დღეს, როცა მთელი მსოფლიო ბიზნესისა და მომსახურების გაციფრულების აუცილებლობის წინაშე დგას, პროგრამული უზრუნველყოფის სერვისის მქონე კომპანიებს შესაძლებლობა აქვთ, მიმდინარე რეალობაში თავიანთი როლი სწორად შეაფასონ და ადეკვატური ნაბიჯებით, ადგილობრივ თუ საერთაშორისო ბაზრებზე თავიც სწრაფად დაიმკვიდრონ.
ერთ-ერთი ასეთი ქართული სტარტაპი WebAPP-ია, სულ ახლახან საინვესტიციო კომიტეტმა 100 000 ლარიანი თანადაფინანსების საგრანტო პროგრამის 20 გამარჯვებულს შორის რომ დაასახელა.
რას აკეთებს „ვებაპი“? – მარტივად რომ ვთქვათ, ამ ეტაპზე სილამაზის სალონებს, ესთეტიკის ცენტრებს, კლინიკებს პროგრამულ უზრუნველყოფას სთავაზობს. ეს ნიშნავს, როგორც კომპანიის მმართველი რგოლისთვის, ისე თანამშრომლებისა და მომხმარებლებისთვის მომსახურების გაცემისა და მიღების პროცესის, მთლიანად ბიზნესის მართვის გამარტივებას შემდეგნაირად: მულტიფუნქციური კალენდრის (პროცედურაზე ჩაწერა, მომავალი ჯავშნის მოძიება), მარაგების აღრიცხვის სისტემის, თანამშრომელთა (სახელფასო ანაზღაურება, დასვენების დღეები და ა.შ.) და მომხმარებელთა ბაზის, სტატისტიკური ინფორმაციის, სადაზღვევო კომპანიებთან ურთიერთობის (დაზღვევით მისული პაციენტის გადასახდელი თანხის მარტივი გაანგარიშება და სხვ.), პაციენტების ელექტრონული ანკეტების შექმნისა – და ბიზნესის ფუნქციონირებისთვის სხვა საჭირო ამოცანების პროგრამული გზით გადაჭრას.
სტარტაპი ერთი წლის წინ შეიქმნა და ამ დროის განმავლობაში დაგროვილ გამოცდილებას WebApp-ის თანადამფუძნებელი, ლევან მესხიშვილი გვიზიარებს:
M: ლევან, ზემოთ მოკლედ მიმოვიხილეთ თქვენი საქმიანობის შესახებ… შეგიძლიათ, უფრო ზუსტად მოგვიყვეთ, ვის უწევთ მომსახურებას და რას სთავაზობთ მათ?
Მთლიანად „ვებაპი“ 2 მიმართულებად გვაქვს დაყოფილი: პირველია WebApp Software და მეორე – WebApp Business. Software-ის მიმართულებით, სტომატოლოგიურ კლინიკებს, ესთეტიკის ცენტრებს, სილამაზის სალონებსა და სერვისის პროვაიდერ ბიზნესს ვემსახურებით, ხოლო Business-ის მიმართულებით, კერძო დაკვეთებს ვაკეთებთ ჩვენს გუნდთან ერთად. ასე, მაგალითად, სულ 2 დღეა, რაც Redco Management-ის Property Management სისტემა დავამთავრეთ და აქტიურად ვიწყებთ დანერგვის პროცესს. Ჩვენ კარგად გვესმის, რას ნიშნავს ტექნოლოგიების ძალა, ამიტომ გუნდთან ერთად ბევრ კომპანიას ვემსახურებით როგორც პროგრამული უზრუნველყოფის სპეციალურად მათთვის დაგეგმვა/შესრულების ნაწილში, ასევე მობილური აპლიკაციების, ვებსაიტებისა და ა.შ ინსტრუმენტების შექმნაში. დამკვეთები არა მხოლოდ საქართველოში, საფრანგეთსა და გერმანიაშიც გვყავს.
M: ანუ, თქვენი სიტყვებით რომ ვთქვათ, რა პრობლემას უჭრით ბაზარზე სხვადასხვა ბიზნესს?
ბაზარზე ჩვენს მიზნობრივ სეგმენტს, ფაქტობრივად, ბიზნესის მართვაში არსებულ ყველა პრობლემას ვუგვარებთ – დაწყებული მომხმარებლის ზარიდან, გაგრძელებული მისი ვიზიტითა და დასრულებული მთლიანი ისტორია/სტატისტიკით, აბსოლუტურად, ყველაფერს ვაციფრულებთ, რაც მართვას ამარტივებს, ბევრ პრობლემას აგვარებს და თითოეული ბიზნესისთვის უამრავ დროს ზოგავს. აღარაფერს ვამბობ იმ თანხების შემცირებაზე, რომელსაც ანალიზის საშუალება იძლევა.
M: როგორც ვხვდები, ყველაზე მძიმე მდგომარეობაში მოახერხეთ WebApp-ის განვითარებაზე ზრუნვის დაწყება… როგორ განსაზღვრა პანდემიამ თქვენი როლი საწყის ეტაპზე?
Ჩვენი მიმდინარე გამოწვევა, პირველ რიგში, ის შოკური მდგომარეობაა, რომელიც მთელს საქართველოშია. მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის დროს, 1 დღეც არ გავჩერებულვართ, ჩვენი წინსვლა არაფერს ნიშნავს და ამ პრობლემას მასშტაბურად ვუყურებთ. გვჯერა, რომ მხოლოდ ჩვენი კარგად ყოფნით არაფერი გვარდება, ამიტომ მაქსიმალურად შეღავათიანი პირობები გვაქვს როგორც ბიზნესის, ასევე software დამკვეთებისადმი, რათა ჩვენ ყველამ ერთად გადავლახოთ ეს მდგომარეობა და უკეთეს მომავალში, მეტად მასშტაბური საქმეები ვაკეთოთ!
M: და რაც შეეხება ბრენდინგს? თქვენი მისიის გათვალისწინებით, როგორ გამოხატეთ კომპანიის ფილოსოფია ერთი ვიზუალური სიმბოლოთი?
„ვებაპის“ სახელი გამოხატავს ვებაპლიკაციებს, ანუ 21-ე საუკუნის პროგრამულ უზრუნველყოფებს, რომელსაც არ სჭირდება ინსტალაცია და ვებში იმართება. ეს, ცალსახად, აუმჯობესებს დინამიკას, ინფორმაციის უსაფრთხოდ შენახვისა და სწრაფი მართვის საშუალებას იძლევა.
რაც შეეხება მისიას – ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციებისთვის ყოველდღიურობის გაციფრულება, გამარტივება და შედეგიანობის ზრდაა, ხოლო ხედვა რაც შეიძლება მეტი ბიზნესისთვის იმ სარგებლის შექმნა და მიტანაა, რომელსაც პროგრამული უზრუნველყოფა ჰქვია.
ჩვენს ვიზუალზე უნიჭიერესმა ახალგაზრდა გრაფიკულმა დიზაინერმა და კრეატიულმა არტისტმა, გიორგი ბრეგვაძემ იზრუნა. ლოგო, ერთი შეხედვით მარტივია, W არის გამოხატული, თუმცა თუ კარგად დააკვირდებით, დაინახავთ, რომ პატარ-პატარა მომრგვალებული ფიგურებით სრულყოფილებას გამოხატავს. შუაში გავლებული თეთრი ზოლი კი, რომელიც შესაძლოა, პირველივე შეხედვისას არ იყოს აღქმადი და რომელსაც მხოლოდ შემადგენელი ფიგურების ნაწილები კვეთენ, იმ მკაფიო, ერთიან მიზანს გამოხატავს, რომელიც სწორხაზოვნად გვაქვს განსაზღვრული.
პარალელურად, ის აერთიანებს მთლიანად ლოგოს და ამავდროულად, სინთეზურად გამოყოფს თითოეულ ფიგურას ერთმანეთისგან. ჩასხმული ფერები კი ჩვენი კომპანიის მრავალპროფილურობას უსვამს ხაზს, რადგან „ვებაპის“ შიგნით ჩაშლილია BeautyApp და DentalApp და 2021 წლის განმავლობაში სხვა პროგრამული უზრუნველყოფებიც დაგვემატება.
M: იდეალურ შემთხვევაში, როგორ ხედავთ WebApp-ის მომავალს?
დღესდღეობით, ჩვენ უკვე მთელს საქართველოში ვართ. კუთხეს ვერ ნახავთ, სადაც „ვებაპი“ არაა შესული – დაწყებული დუშეთიდან, რაჭით დამთავრებული, ცენტრალურ ქალაქებზე რომ აღარაფერი ვთქვათ. შესაბამისად, მიზანი ბაზრის წილის სწრაფი ზრდა და ხარისხიანი სერვისის შენარჩუნებაა.
იდეალური შემთხვევაც ჩვენი მიზანია, რისთვისაც საქართველოს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების საგრანტო კონკურსში 303 კანდიდატიდან 40-ში მოვხვდით, საბოლოოდ კი, 100.000 ლარიანი გრანტიც მივიღეთ. ჩვენი მომავალი ქართული ბაზრის მაქსიმალური დაკმაყოფილება და საზღვარგარეთ ოპერირების დაწყებაა, რომელიც ჩვენი მიმდინარე წლის ერთ-ერთი გეგმაა. ვიმედოვნებთ, რომ იქაც არანაკლები წარმატებით წარვადგენთ ჩვენი უდიდესი შრომის ნაყოფს, ჩვენს შექმნილ პროგრამულ უზრუნველყოფებსა და კერძო მომსახურებას. Მიზანში აზერბაიჯანი, უზბეკეთი და სომხეთია, ამ ეტაპზე კი, პოტენციურ პარტნიორებთან მოლაპარაკების პროცესში ვართ.
ავტორი: თიკა გეგენავა