს სამყარო დეცენტრალიზებულია, ყურადღება გმართებთ. ყოველთვის ეცადეთ, თავად მოიკვლიოთ ინფორმაცია, გაანალიზოთ შემოთავაზებები და მოუფრთხილდეთ თქვენს ვირტუალურ აქტივებს, რადგან „სამართალდამცავების“ იმედი აქ ვერ გექნებათ. თვალი მიადევნეთ ისეთ სოციალურ ქსელებს, სადაც Web3 დისკუსიები აქტიურად იმართება: Twitter, Discord, Reddit. იყავით ინფორმირებული.

რომ შევაჯამოთ, Web3:

  • ახლა იქმნება
  • მუდმივად და სწრაფად ცვალებადია
  • ემყარება ბლოკჩეინტექნოლოგიას
  • გაძლევთ ციფრული აქტივების ფლობის უნიკალურ საშუალებას
  • ვითარდება მხარდამჭერი საზოგადოების მიერ
  • არ ემორჩილება გეოგრაფიულ საზღვრებსა და ცენტრალიზებულ ორგანოებს
  • ქმნის საკუთარ სუბკულტურას საკომუნიკაციო „ენითა“ და სტილით
  • იძლევა შესაძლებლობას, მომხმარებელმა თქვენს კონტენტთან დიდი დრო გაატაროს.

არსებობს მოსაზრება, რომ Web2-დან Web3-მდე გარდამავალ პერიოდში ვიმყოფებით და  Web3-ის სრული შესაძლებლობები ჯერ არ გამოვლენილა. ეს იმას ნიშნავს, რომ მეტ სიახლეებს უნდა ველოდოთ და შესაძლოა, არცთუ შორეულ მომავალში ვირტუალური სივრცე ახალ, რეალურ სამყაროდ მოგვევლინოს.

ინფორმაციას Web3 ტექნოლოგიებისა და ინოვაციების შესახებ წარმოგიდგენთ coinmania.

[პარტნიორის კონტენტი]

პირველი უნივერსიტეტი ისტორიაში მუსლიმმა ქალმა დააარსა!

ოპელი საქართველოში ახალი ენერგიით ბრუნდება!