22
Jul
2019

ქართული, უნივერსალური დამტენი ელექტრომობილებისთვის, ერთდროულად, ორი მანქანის დამუხტვის ფუნქციით

22 Jul 2019

Alta
Alta


ქართულმა კომპანია „ვებერ ტექნოლოჯისმა“ W3 ტიპის ელექტრომობილების დამტენი გამოუშვა, რომლის საერთო სიმძლავრე 44 KW-ია. მას ერთდროულად ორი ავტომობილის დამუხტვა შეუძლია (თითოეულის 22 KW-ით), რადგან აქვს ორი შესაერთებელი (სოკეტი). კომპანიის განცხადებით, დამტენი უნივერსალურია და მისი საშუალებით, ბაზარზე არსებული ნებისმიერი ელექტრომობილის დამუხტვაა შესაძლებელი.

ჩვენი მიზანია, ერთი მხრივ, ხელი შევუწყოთ ელექტრომობილების მფლობელებს და მეორე მხრივ, მეტ ადამიანში გავაღვივოთ ელექტრომობილის შეძენის მოტივაცია. გვინდა შიგაწვის ძრავიანი მანქანების მფლობელებს ვუბიძგოთ  ელექტრომობილებზე გადმოსვლაში და ამ მიზნის მიღწევას სხვადასხვა ტიპის დამტენების წარმოებით ვცდილობთ. ჩვენი კომპანია, ერთგვარად, ამსხვრევს იმ სტერეოტიპსაც, რომ საქართველოში შეუძლებელია ხარისხიანი ტექნოლოგიური პროდუქტის წარმოება. ჩვენი გუნდი მუდმივად ზრუნავს და მუშაობს დამტენების როგორც დიზაინის, ასევე ფუნქციების დახვეწასა და განვითარებაზე“, – გვიყვება ალექსანდრე კალანდაძე, „ვებერ ტექნოლოჯის“ თანადამფუძნებელი.

M: რაც შეეხება უშუალოდ, ახალ მოდელს. რამდენად იყენებენ მსგავს ტექნოლოგიას მსოფლიოს მაშტაბით და როგორ შექმენით ის?
მსგავსი მოდელები ფართოდ აპრობირებული და გამოყენებადია ევროპის ქვეყნებში, რადგან არ არის აუცილებელი თითოეულ პარკირების ადგილზე ეყენოს ცალკე დამტენი მოწყობილობა. ამ დამტენს აქვს ორი შესაერთებელი, მარჯვნიდან და მარცხნიდან და განკუთვნილია ორი პარკინგის ადგილის შუაში განსათავსებლად, რათა მის მარცხნივ და მარჯვნივ მდებარე ელექტრომობილების მძღოლებმა შეძლონ დამუხტვა, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად. დამტენს აქვს უნივერსალური შესაერთებლები (სოკეტები), რაც იმას ნიშნავს, რომ შეუძლია დატენოს როგორც ელექტრომობილები, რომლებიც იმუხტებიან ერთი ფაზით, ასევე ისინი, რომლებსაც შეუძლიათ სამი ფაზით დამუხტვა. რეალურად ბაზარზე არსებული ნებისმიერი მოდელის ელექტრომობილის დატენვა შეუძლიათ ამ დამტენებს. რაც შეეხება დიზაინს, დიზაინი და მექანიკური მოდელი შექმნილია ჩვენი ინჟინრების მიერ. დამტენებს აქვთ დისტანციურად, სერვერიდან მართვისა და მათი მუდმივი მონიტორინგის შესაძლებლობა.

M: გარდა დამტენი მოწყობილობების წარმოებისა, თუ უზრუნველყოფს „ვებერ ტექნოლოჯისი“ სპეციფიკურ სერვისს, რომლის გაწევაც დამმუხტველის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ შეიძლება გახდეს საჭირო?
რა თქმა უნდა, ელექტრომობილების დამტენების წარმოების გარდა, ჩვენი კომპანია კლიენტებს სთავაზობს დამტენების სრულ სერვისს. თითოეულ ჩვენს დამტენს მოყვება 1 წლიანი გარანტია და 1 წლის გასვლის შემდეგ, ფიზიკურ პირებსა თუ კომპანიებს ვთავაზობთ დამტენის სრულ სერვისს – რაც გულისხმობს დამტენის რემონტს, ნებისმიერი ცვეთადი ნაწილის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში.

M: თუ თანამშრომლობთ სხვადასხვა კომპანიასა თუ სახელმწიფო სტრუქტურებთან? ანუ, სად და როდიდან შეგვეძლება ვისარგებლოთ ელექტრომობილების ქართული დამტენით?
W3 მოდელების შექმნისთანავე სხვადასხვა კომპანიები აქტიურად დაინტერესდნენ მისით. გვაქვს შეკვეთები კომპანიებისგან, რომლებსაც უნდათ თავიანთი საპარკინგე ტერიტორია გახადონ „ელექტრომობილებთან თავსებადი“. ამ მოდელის დამტენები უკვე დავაყენეთ რამოდენიმე კომპანიაში. მაგალითად: კომპანია „ბედეგში“ უკვე აყენია ჩვენი W3 ტიპის ორი დამტენი, რომლებითაც აქტიურად სარგებლობენ როგორც „ბედეგის“ თანამშრომლები, ასევე სტუმრები.

განხილვა