ჩვენი ხედვა ფართოვდება და სამყაროს საიდუმლოებების ამოხსნაც შესაძლებელი ხდება. ამას ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპიც მოწმობს, რომელიც კოსმოსში ჯერ კიდევ დეკემბერში გაუშვეს. იგი ჩვენგან დაახლოებით 1.5 მილიონი კილომეტრის დაშორებით მდებარეობს და როგორც ამბობენ, სამეცნიერო მიზნების მიღწევაში დაგვეხმარება… მან უკვე ვარსკვლავი საკუთარი ოპტიკის ცენტრში დააფიქსირა.
„ჩვენ გავასწორეთ და მივმართეთ ტელესკოპი ვარსკვლავისკენ და აღფრთოვანებული ვართ მისი შესაძლებლობებით. ახლა ვიცით, რომ ზუსტად ის ტელესკოპი შევქმენით, რაც მეცნიერებისთვის აუცილებლად გამოგვადგება“, — ამბობს რიტვა კესკი-კუჰა, ნასას ოპტიკური ტელესკოპის მენეჯერის მოადგილე.
ტელესკოპის მიერ გადაღებული ახალი სურათის ცენტრში ვარსკვლავი — 2MASS J17554042+6551277 არის აღბეჭდილი. იგი კვლევისთვის ახალი სამიზნეც ხდება. შესაბამისად, ახლა ყურადღებას დიდი დათვის თანავარსკვლავედზე ამახვილებენ, რომელიც დედამიწიდან, დაახლოებით, 241 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს. მართალია, სურათზე ცენტრალური ვარსკვლავის მიღმა სხვა ვარსკვლავებიც ჩანს, თუმცა ამ ეტაპზე კვლევის საგანს არ წარმოადგენს…
„20 წელზე მეტი ხნის წინ Webb-ის გუნდმა ყველაზე მძლავრ ტელესკოპზე დაიწყო მუშაობა. ისეთზე, როგორიც კოსმოსში აქამდე არ გაუშვიათ, გაბედული დიზაინით კი სამეცნიერო მიზნების დაკმაყოფილებაც შეძლო“, — ამბობს თომას ზურბუხენი, NASA-ს მეცნიერი.